თამარ შუკვანი
15.06.2019

 „მედიასთან ორშაბათამდე არ ვთანამშრომლობთ. დასვენება და ძალების აღდგენა გვჭირდება. ორშაბათიდან განვაახლებთ კონსულტაციებს. გუშინდელი ამბების შემდეგ ახლა არაფერი ხდება," - აცხადებს „რეზონანსთან" „თბილისი პრაიდის" ერთ-ერთი ორგანიზატორი გიორგი თაბაგარი სამომავლო გეგმებისა და 18-23 ივნისის ღონისძიებების შესახებ საუბრისას.

ის სხვა კომენტარს არ აკეთებს და აღნიშნავს, რომ ორდღიან შესვენებას იღებენ, რომლის შემდეგაც სამომავლო გეგმებზეც ისაუბრებენ.

მისივე ცნობით, „თბილისი პრაიდის" ორგანიზატორები შსს-სთან კონსულტაციებს ორშაბათიდან დაიწყებენ და სწორედ ამ დღეს მოხდება იმ ქუჩაზე მსჯელობა და შეჯერება, სადაც კვირეულის მთავარი ღონისძიება - „ღირსების მარში" უნდა ჩატარდეს.

ცნობისათვის, 14 ივნისს მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან, სადაც ლგბტ აქტივისტთა აქცია უნდა გამართულიყო, პოლიციამ კონტრაქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა. შსს აცხადებს, რომ აქციაზე ოთხი პირის დაკავება მოხდა.

ამ მოვლენებს წინ უძღოდა საპატრიარქოს განცხადება, რომელშიც მთავრობას მოუწოდა, არ დაუშვას ე.წ. გეი პრაიდის ჩატარება. ამ განცხადების გამოქვეყნების შემდეგ, „თბილისი პრაიდის" წარმომადგენლებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია დააანონსეს.

„თბილისი პრაიდის" ორგანიზატორების აქციაზე მისვლამდე ადგილზე ბიზნესმენი ლევან ვასაძე, გურამ ფალავანდიშვილი და სასულიერო პირები მივიდნენ. კონტრაქციის ორგანიზატორების თქმით, მათი მიზანი „თბილისი პრაიდის" ორგანიზატორებისთვის ხელის შეშლა იყო.

შეგახსენეთ, 17 მაისი ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. წელს ეს დღე ლგბტ წარმომადგენლებმა არ აღნიშნეს და აქციისა თუ მსვლელობის მოწყობა ივნისის თვისთვის გადადეს. ისინი 18-23 ივნისს კვირეულის, „თბილისი პრაიდის" ჩატარებას გეგმავენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×