ხმები იმის თაობაზე, რომ ბათუმის შემდეგ, ხმაურიანი დაჭერების სერია გაგრძელდებოდა და რამდენიმე გავლენიანი მაღალჩინოსანი გისოსებს მიღმა აღმოჩნდება, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2018 წლის ანგარიშის გახმაურების შემდეგ უფრო გაქტიურდა. ამას „რეზონანსთან“ საუბარში არც საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რევაზ არველაძე გამორიცხავს.
როგორც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ საკანონმდებლო ორგანოში გაგზავნილი დოკუმენტიდან ირკვევა, უწყებამ 25 ფინანსური და 53 შესაბამისი აუდიტი ჩაატარა. გამოვლენილი დარღვევების ჯამურმა მოცულობამ კი 66 მილიონი ლარი შეადგინა. მაკონტროლებელმა უწყებამ დოკუმენტი საგამოძიებო უწყებებსაც გაუგზავნა.
გვაქვს თუ არა საქმე სისტემურ დარღვევებთან, რაზედაც როგორც მაკონტროლებელი ორგანო, ისე ხელისუფლების ოპონენტები მიანიშნებენ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რევაზ არველაძე აცხადებს, რომ თუ გამოვლინდება სერიოზული დარღვევები, კანონის წინაშე პასუხს ყველა აგებს.
„ამ დოკუმენტს არ გავცნობივარ და როცა გავეცნობი, უფრო დეტალურად შემიძლია ვისაუბრო რასთან გვაქვს საქმე. ერთი რისი თქმაც შემიძლია, თუ რაიმე დარღევები გამოვლინდა, სერიოზულ დარღვევები და არა შეცდომები, ყველა კანონის წინაშე აგებს პასუხს, მითუმეტეს, რომ დოკუმენტი საკანონმდებლო ორგანოს გარდა გადაეცა საგამოძიებო უწყებებს და შესაბამისად, ამ დარღვევებთან დაკავშირებით გამოძიება ჩატარდება“, - განაცხადა „რეზონანსთან“ რევაზ არველაძემ.