თამარ შუკვანი
10.06.2019

 „ბევრი შეიძლება არ იყოს ამ სიაში, ბევრი კი იყოს. ეს, პირველ რიგში, პარტიის თავმჯდომარის პრეროგატივაა,“ - ასე ეხმაურება „რეზონანსთან“ საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბიძინა გეგიძე მომავალ საპარლამენტო შემადგენლობაში ყოფნა-არყოფნის აუცილებლობის შესახებ მისი თანაგუნდელის, ნუკრი ქანთარიას მიერ გაკეთებულ განცხადებას.

ბიძინა გეგიძის განცხადებით, მთელი ეს პროცესი, რომელიც ასევე საპარლამენტო სიასაც გულისხმობს, საარჩევნო შტაბისა და პარტიის ერთობლივი მუშაობის შედეგად ყალიბდება.

„როგორც წავიკითხე, ნუკრის არ აქვს დიდი სურვილი და ვერ ხედავს მომავალ საპარლამენტო შემადგენლობაში მისი ყოფნის აუცილებლობას, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ „ქართული ოცნებას“ ტოვებს. იგი „ოცნების“ წევრი რჩება და ამისთვის აპრიორი ერთ-ერთი აუცილებელი პირობა არ არის მომავალ პარლამენტში იყოს.

„საარჩევნო შტაბი ყველა არჩევნების წინ აჯამებს, რამდენად წარმატებული იყო წინა არჩევნები და სხვა. პარტია შტაბთან ერთად მთელ საარჩევნო პროცესს გეგმავს, მათ შორის სიასაც,“ - განაცხადა ბიძინა გეგიძემ.

ცნობისათვის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ მომავალ საპარლამენტო შემადგენლობაში მისი ყოფნის აუცილებლობას ვერ ხედავს, ქანთარიას განცხადებით, პარლამენტში ახალი ხალხია საჭირო და სახელისუფლებო გუნდი მუდმივად საჭიროებს განახლებას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×