„თუკი ერთ-ერთი არის დეპუტატი, ეს პარლამენტისთვის დიდი სირცხვლია. არ შეიძლება საკუთარ კოლეგაზე ჭორაობდეს და რაღაცას აქვეყნებდეს, ან რაღაცა ფორმით მონაწილეობას ღებულობდეს," - აცხადებს „რეზონანსთან" დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე დეპუტატ ეკა ბესელიას განცხადების შესახებ საუბრისას, რომლის თანახმადაც, მან პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმეში რამდენიმე ხმაურიანი გვარი იპოვა, რომელთაგან ერთ-ერთი პარლამენტის დეპუტატის გვარს ემთხვევა.
ჭიჭინაძის განცხადებით, თუკი აღნიშნული სიმართლე აღმოჩნდება, ამას პარლამენტის მხრიდანაც შესაბამისი რეაგირება უნდა მოყვეს.
„ეს მთელი პარლამენტისა და დეპუტაციის ყველაზე დიდი შეურაცხყოფა გახლავთ. თუ ერთ-ერთი პარლამენტის წევრია, ამას პარლამენტის მხრიდან საკმაოდ მკაცრი რეაგირება უნდა მოყვეს იმისათვის, რომ ეს სიბინძურე ჩამოვირეცხოთ.
„რადგანაც ქალბატონი ეკა ასე ამბობს, ე.ი. მას რაღაც გარკვეული ინფორმაცია გააჩნია. ასე იოლი არ არის, იგი ადვოკატია და ასე ზერელე განცხადებას არ გააკეთებდა. ჯობია დაველოდოთ, ვიდრე ვიმარჩიელოთ," - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.
ცნობისათვის, ეკა ბესელიას განცხადებით, მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ინტერნეტ სივრცეში გავრცელების საქმეში რამდენიმე ხმაურიანი გვარი იპოვა, რომელთაგან ერთ-ერთი პარლამენტის დეპუტატის გვარს ემთხვევა. ბესელიას თქმით, როდესაც მან კითხვა დასვა , იცავდა, თუ არა მას გვარის გამო იმუნიტეტი, შსს-ში უპასუხეს, რომ პროკურატურის გადაწყვეტილებას ელოდებოდნენ.
დამოუკიდებელი დეპუტატის განცხადებით, ის აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურასაც მიმართავს, თუმცა, საქმის ობიექტურად გამოძიების იმედი არ აქვს,რადგან კვალი იმ ადამიანებთან მიდის, რომლებიც თავშივე „სავარაუდო ეჭვმიტანილთა წრედ მოხაზა".