„კონკრეტული კვალიფიკაციის მიცემა გამიჭირდება, მაგრამ მის გამონათქვამებში არის მუქარის და ძალადობის მუქარის ნიშნები და შესაბამისად, ამ ამბავით, ჩემის აზრით, სამართალდამცავი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ", - ასე ეხმიანება „რეზონანსთან" საუბრისას იურისტი კახა კოჟორიძე ლევან ვასაძის მიერ ლგბტ აქტივისტებისა და „თბილისი პრაიდის" მიმართ გაკეთებულ განცხადებებს.
კოჟორიძე ასევე ამბობს, რომ საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ყველა ადამიანს აქვს გამოხატვის თავისუფლება, თუმცა ეს ძალადობისკენ მოწოდებაში არ უნდა გადაიზარდოს.
„საქართველოს კონსტიტუციით არის გარანტირებული ყველა ადამიანისთვის გამოხატვის თავისუფლება. ცხადია, ლევან ვასაძესაც აქვს თავისი მოსაზრების თქმის უფლება და ყველა დანარჩენ ადამიანს ლგბტ აქტივისტების საკითხზე, მაგრამ, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, აქ არის ერთი დათქმა - რომ გამოხატვის თავისუფლება ძალადობისკენ მოწოდებაში არ უნდა გადაიზარდოს, მითუმეტეს არ უნდა გადაიზარდოს უშუალოდ ძალადობაში. როცა ეს ხდება და თუ ეს მოხდება, მაშინ უკვე სამართალდამცავ ორგანოების კონსტიტუციური ვალდებულებაა დაიცვან უველა ადამიანის გამოხატვის თავისუფლება, ეს ჩვენს კონსტიტუციაში წერია", - აცხადებს იურისტი
კოჟორიძის განმარტებით, ლევან ვასაძის განცხადებები სხვადასხვანაირად შეიძლება განიმარტოს, თუმცა ვასაძის საუბარში იყო გარკვეული ტერმინები, რომელიც ძალადობისკენ მოწოდებას მიანიშნებდა.
„საუბარი იმაზე, რომ „ყველა კორდონს გავარღვევთ" და „ყველა დაბრკოლებას გადავლახავთ", ეს ისეთი ტერმინებია, რომ სხვადასხვანაირად შეიძლება იქნეს განმარტებული. მაგრამ იყო გარკვეული ტერმინები, რომელიც უფრო ძალადობისკენ მოწოდებას მიანიშნებდა და შესაბამისად ვფიქრობ, რომ სამართალდამცავი ორგანოების ინტერესის საგანი უნდა გახდეს.
„ამ ყველაფერს კვალიფიკაციას მე ვერ მივცემ. ეს კარგად უნდა შეისწავლონ შესაბამისმა ორგანოებმა - არა მხოლოდ გამონათქვამები, არამედ კონკრეტული ქმედებები და ამის შემდეგ უნდა მისცენ შესაბამისი კვალიფიკაცია", - ამობს კოჟორიძე „რეზონანსთან" საუბარში.
შეგახსენებთ, რომ 18-23 ივნისს თბილისში ანტიჰომოფობიური კვირეული „თბილისი პრაიდი" იმართება, რომელიც 23 ივნისს „ღირსების მარშით" დასრულდება. 14 ივნისს საპატრიარქომ გაავრცელა განცხადება, რომლითაც ხელისუფლებას მოუწოდა არ დაუშვას ამ ღონისძიების ჩატარება.
15 ივნისს ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ გაავრცელა ვიდეომიმართვა, რომელშიც აცხადებს, რომ არ დაუშვებს „თბილისი პრაიდის" ჩატარებას და სახელმწიფოს მიმართავს, რომ პოლიციას არ მისცემს კორდონების ჩაყენების უფლებას. ბიზნესმენი ამბობს,რომ „თბილისი პრაიდი" გარყვნილების ზეიმია და ქართულ სახელმწიფოებრივობას უქმნის საფრთხეს. მისივე თქმით, ის და მისი თანამოაზრენი ყველაფერს იზამენ იმისათვის, რომ ჩაშალონ ლგბტ აქტივისტების გეგმები.
„თბილისი პრაიდი" ლევან ვასაძის განცხადებებს მუქარად აფასებს და აცხადებს, რომ აღნიშნული განცხადებები რეალური საფრთხის შემცველია და შსს-ს სთხოვს აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაიწყოს.