თამარ შუკვანი
14.06.2019

 „გააჩნია კანონპროექტი როგორ სახეს მიიღებს და რამდენად იქნება გამართული. ეს ყველაფერი იურიდიულ და საერთაშორისო დონესთან თანხვედრაში უნდა იყოს," - ასე აფასებს „რეზონანსთან" უმრავლესობის წევრი ბიძინა გეგიძე ახალ კანონპროექტს, რომლის თანახმადაც საქართველოში იმ ქვეყნების დროშის აღმართვა-გამოფენაზე, რომელთანაც ქვეყანას კონფლიქტი ან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტილი აქვს, შესაძლოა გარკვეული შეზღუდვები დაწესდეს.

ბიძინა გეგიძის განცხადებით, აუცილებელია ამ კანონპროექტმა მაღალი ხარისხი და სტანდარტები დააკმაყოფილოს.

„იდეა გასაგებია, მაგრამ ამ ინიციატივამ კანონის სახე უნდა მიიღოს. ეს მაღალი ხარისხისა და სტანდარტების უნდა იყოს," - განაცხადა ბიძინა გეგიძემ.

ჰერალდიკის საბჭოს ცნობით, საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო შეიმუშავებს საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის დროშების აღმართვისა და გამოფენის წესს.

„ეს მომავალში გამორიცხავს გაუგებრობებს, დაკავშირებულს უცხო ქვეყნის დროშების, მათ შორის იმ სახელმწიფოს დროშის აღმართვა-გამოფენასთან, რომელსაც საქართველოსთან აქვს გაწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობები ან კონფლიქტი", - აღნიშნავენ ჰერალდიკის საბჭოში.

საქართველოს რპოვინციები - აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ამჟამად რუსეთის მიერაა ოკუპირებული. გარდა ამისა, ეს ტერიტორიები აღიარეს ვენესუელამ, ნიკარაგუამ, სირიამ და ნაურუმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×