„საპატრიარქო აშკარად ხელს უწყობს იმას, რომ ლგბტ თემის მიმართ აგრესიული დამოკიდებულება გაღვივდეს, რაც ძალიან სამწუხაროა, რადგან შემწყნარებლობა, ჰუმანიზმი, ერთმანეთის სიყვარული და დათმობა, პირველ რიგში, ეკლესიისგან უნდა მოდიოდეს,“ - ასე აფასებს „რეზონანსთან“ იურისტი და უფლებადამცველი ლია მუხაშავრია მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან არსებულ ვითარებას.
მუხაშავრიას განცხადებით, ლგბტ თემის წარმომადგენლებმა ღონისძიება, რომელიც 17 მაისს უნდა გამართულიყო, გადადეს იმისათვის, რომ პროცესების პროვოცირება არ მოეხდინათ. მისი თქმით, ამ შემთხვევაში მეორე მხარემ უფრო მეტი ტოლერანტობა უნდა გამოიჩინოს. მუხაშავრია საპატრიარქოს განცხადებას უარყოფითად აფასებს.
„ამ თემასთან დაკავშირებით, 17 მაისს მომხდარ მოვლენების გამო, ევროსასამართლოს ერთი გადაწყვეტილება უკვე გვაქვს. ყოველი შემდგომი ნეგატიური ღონისძიება აკრძალვის, შეზღუდვის თუ უარის თვალსაზრისით ძალიან ცუდი და უარყოფითი რამ იქნება.
„ძალიან საწყენია, რომ საპატრიარქოს ასეთი არაშემწყნარებლური პოზიცია უკავია ამ ღონისძინების მიმართ. 17 მაისს ადამიანებმა არ მოაწყვეს მანიფასტაცია და განაცხადეს, რომ ამას ივნისში გააკეთებდნენ. შესაძლოა ითქვას, რომ ე.წ. ოჯახის სიწმინდის გამოცხადებულ დღესასწაულს დააცილეს. ისინი, ფაქტობრიბრივად, ყველაფერს აკეთებენ, რომ სხვაგვარად მოაზროვნე და სხვა ღირებულებების მქონე ადამიანებთან კონფლიქტში არ შევიდნენ. ამ დროს მეორე მხარესაც უნდა ჰქონდეს მეტი ტოლერანტობა და შემწყნარებლობა. ამ ქვეყანაში მათაც აქვთ უფლება გამოვიდეთ და ვთქვათ „ჩვენ ვართ“.
„საპატრიარქო აშკარად ხელს უწყობს იმას, რომ ლგბტ თემის მიმართ აგრესიული დამოკიდებულება გაღვივდეს, რაც ძალიან სამწუხაროა, რადგან შემწყნარებლობა, ჰუმანიზმი, ერთმანეთის სიყვარული და დათმობა, პირველ რიგში, ეკლესიისგან უნდა მოდიოდეს, რაც ჩვენი საზოგადოების გაკეთილშობილებას ხელს არ უწყობს,“ - განაცხადა ლია მუხაშავრიამ.
ცნობისათვის, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან, სადაც ლგბტ აქტივისტთა აქცია უნდა გამართულიყო, პოლიციამ კონტრაცქიის რამდენიმე მონაწილე დააკავა. შსს აცხადებს, რომ აქციაზე ოთხი პირის დაკავება მოხდა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მთავრობის კანცელარიასთან მიმდინარე კონტრაქციის ოთხი მონაწილე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173- ე მუხლით (პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა) დააკავეს. აღნიშნული პირები შეეცადნენ, გაერღვიათ სამართალდამცველთა კორდონი, რომელიც შეკრებილების უსაფრთხოებიდან გამომდინარე მიმდინარე ორ აქციას შორის იყო მოწყობილი.
„სამართალდამცველებმა მათ საპირისპირო აზრის მქონე ჯგუფთან მიახლოების, ასევე სიტუაციის ესკალაციის უფლება არ მისცეს და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისთვის ადგილზე დააკავეს. დაკავებულები გადაყვანილი არიან პოლიციის განყოფილებაში,“ - განუცხადა შსს- პირველ არხს.
ამ მოვლენებს წინ უძღოდა საპატრიარქოს განცხადება, რომელშიც მთავრობას მოუწოდა, არ დაუშვას ე.წ. გეი პრაიდის ჩატარება. ამ განცხადების გამოქვეყნების შემდეგ, „თბილისი პრაიდის“ წარმომადგენლებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია დააანონსეს. „თბილისი პრაიდის“ მონაწილეების აქციაზე მისვლამდე ადგილზე ბიზნესმენი ლევან ვასაძე, გურამ ფალავანდიშვილი და სასულიერო პირები მივიდნენ. კონტრაქციის ორგანიზატორების თქმით, მათი მიზანი „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებისთვის ხელის შეშლა იყო.
მთავრობის ადმინისტრაციის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან სამართალდამცველები, რომლებიც ორი აქციის მონაწილეებს ერთმანეთთან მიახლოების საშუალებას არ აძლევენ. აქციებზე ვითარება პერიოდულად იძაბება.