ელზა პაპოშვილი
14.06.2019

15 ივნისს „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ დავით გარეჯის პრობლემასთან დაკავშირებით დაგეგმილმა აქციამ შესაძლოს საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობებზე უარყოფითად იმოქმედოს და გარეჯის პრობლემაც მოგვარების ნაცვლად კიდევ უფრო გამწვავდეს. ამის შესახებ „რეზონანსთან“ ანალიტიკოსები საუბრობენ, რომელთაც აზრითაც რუსეთი დაინტერესებულია, რომ საქართველოს თავის მეზობლებთან ურთიერთობა დაეძაბოს. 

„პატრიოტთა ალიანსი“ იმედოვნებს, რომ შაბათს თავისუფლების მოედანს შეავსებს. პარტიის ლიდერების აზრით, გარეჯთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარება მხოლოდ ერთიანობით და ბრძოლით იქნება შესაძლებელი. ისინი აცხადებენ, რომ აქციები არ შეწყდება მან, ვიდრე ხელისუფლება ხალხის ხმას არ გაიგებს. 

„ამას აქვს ერთადერთი მთავარი მიზანი, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ დაინახოს და გააცნობიეროს, რომ ქართველი ხალხი არ აპირებს დავით გარეჯის დათმობას“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში. 

იგი პარალელურად ასევე მოითხოვს, რომ გამოძიებულ იქნას წინა ხელისუფლების დროს მოქმედი სადელიმიტაციო კომისიის საქმიანობა. ინაშვილი ამბობს, რომ არსებობს ძალიან კონკრეტული ინფორმაცია, სადაც  ქართულმა მხარემ 2007 წელს აზერბაიჯანულ მხარეს წარმოუდგინა საქართველოსთვის საზიანო მასალები. პარტიის ლიდერი ფიქრობს, რომ მას აქვს საფუძლვიანი ეჭვი, რათა განვაცხადოს, რომ საზღვრის შეთანხმებული მონაკვეთი 70%, საქართველოს საზიანოდ არის გადაწყვეტილი. 

„რეზონანსი“ პარტიის ამ საკითხზე და დაანონსებულ აქციაზე დამატებითი ინფორმაციის მიღებას „პატრიოტთა“ ლიდერებთან შეეცადა, თუმცა მათ ჩვენს ზარებს არ უპასუხეს. 

ანალიტიკოსები და პოლიტიკოსები „რეზონანსთან“ ამბობენ, რომ მსგავსი განცხადებები და აქციები   გარეჯის თემას კიდევ უფრო გაამწვავებს და რუსეთის ინტერესებზე დაასხამს წყალს. ისინი „პატრიოტთა ალიანსის“ აქციაზე გარკვეული სახის პროვოკაციებს არ გამორიცხავენ და ხელისუფლებას მეტი ყუარდღებისკენ მოუწოდებენ. 

მათ მაგალითად  13 ივნისს გავრცელდა ინფორმაცია, მოჰყავთ,  რომ დავით გარეჯში აზერბაიჯანულმა მხარემ კვლავ გადაკეტა უდაბნოს მონასტრისკენ მიმავალი გზა. ხოლო ამ ცნობას დროში დაემთხვა სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე სახალხო დღესასწაულისა (გარეჯობა) და რელიგიური დღესასწაულის (მამადავითობა) ერთობლივად ჩატარების ფაქტი, რაც საგარეჯოს მერიის ინიციატივა იყო. „დავით გარეჯი საქართველოა!“ - ასეთი სლოგანითა და სულისკვეთებით ჩაიარა დოღმა ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში.

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ მსგავსი აქციები, რა თქმა უნდა, ხელისუფლებას მუდმივად ტონუსში ამყოფებს და მის გამოფხიზლებას ემსახურება, თუმცა გააჩნია ამ აქციებს ვინ და რა მოტივით აწყობს. მისივე თქმით, არ არის გამორიცხული 15 ივნისს დაგეგმილ აქციაზე გარკვეული პროვოკაციები მოხდეს და ანტიაზარებაიჯანული განცხადებებით ორი ქვეყნის ურთიერთობა კიდევ უფრო გამწვავდეს. ეს კი კავკასიაში რუსეთის ინტერესებს და მის გეგმებს ემსახურება. 

„1921-1922 წლებში რუსეთმა საქართველო აიძულა, რომ აზერბიჯანისთვის დაეთმო ისტორიული ჰერეთი - ე.წ. საინგილო. გარდა ამისა, საქარველომ აზერბაიჯანს გარეჭყარიას მონაკვეთი გადასცა. ეს ტერიტორიაც საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკის შემადგენლობაში იყო. ჩიჩხიტურის მონასტერი და მიმდებარე ტერიტორიაც სწორედ ამიტომ გახდა სადაო. 

„პატრიოტთა ალიანსს“ უნდა შევახსენოთ, რომ საქართველომ ეს ტერიტორრიები მას შემდეგ დაკარგა, რაც საბჭოთა რუსეთს შეუერთდა. ამ ყველაფრის წყარო ისევ რუსეთია და ისრების გადმოტანა სხვა „მტერზე“ ჩვენ ქვეყნის ზიანის მეტს არაფერს მოიტანს. 

„პატრიოტთა ალიანსის“ მიზანია, რომ ქართველ საზოგადოებას აჩვენოს - კი, ბატონო, რუსეთი თუ ოკუპანტია, აზერბაიჯანიც ოკუპანტია. აჩვენოს, რომ რუსეთი მთლად ბოროტი ძალა არ არის და სამეზობლოშიც გვყავს ქვეყნები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ოკუპაციას ახდენენ. 

„რა თქმა უნდა, ამ აქციაზე პროვოკაციებს ველი. არ გამოვრიცხავ, რომ ანტიაზერბაიჯანული განცხადებები გაკეთდეს. ვფიქრობ, რომ ამ აქციაზე ბევრი ადამიანი მივა. ჩვენს ქვეყანაში ბევრი რუსეთუმე ცხოვრობს“, - აცახდებს ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან“.

მისივე თქმით, ამ აქციაზე საქართველოს პარლამენტის დეპუტატების მიერ გაკეთებული განცხადებებს აზერბაიჯანის მხარე ხელისუფლების განცხადებებად თვლის. ჩიტაძის აზრით, ეს დეპუტატები ხალხის არჩეულები არიან და მათი ყველა ნათქვამი პოლიტიკურ პროცესზე გავლენას ახდენს. მისივე თქმით, თუ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთოებბი დაიძაბება, რუსეთი ამით ყოველმხრივ ხელს მოითბობს. 

ანალიტიკოსი ამბობს, რომ პირველ რიგში საფრთხე რეგიონალურ პროექტებს შეექმნება, მაგალითად, ეს ყველაზე მეტად ბაქო-თბილის-ყარსის რკინიგზის პროექტს დააზარალებს. ჩიტაძე ამბობს, რომ რუსეთი უკვე დიდი ხანია აზერბაიჯანს სთავაზობს მისი გაზის მთლიანი მოცულობა შესყიდვას. ეს კი იმისკენ არის მიმართული, რომ ბუნებრივი აირი საქართველოს და თურქეთისკენ არ წავიდეს.

თუმცა ამ სცენარებს ჩიტაძე „ძალიან მძიმე მდოგომარეობის შემთხვევაში“ განიხილავს და იმედი აქვს, რომ ორივე ქვეყანას გონიერება ეყოფა, რათა რუსული მიზნები თავადვე არ განახორციელოს. 

„რუსეთს სურს, რომ ყველა მეზობელთან სიტუაცია დაგვეძაბოს, რათა არასტაბილური და უპასუხისმგებლო ქვეყნის იმიჯი მივიღოთ. ამით კი ქვეყანას რეგიონში სრულ იზოლაციაში მოაქცევს“, - ასე აფასებს ანალიტიკოსი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან“ „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ დაანონსებულ აქციას და გარეჯის ირგვლივ ბოლო დროს  განვითარებულ მოვლენებს. 

ანალიტიკოსი აცხადებს, რომ ამ პარტიის აქციას კონკრეტული მიზნები  აქვს და ის საქართველოს ინტერესების დაზიანების მეტს არაფერს ემსახურება. 

„საქართველოს პრეზიდენტმა ეს პრობლემა ხელოვნურად წარმოშვა. რა თქმა უნდა, საზღვრის დემარკაციის  პრობლემა მუდიმივად გვქონდა, მაგრამ ამის მოგვარება ამ ფორმით დაუშვებელი იყო. ზურაბიშვილს შეეძლო, რომ ალიევთან ერთად დახურულ ფორმატში ესაუბრა ამ საკითხზე და არ მიეცა რუსეთისთვის საშუალება, რომ ამ თემით მანიპულირება დაეწყო. 

„ახლა „პატრიოტთა ალიანსი“ შეეცდება, რომ ეს საკითხი კიდევ უფრო გაქექოს. მჯერა, რომ ამ აქციაზე ბევრი პატრიოტი მივა, თუმცა მივლენ ისეთები, რომლის ინტერესშიც რუსული გეგმები შედის. 

„რუსეთის გეგმა კი ასეთია - საქართველო ყველა მეზობელთან დააპირისპიროს, მოხდეს რეგიონში მისი იზოლირება და საქართველოს გადაყლაპვა უფრო ადვილი გახდეს. ჩვენ ვიცით, რომ როგორც აზერბაიჯანს, ისევე საქართველოს ერთმანეთი სასიცოცხლოდ სჭირდებათ. თუ ჩვენს შორის ურთიერთობა დაიძაბება, სომხეთივით  მოგვივა -ყველა მხრივ იზოლირებული აღმოვჩნდებით და რუსეთის ხელში კარგი სათამაშო გავხდებით. დავკარგავთ რეგიონში სტარტეგიულ მნიშვნელობას და ჩვენი დაჩგვრა რუსეთს უფრო გაუადვილდება. 

„იმედი მაქვს, რომ ამ აქციის უსაფრთხოდ ჩავლაზე ხელისუფლება იზრუნებს. ასეთი აქციები მოლაპარაკებების პარალელურად უფრო რთულ სიტუაცის ქმნის“, - აცხადებს კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან“.

რაც შეეხება ხელისუფლების პოზიციას, „ჯობია, ჩვენც თავი შევიკავოთ, ვიდრე არ მოხდება საზღვრის საბოლოოდ დადგენა“, - განაცხადა რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, 

სოზარ სუბარმა ჟურნალისტებთან საუბარი 13 ივნისს მას შემდეგ შედგა, რაც დავით გარეჯში აზერბაიჯანულმა მხარემ გადაკეტა უდაბნოსა და ჩიჩხიტურის მონასტრებისკენ მიმავალი გზა. მისი აზრით, ყველა შემთხვევაში, ასეა თუ ისე, ეს არის ქართული კულტურის ძეგლი, მაგრამ არის განსხვავებული მოსაზრება მეზობელი სახელმწიფოს მხრიდან.

სოზარ სუბარს არ დაუკონკრეტებია, უკავშირდებოდა თუ არა გზის გადაკეტვა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე გამართულ ხალხმრავალ საზეიმო ღონისძიებას.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×