თამარ შუკვანი
14.06.2019

 ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი ცდილობს საქართველო-ჩეჩნეთის საზღვრის სიგრძე 100 კილომეტრამდე გაზარდოს და ამას მეზობელი კავკასიური რესპუბლიკების ტერიტორიების ხარჯზე აკეთებს. ეს ინგუშეთთან მას უკვე გამოუვიდა და ახლა დაღესტანთან აქვს ტერიტორიული დავა. ამის შესახებ „რეზონანსთან" საუბარში კავკასიოლოგი მამუკა არეშიძე აცხადებს.

არეშიძის თქმით, დაღესტნის ამ სადავო ნაწილის მიერთებისა და მას შემდეგ, რაც საქართველო-ჩეჩნეთის საზღვრის სიგრძე 100 კილომეტრს გადააჭარბებს, კადიროვს სასაზღვრო ინფრასტრუქტურისა და საქართველოსთან სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გახსნის უფლება მიეცემა.

„ტერიტორიული დავა არსებობს, მაგრამ ეს ტერიტორიული დავა პოლიტიკური გადაწყვეტილებით არის განპირობებული, რომელიც თავის დროზე კადიროვმა მიიღო. ეს ტერიტორიული დავა კავშირშია იმ დავასთან, რომელიც ჩეჩნებს ინგუშებთან ჰქონდათ.

„დაღესტნელები არ არიან ინგუშები. მიუხედავად იმისა, რომ ინგუშები ვაჟკაცი ხალხია, ცოტანი არიან და მოსკოვში „მაღალ ხმაზე" ლაპარაკი უჭირთ. ამას დამატებული კადიროვის ლობისტებმა მოსკოვში საკონსტიტუციო სასამართლოს დონეზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ამ დავაში ინგუშებსა და ჩეჩნებს შორის მართალი ჩეჩნური მხარე იყო. საბოლოოდ, ამას კანონის ფორმა მისცეს და შემდეგ ყველაფერი დამთავრდა. ახლაც მიმდინარეობს ინგუშეთში სხვადასხვა ფორმის საპროტესტო განწყობების დემონსტიტრირება, მაგრამ ამას მასობრივი ფორმა აღარ აქვს.

„რატომ ხდება ეს ყველაფერი? არსებობს ასეთი მყარი ვერსია, რომლის ოფიციალური დოკუმენტები ჯერჯერობით არ ჩანს, მაგრამ სხვადასხვა წყაროებიდან დასტურდება - დიდი ხანია კადიროვს უნდა აამუშაოს რუსეთის ფედერალური კანონის მუხლი, რომელიც გულისხმობს შემდეგს; თუ რუსეთის რომელიმე რეგიონს სხვა ქვეყანასთან საზღვრის სიგრძე დაახლოებით 100 კილომეტრი აქვს, ამ კანონის მიხედვით, მას შეუძლია მოსკოვს მოთხოვის საზღვარზე ინფრასტრუქტურის მოწყობა - საბაჟოსა და სასაზღვრო პუნქტის გახსნა.

„კადიროვს რამდენი წელია ამის გაკეთება საქართველოსთან უნდა; 100-კილომეტრიანი მონაკვეთი საქართველოსთან არ აქვს. მაგრამ, თუ იმ ტერიტორიებს მიიერთებს... ინგუშეთიდან უკვე მიიერთა, ახლა თუ დაღესტნიდანაც მიიერთებს, ეს 100 კილომეტრზე მეტი გამოუვა. აქედან გამომდინარე, მოსკოვს მოთხოვს, რომ ითუმყალის რაიონში, ანუ შატილის მიმდებარე ტერიტორიაზე, გახსნას საბაჟო გამშვები პუნქტი და სასაზღვრო პუნქტი. ამიტომაც ჭიდაობს ამ ტერიტორიებზე," - აღნიშნა არეშიძემ.

მისი განცხადებით, ასევე კადიროვის ინტერესშია საქართველოს საზღვარზე მდებარე დაღესტნური სოფლის მისაკუთრება, რომელზეც დაღესტნის კახეთთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზა გადის.

„ინგუშეთს ხომ წაართვა საქართველოს მიმდებარე ტერიტორიის მცირე ნაწილი, ახლა ცდილობს დაღესტანსთანაც იგივე გააკეთოს. მთავარი აქ ქალაქი ყიზლარი არ არის, მთავარი არის საზღვრის სულ სხვა ადგილი - იგულისხმება სოფელ ბეშთას მიმდებარე ტერიტორია. ბეშთა არის სასაზღვრო სოფელი, რომელიც პირდაპირი გზით ყვარლის რაიონს, სოფელ ახალსოფელს უკავშირდება.

„ახალსოფლიდან სოფელ ბეშთამდე გზა 40-კილომეტრიანია. ეს გზა საბჭოთა პერიოდში მუშაობდა და შემდეგ ჩამოინგრა. უმოქმედო გზა არის, მაგრამ ამ გზის ამუშავებაც შეიძლება. ეს არის ის გზა, რომლის არსებობის გამოც დაიწყო ლაპარაკი კახეთის გზის მშენებლობაზე. კადიროვს ორივე გზის მონაკვეთის ხელში ჩაგდება უნდა, რისიც აბსოლუტურად სრული კანონიერი უფლება ექნება მას," - განაცხადა მამუკა არეშიძემ.

ცნობისათვის, 4 დღის წინ დაღესტნის სოფელ ყიზლარის გასასვლელთან საავტომობილო გზაზე გაჩნდა ნიშანი წარწერით „ჩეჩნეთის რესპუბლიკა, შელკოვის რაიონი". ეს ნიშანი დაღესტნელებმა მეორე დღესვე გაანადგურეს, მაგრამ ჩეჩნებმა აღადგინოს. გუშინ აღდგენილი ნიშანს ერთ-ერთი დაღესტნელი მოქალაქე მიზანმიმართულად დაეჯახა თავისი „კამაზით".

სოციალურ ქსელებში დაღესტნელებსა და ჩეჩნებს შორის ამ თემაზე დაძაბული პოლემიკა მიდის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×