„აბსოლუტურად ყველას აქვს თავის გამოხატვის, თავისუფალი განვითარების საშუალება. ძალადობა მიუღებელია, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ ძალადაობა თავიდან ავიცილოთ... ჩემი პირადი აზრი ისიცაა, რომ არ მგონია, მასობრივი მარშები ხელს უწყობდეს და ლგბტ თემის უფლებების საუკეთესო დაცვის საუკეთესო ფორმა იყოს. პირდაპირ ვიტყვი ასევე ამას - ეს ჩემი პირადი აზრია და არა როგორც ხელისუფლების წარმომადგენლის," - აცხადებს „რეზონანსთან" საუბრისას „ქართული ოცნების" დეპუტატი აკაკი ზოიძე.
„რეზონანსი": საპატრიარქო განცხადება გაავრცელა, სადაც ლგბტ თემის მიერ დაანონსებულ კვირეულთან დაკავშირებით ნათქვამია, რომ ხელისუფლებამ გეი-პარადის ჩატარება არ უნდა დაუშვას, რადგან გამოიწვევს შფოთს. ამასთან, მან საელჩოებსაც მიმართა, რომ ქართველი ხალხისათვის ამ მეტად მგრძნობიარე საკითხისადმი სიფრთხილე გამოიჩინონ და ნუ წაახალისებენ მსგავს აქტივობებს. თქვენ ეთანხმებით და იზიარებთ საპატრიარქოს პოზიციას, რომ კონსტიტუციით გარანტირებული შეკრების თავისუფლება უნდა შეიზღუდოს?
აკაკი ზოიძე: ამ ქვეყანაში ყველას აქვს თავისი პოზიციის დაფიქსირების უფლება და გამოხატვის თავისუფლება. ძალადობა მიუღებელია ნებისმიერი პირის თუ ჯგუფის მიმართ, ეს არის ჩემი პოზიცია ამასთან დაკავშირებით.
„რ": გეკითხებით, ეთანხმებით თუ არა საპატრიარქოს პოზიციას?
ა.ზ.: მათ შორის, საპატრიარქოსაც აქვს გამოხატვის თავისუფლება, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა ჯგუფს ამ ქვეყანაში და ძალიან პატივს ვცემ საპატრიარქოს აზრს ზოგადად, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაზე შემიძლია მხოლოდ ეს კომენტარი გავაკეთო - აბსოლუტურად ყველას აქვს თავის გამოხატვის, თავისუფალი განვითარების საშუალება, ძალადობა მიუღებელია, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ ძალადაობა თავიდან ავიცილოთ და კიდევ, ზოგადად კონსტიტუციით არის გარანტირებული ყველა ეს თავისუფლება ჩვენს ქვეყანაში.
„რ": ანუ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ იზიარებთ?
ა.ზ.: მე ვარ ხელისუფლების წარმომადგენელი... თავისი აზრების გამოხატვის უფლება აქვს ადამიანებს, ვინც არ წარმოადგენს ხელისუფლებას. მე წარმოვადგენ საქართველოს ხელისუფლებას და პარლამენტს და ჩემი პოზიცია გითხარით.
„რ": სწორედ იმიტომ მაინტერესებს თქვენი პოზიცია, რომ ხელისუფლების წარმომადგენელი ხართ...
ა.ზ.: ჩემი პოზიცია გითხარით, ჩვენ ვიცავთ კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს ამ ქვეყანაში. ამ განცხადებაზე სხვა კომენტარი რა უნდა იყოს?! მე მაინტერესებს თქვენი აზრი რა არის, რა კომენტარი უნდა იყოს.
„რ": სამართლებრივად ეს შეიძლება აღქმული იყოს, როგორც საპატრიარქოს მხრიდან კონსტიტუციით გარანტირებული უფლების შეზღუდვისკენ მოწოდება. თქვენც ასე აღიქვით?
ა.ზ.: რა მნიშვნელობა აქვს, მე როგორ აღვიქვი?! მე ჩემი პოზიცია გითხარით. ჩემი პირადი აზრი ისიცაა, რომ არ მგონია, მასობრივი მარშები ხელს უწყობდეს და ლგბტ თემის უფლებების საუკეთესო დაცვის საუკეთესო ფორმა იყოს. პირდაპირ ვიტყვი ასევე ამას - ეს ჩემი პირადი აზრია და არა როგორც ხელისუფლების წარმომადგენლის.
„რ": ვიცით, რომ ლგბტ თემი მოწყვლადია ჯგუფია და მათ მიმართ გარკვეულ ადამიანებში სიძულვილიც არსებობს და ამ დროს...
ა.ზ.: რა თქმა უნდა. ეს ჩემთვის მიუღებელია და მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ ტოლერანტული ვიყოთ. ყველა ადამიანს აქვს თავისი თავის განვითარების უფლება. ამას ჰქვია თავისუფლება - თავის თავზე უფლება. ამ ადამიანებს, ყველას აქვს თავის თავზე უფლება, როგორც უნდა ისე მოიქცნენ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ პროპაგანდა გააკეთონ, ან ვინმეზე იძალადონ, ან ერთმა, ან - მეორე მხარემ. ეს მიუღებელია, ვისგანაც არ უნდა იყოს...
„რ": სწორედ იმის გამო, რომ ძალადობა მიუღებელია, საპატრიარქოს განცხადება უწყობს თუ არა ხელს ამ თემის დევნის და ძალადობის უფრო გააქტიურებას?
ა.ზ.: მე ეგეთი შთაბეჭდილება არ დამრჩა.. ეს ინტერპრეტაციის თემაა და მე რატომ მეკითხებით მის შეფასებას?! ჩემი მხრიდან ხელისუფლების პოზიცია დაგიფიქსირეთ და დაგიფიქსირეთ ჩემი პირადი პოზიციაც. მეტი სხვა რა უნდა დავაფიქსირო?!