ტატა შოშიაშვილი
09.06.2019

 სომეხმა მესაზღვრეებმა „კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის" („ო-დე-კა-ბე") ყოფილი გენერალური მდივანი და 2018 წელს სომხეთში საკონსტიტუციო წესრიგის დამხობის მცდელობაში ბრალდებული იური ხაჩაუროვი 8 ივნისს საქართველოში, მის მშობლიურ თეთრწყაროში, პირადი საქმების მოსაგვარებლად არ გაუშვეს და უკან დაბრუნება აიძულეს.

ხაჩატუროვის ადვოკატის, მიგრან პოგოსიანის თქმით, მესაზღვრეების მოქმედება უკანონო იყო, რადგან ხაჩატუროვის გამგზავრებამდე სასამართლოდან სპეციალური თანხმობა მიღეს მოსამართლე დავით გრიგორიანისგან, რომლის თანახმადაც ხაჩატუროვს 6 ივნისს ქვეყნის დატოვების უფლება ჰქონდა. იური ხაჩატუროვს სასამართლოდან მიღებული დოკუმენტის ასლი თან ჰქონდა და მესაზღვრეებს წარუდგინა, თუმცა მათ მაინც არ გაუშვეს ის სომხეთის ტერიტორიიდან:

„ჩვენ ვიცნობთ სომხეთის ეროვნული უშიშროების სამსახურის, პოლიციისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მუშაობის მეთოდებს, რომელსაც შეუძლია ნებისმიერ დროს გააუქმოს სამართლებრივი გადაწყვეტილება", - განაცხადა ადვოკატმა.

მისივე თქმით, პრობლემის შესახებ სომხეთის ომბუდსმენი დაუყოვნებლივ იყო ინფორმირებული:

„ამჟამად ადამიანის უფლებათა დამცველი ცდილობს იმის გარკვევას, თუ რამდენად კანონიერი იყო ქვეყნის დატოვების აკრძალვა. აშკარაა, რომ ოფიციალურ პირებმა, რომლებმაც ხაჩატუროვის გადაადგილების უფლება შეზღუდეს, გადააჭარბეს თავიანთ უფლებამოსილებას და აკრძალვის მოხსნის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, არ მიიღეს ზომები ამ გადაწყვეტილების განსახორციელებლად. ჩვენ თანმიმდევრულად ვიმოქმედებთ, რათა ყველა დამნაშავე დაისაჯოს. სომხეთში ღირსეული სამართლებრივი სისტემა უნდა შეიქმნას",- განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომელშიც სერჟ სარგსიანმა გაიმარჯვა, მისი მოწინააღმდეგის, ლევონ ტერ-პეტროსიანის მომხრეები ქუჩაში გამოვიდნენ და კენჭისყრის შედეგების გადახედვა მოითხოვეს. ქოჩარიანმა, რომელიც იმ მომენტში პრეზიდენტის უფლებამოსილებას ასრულებდა, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა შემოიღო და დემონსტრაციები დაშალა. ამ მოვლენებს მოჰყვა მსხვერპლი.

სომხეთის სპეციალურმა საგამოძიებო კომისიამ 2008 წლის პირველი მარტის ტრაგიკული მოვლენების გამოძიების ფარგლებში, რა დროსაც 8 მშვიდობიანი მოქალაქე და 2 პოლიციელი დაიღუპა, „ო-დე-კა-ბე"-ს გენერალურ მდივან იური ხაჩატუროვს ბრალი წაუყენა.

ხაჩატუროვი ამ პერიოდში ერევნის გარნიზონის ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებდა. 15 მარტს ის სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის თანამდებობაზე დანიშნა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×