“პროპორციულ სისტემაზე გადასვლა მოგვცემს საშუალებას, რომ ხელისუფლებაში მოვიდეს არა ერთი რომელიმე ძალა, არამედ კოალიციური მთავრობა“
ელზა პაპოშვილი
13.06.2019

 მზადება 2020 წლის არჩევნებისთვის - რა შეიცვლება კოდექსში. ოპოზიციამ პარლამენტს მაჟორიტარული არჩევნების გაუქმების მოთხოვნით ოფიციალურად მიმართა. 20 ოპოზიციური პარტია, რომელიც ერთი კონკრეტული მოთხოვნით გაერთიანდა, საკანონმდებლო ორგანოში ხელმოწერებით მივიდა. ოპოზიციამ უკვე შეაგროვა 300 ათასზე მეტი ხელმოწერა, რომლითაც ქვეყნის მოსახლეობა მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას მოითხოვს.

ოპონენტების თქმით, ისინი აპირებენ, რომ ყველა კანონიერი გზა გამოიყენონ, რომ „ქართული ოცნება" საარჩევნო სისტემის ცვლილების გადაწყვეტილებამდე მიიყვანონ. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ხელისუფლებას აქვს ჯერ კიდევ დრო, გამოიჩინოს პოლიტიკურდი ნება და კონკრეტულ გარემოში არჩევნები ჩაატაროს.

ოპოზიციის წევრების თქმით, სამართლიანი საარჩევნო სისტემის დამკვიდრებისთვის აუცილებელია, რომ ქვეყანა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავიდეს. ხელმოწერების შეგროვება კვლავ გრძელდება. ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ მილიონამდე ხელმოწერის შეგროვებას აპირებენ.

თუმცა, კიდევ ერთი ოპოზიციური - "ლეიბორისტული პარტია" პარლამეტში საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე კომისიის შეხვედრაში მონაწილეობის მიღებაზე უარს აცხადებს. პარტიის ლიდერის განცხადებით, სამუშაო ჯგუფის შექმნით ხელისუფლება მხოლოდ დროს წელავს და ოპოზიციას სათავისოდ იყენებს.

შალვა ნათელაშვილის თქმით, "ქართული ოცნება" 2020 წლის არჩევნებში ისევ გაყალბებით გაიმარჯვებს, თუკი არ გაუქმდება მაჟორიტარული სისტემა და მუდმივმოქმედი ცენტრალური საარჩევნო კომისია.

„ევროპული საქართველოს" წევრი ლევან თარხნიშვილი კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ 2020 წელს უნდა ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები ჩვენს ქვეყანაში, თუ ჩვენ გვსურს, რომ შევინარჩუნოთ ჩვენი სტრატეგიული ევროატლანტიკური არჩევანი. მისი თქმით, ზუსტად ეს არის ჩვენი პარტნიორების მოლოდინი.

„ხელისუფლება კიდევ ერთხელ მიდის ხალხის, პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების და ჩვენი პარტნიორი ქვეყნის ნების წინააღმდეგ. მას უნდა, რომ ხელოვნურად შეინარჩუნოს ის სისტემა, რომელიც მათი აზრით, გაუადვილებს ხელისუფლებაში დარჩენას.

"ეს მაინც არ უშველის და 2020 წელს ასე თუ ისე ხელისუფლება მაინც შეიცვლება, უბრალოდ, პროპორციულ სისტემაზე გადასვლა მოგვცემს საშუალებას, რომ ეს გაკეთდეს უფრო დემოკრატიულად, უფრო მშვიდობიანად და ხელისუფლებაში მოვიდეს არა ერთი რომელიმე ძალა, არამედ კოალიციური მთავრობა," - განაცხადა „ევროპული საქართველოს" წევრმა, ლევან თარხნიშვილმა.

ოპოზიციის წევრებმა მაიკ პომპეოს ხისტი გზავნილებსაც იხსენებენ, როდესაც აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა საქართველოს მთავრობას სამართლიანი არჩევნების ჩატარება მოსთხოვა.

პარლამენტმა ახლა ხელმოწერების ნამდვილობა უნდა დაადგინოს. შემდეგ კი სხდომაზე საგანგებო კომისია შეიქმნება, რომელიც ანგარიშით საკანონმდებლო ორგანოს წინაშე წარდგება და სავარაუდოდ, ამის შემდეგ ცვლილებებისთვის განხილვები უნდა დაიწყოს.

„რეზონანსთან" ოპოზიციაში ამბობენ, რომ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით „ქართულ ოცნებას" არჩევნების გაყალბების ბერკეტი აქვს. ამიტომაც, ისინი იმედოვნებენ, რომ ეს ძალისხმევა კიდვ უფრო გაიზრდება და ხელისუფლებას ამ დათმობაზე დაითანხმებენ.

„20-ვე პარტია ვიმედოვნებთ, რომ ეს ძალისხმევა კიდევ უფრო გაიზრდება, კიდევ უფრო გაათკეცდება და ხელისუფლება დადგება იძულების წინაშე, რომ გაიზიაროს მან პოლიტიკური სპექტრის, სამოქალაქო საზოგადოების და საერთაშორისო საზოგადოების ნება, 2020 წელს სამართლიანი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით," - განაცხადა „ახალი მემარჯვენეების" თავმჯდომარემ, მამუკა კაციტაძემ.

საარჩევნო სისტემის რეფორმის სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა პარლამენტში, დემარშის გარეშე დასრულდა, თუმცა გააგრძელებს თუ არა ოპოზიცია საარჩევნო ცვლილებებზე მომუშავე ჯგუფში მონაწილეობას, პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.

მმართველი გუნდი არ აკონკრეტებს, აპირებს თუ არა ოპოზიციის, არასამთავრობო სექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების მოთხოვნის გათვალისწინებას და ძირეული რეფორმის გატარებას.

პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ სამუშაო ჯგუფის ფორმატში, ეუთოს და ოდირის რეკომენდაციებზე იმუშავებენ. მისი თქმით, რეკომენდაციები ძირითადად პოლიტიკური პარტიების დაფინანსებას, უფასო საეთერო დროს, დაფინანსების გამჭვირვალობას ეხება.

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ დამკვირვებლების 27 რეკომენდაცია დეტალურად განიხილება, თუმცა არ საუბრობს კონკრეტულად მაჟორიტარული სისტემის შესაძლო შეცვლაზე ან უცვლელად დატოვებაზე.

"არის უამრავი საკითხი, მათ შორის პარტიების დაფინანსებასთან, დაფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებული საკითხები, უფასო საეთერო დროის განაწილებასთან დაკავშირებული საკითხები, არის ე.წ. სიჩუმის დღის საკითხი, რადიუსი საარჩევნო უბნების გარშემო.

"არის 27 სხვადასხვა რეკომენდაცია, თითოეულ რეკომენდაციასთან დაკავშირებით გვექნება დეტალური მსჯელობა და ამის საფუძველზე უნდა ჩამოვაყალიბოთ ისეთი რეგულაციები, რომელიც წაადგება საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას,"-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×