აგარაში სასტიკი მკვლელობა მოხდა. მოკლულია შუახნის მამაკაცი და დაჭრილია ქალი. მკვლელობაში ბრალდებული დაჭრილი ქალის ქმარია. წინასწარი ინფორმაციით, მოტივად ეჭვიანობა სახელდება. 50 წლამდე მამაკაცმა მეზობელი, 41 წლის ირაკლი გელაშვილი მოკლა, მეუღლე კი დაჭრა.
მამაკაცი სამართალდამცველებმა ცხელ კვალზევე დააკავეს. როგორც ადგილობრივები „რეზონანსთან“ ყვებიან, ეჭვმიტანილს გაქცევა არც უცდია და სისიხლიანი დანით ხელში პოლიციას ეზოში დახვდა.
ქალი ამ დროისთვის კლინიკა „გორმედში“ რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. როგორც „რეზონანსს“ საავადმყოფოს ადმინისტრაციაში განუცხადეს, ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება და მედიკოსების მუდმივი დაკვირვების ქვეშ არის. მას სხეულზე მრავლობითი ჭრილობები აქვს მიყენებული.
შემთხვევის ადგილზე მთელი დღის განმავლობაში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა. სამართალდამცველებს ბრალდებული მკვლელობის ადგილზე ჰყავდათ მიყვანილი. ისინი საგამოძიებო ექსპერიმენტს ატარებდნენ და მამაკაცმა დეტალურად მოყვა როგორ დაჭრა ცოლი და მეგობარი.
ადგილობრივები კი ამბობენ, რომ მამაკაცი სისხლიანი დანით ეზოში იდგა, მეზობლებს ეძახდა და ამბობდა, რომ ორი კაცი მოკლა და პოლიციაში დაერეკათ.
თვითმხილველების ინფორმაციით, 50 წლამდე მამაკაცი ირაკლი გელაშვილს თავს მაშინ დაესხა, როდესაც ის აფთიაქიდან გამოვიდა. ამის შემდეგ ის სახლში მივიდა და მეუღლე დაჭრა, რომელსაც 13 ჭრილობა მიაყენა. სახლში შესულ მეზობლებს ქალი ცოცხალი დახვდათ, ის გონზე იყო და დახმარებას ითხოვდა.
ინფორმაციას მომხდარის შესახებ არ ფლობს დაჭრილი ქალის დედა და ახლობლები. მათ მხოლოდ ის იციან, რომ მისი შვილი მძიმე მდგომარეობაშია. დაჭრილის დედის თქმით, მის შვილს მეუღესთან კონფლიქტი არ ჰქონია. მისთვს გაუგებარია რა უნდა გამხდარიყო ამ სასტიკი დანაშაულის მიზეზი.
გამოძიება განზრახ მკვლელობის, ასევე, ორი ან მეტი პირის და ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით, 11 პრიმა 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
დაკავებული მამაკაცის დედა ლიანა მემაცაშვილი „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ მის შვილს ცოლთა კონფლიქტი არასდროს ჰქონია და საკმაოდ კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. ბრალდებულის დედის ინფორმაციით, მან იცის, რომ რძალს ჭრილობა ყელში აქვს მიყენებული, დანარჩენ ინფორმაციას არ ფლობს. მემაცაშვილი აცახდებს, რომ გარდაცვლილ მამაკაცს ის არ იცნობს და მათ ოჯახში არასდროს უნახავს.
„არ ვიცი, შვილო, რეალურად რა მოხდა. პოლიციამ არც რძალთან და არც შვილთან ახლოს არ მიმიშვა. ერთი ის მითხრეს, რომ რძალს ყელში აქვს ჭრილობა.
„წარმოდგენა არ მაქვს რა უნდა მომხდარიყო. მათი კონფლიქტი არასდროს გამიგონია. არც ცემა დამინახავს. რა ეჭვიანობა... გადასარევი ცოლ-ქმრული ურთიერთობა ჰქონდათ. წარმოდგენა არ მაქვს ეს გარდაცვლილი ვინ არის. მითხრეს ადრე ერთად მუშაობდნენო. მე თვალით არასდროს მინახავს. რა საერთო უნდა ჰქონოდა ან ჩემს შვილთან, ან რძალთან, არ ვიცი.
„ჩემს შვილს ვერ დაველაპარაკე ახლოს არვინ მიმიშვა. მითხრეს, რომ თავად ჩაბარებია. ეს რა უბედურება დაგვატყდა, ჯერ აზრზე ვერ მოვდივარ“, - აცახდებს ლიანა მემაცაშვილი „რეზონანსთან“.
დაკავებულის დედა ადასტურებს ინფორმაციას, რომ მის შვილს გარკვეული სახის ფსიქიკური პრობლემები აქვს. მისი თქმით, არ არის გამორიცხული, რომ მან დანაშაული გარკვეული ნერვიული აშლილობის ფონზე ჩაიდინა.
მოკლული მამაკაცის ოჯახის წევრები კი ამბობენ, რომ ბრალდებულს და გარდაცვლილს წარსულში ნაცნობობა აკავშირებდათ და ისინი ერთ სამსახურში მუშაობდნენ. თუმცა მას შემდეგ მათ არანაირი კონტაქტი აღარ ჰქონიათ.
მოკლულის სიმამარი გივი ოსაძე ამბობს, რომ მის სიძეს სახე სრულიად დაჩეხილი აქვს და ამოცნობაც კი გაუჭირდათ. ოჯახი მკვლელობის ვერანაირ ვერსიაზე ვერ საუბრობს.