თბილისში ანტიჰომოფობიური კვირეულის დაწყებამდე ერთი დღით ადრე „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორები და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები 17 ივნისს შეხვედრას გეგმავენ. სწორედ ამ შეხვედრაზე მოხდება კონკრეტულად იმ გეგმის განხილვა, რომელიც აქციის მონაწილეებმა უწყებას შესთავაზეს და რომლის მიხედვითაც პრაიდის მიმდინარეობისას მათი უსაფრთხოების დაცვა უნდა მოხდეს.
რას ითვალისწინებს ეს გეგმა და შეთანხმდებიან თუ არა ორივე მხარე - ეს შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი. თუმცა მანამდე „რეზონანსი“ შეეცადა გაერკვია რას აპირებენ „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორები, თუკი მათ მიერ შეთავაზებულ გეგმაზე შსს-მ უარი განაცხადა და უსაფრთხოების ზომების უზრუნველყოფა ვერ მოხდა. მითუმეტეს იმ ფონზე, როცა საპატრიარქო ხელისუფლებას მოუწოდებს, არ დაუშვას მისი ჩატარება.
სპეციალურ განცხადებაში ეკლესიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ემიჯნებიან ძალადობას, თუმცა აცნობიერებენ საფრთხეს, რომელიც შესაძლოა პრაიდის ჩატარებას მოყვეს. ამ აქციის საწინააღმდეგოდ სოციალურ ქსელში ხდება საზოგადოების გარკვეული ნაწილის მობილიზება, რომლებიც ამბობენ, რომ ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებიდან კოლონებად ჩამოდიან და „თბილისი პრაიდის“ ჩატარებას არ დაუშვებენ.
მიუხედავად ყველაფერ ამისა, „რეზონანსთან“ ლგბტ თემის წარმომადგენლები საპატრიარქოს პოზიციას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ 18-23 ივნისს ღონისძიებებს მაინც ჩაატარებენ.
„თბილის პრაიდის“ ერთ-ერთი ორგანიზატორი გიორგი თაბაგარი გვეუბნება, რომ მათ აქვთ კონკრეტული გეგმა, რომელსაც 17 მაისს შსს-თან ერთად განიხილავეენ. თაბაგარის თქმით, მათ აქვთ იმედი, რომ უწყება შეძლებს აქციის წევრების დაცვას და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. მისი გაცხადებით, აქციის გადადებას ან საერთოდ გაუქმებაზე საუბარი არ იქნება.
პრაიდის მოწინააღმდეგეები კონტრ-აქციის ორგანიზებას გეგმავენ. მმართველი გუნდი, სახალხო დამცველი, ოპოზიცია და თავად ლგბტ თემის წარმომადგენლები რეაგირებას შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ელოდებიან და მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებლობას სწორედ ძალოვან უწყებას აკისრებენ.
სასულიერო პირები აპირებენ ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ ეს კვირეული არ ჩატარდეს, მაგრამ თუკი „თბილისი პრაიდი“ მაინც ჩატარდება, აპირებენ მშვიდობიანი ფორმით პროტესტი გამოხატონ.
„აქციის უსაფრთხოდ ჩატარების კონკრეტული გეგმა გვაქვს, რომელიც შსს-ს უკვე გადავუგზავნეთ და სწორედ ამ კონკრეტულ გეგმაზე შევთანხმდებით თუ არა, 17 ივნისის შეხვედრაზე გახდება ცნობილი.
„რა თქმა უნდა, ამ გეგმის დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. იქ კონკრეტულად გვაქვს გაწერილი, როგორ და რა ფორმით უნდა მოხდეს აქციაზე მოსული ადამიანების უსაფრთხოების დაცვა.
„დაველოდებით რას გვეტყვიან და შემოგვთავაზებენ თავად უწყების წარმომადგენლები. ჩვენ დაგეგმილი აქციების გადადებას არ განვიხილავთ, რადგანაც ვფიქრობთ, რომ შსს მოწოდების სიმაღლეზე დგას და ჩვენი უსაფრთხოების დაცვა სრულიად შეუძლიათ. იმედი მინდა დავიტოვო, რომ შეხვედრაზე შეთანხმება მოხდება.
„ჩვენ, დღეის მონაცემებით, არანაირად არც კი ვუშვებთ, რომ ამ აქციების გადადება ან საერთოდ გაუქმება მოგვიწევს. უსაფრთხოების დაცვა შსს-ს პრეროგატივაა და გვგონია, რომ სამართალდამცველები ამას შეძლებენ“, - აცხადებს „თბილისი პრაიდის“ ერთ-ერთი ორგანიზატორი გიორგი თაბაგარი „რეზონანსთან“.
რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიციას „რეზონანსი“ შეეცადა უწყებისთვის დამატებით კითხვვებით მიემართა. თუმცა პრესსამსახურში განგვიცხადეს, რომ მათი პოზიცია დეტალურადაა გადმოცემული უწყების მიერ 16 ივნისს ოფიციალურად გამოქვეყნებული განცხადებაში. შსს-ს პოზიცია 18-23 ივნისის „თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებით კი ასეთია:
„პოლიცია განმარტავს, რომ დაიცავს თითოეული ადამიანის როგორც შეკრების, ისე გამოხატვის თავისუფლებას, მათი პოლიტიკური შეხედულების, რელიგიური მრწამსის, სექსუალური ორიენტაციის და სხვა ნიშნის მიუხედავად, თუ გამოხატვის თავისუფლება არ გასცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს.
„სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, მოუწოდებს შეკრების მონაწილეებს, დაიცვან კანონის მოთხოვნები. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი იმოქმედებს მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში“, - წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მმართველ გუნდში კი ფიქრობენ, რომ როგორც ერთი, ასევე მეორე ჯგუფიდანაც აღნიშნული საკითხით მანიპულირება ხდება. „ქართული ოცნების“ წევრი ნუკრი ქანთარია „რეზონანსთან“ აცახდებს, რომ როდესაც საზოგადოების დიდი ნაწილი რაღაცის მიმართ პროტესტს, მიუღებლობას გამოხატავს და პირად შეურაცხყოფად აღიქვამს, მათთან ჯიბრში უმცირესობის წარმომადგენლებიც არ უნდა ჩადგნენ. ქანთარია ამბობს, რომ ეს დამოკიდებულება შუღლს და აგრესიას აღვივებს.
დეპუტატი ფიქრობს, რომ ეს დაპირისპირება შემდეგ ისეთი თემის წამოწევას ახდენს, როგორიც ულტრანაციონალიზმი და შოვინიზმია.
„შეიძლება ისეთმა ლექმა ამოიწიოს, რომელიც სხვა ქვეყნებში უკვე გვინახავს და მისი ფატალური დასასრულიც ვიცით. ისე არ დაგვიდგეს საქმე, რომ ე.წ. „ტაბურეტკა“ სანატრელი გაგვიხდეს. ამიტომ მგონია, რომ ორივე მხარე გარკვეული თმენის ვალდებულებით უნდა იყოს განმსჭვალული და ორივეს მხირდან თემის პროვოცირება არ უნდა მოხდეს.
„ინდივიდუალურად არავინ არავის არაფერს უშლის. ჯობია, რომ ასეთი მარშები და პრაიდები გადადონ, რადგანაც მსგავსი დაპირისპირება თავიდან ავირიდოთ. როგორც ჩანს, აქ „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებისთვის დაფინანსების და გრანტების საკითხები უფრო მნიშვნელოვანია. თუმცა, იმედი მაქვს, რომ სახელმწიფო და ძალოვანი უწყებები ამ პროვოკაციებს თავიდან აგვარიდებს და ორივე მხარეს მოუწოდებს, რომ რადიკალური ქმედებებისგან თავი შეიკავონ“, - აცახდებს ქანთარია „რეზონანსთან“.
მისივე თქმით, ყოველთვის არსებობდა და იარსებებს კონკრეტული ჯგუფები, რომლებიც მსგავსი თემების გამოყენებას შეეცდება. ქანთარია ამბობს, რომ არ უნდა დავუშვათ „მთვარის ისეთი დაბნელება“, რომ ეგზალტირებული პროცესის მართვა ვეღარ შევძლოთ. ამიტომ დეპუტატი ფიქრობს, რომ უმცირესობის წარმომადგენლებმაც საღი აზროვნება უნდა იქონიონ და მთლიანად ანგარიში იმ უმრავლესობას გაუწიოს, რომელსაც მათი ამგვარი აქტივობა აღიზიანებთ. მმართველი გუნდის წევრი ამბობს, რომ მათი მხრიდან გასათვალისწინებელია, რა ქვეყანაში და სად ცხოვრობენ.
ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ როგორ ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ არიან კონკრეტული ჯგუფები, რომლებსაც ამ თემის გააქტიურებით საკუთარი მიზნები ამოძრავებთ. აქციების ჩატარება, ჩიტაძის აზრით, ორივე დაპირისპირებული მხარეებისთვის ხელსაყრელია, რათა შემდეგ ამ თემით მანიპულირება და მისი სათავისოდ გამოყენება შეძლონ.
„ორივე მხარე ამ საკითხთან დაკავშირებით არაგულწრფელია. „თბილისი პრაიდის“ განცხადებები, რომ დავიცვათ უმცირესობები და ესაა მათი მთავარი გზავნილი, გასაგებია, მაგრამ ყოველთვის გვავიწყდება, რომ უმრავლესობის უფლებებიც არსებობს. მინახავს ასევე თავად სექსუალური უმცირესობებიც უმრავლესობის ინტერესებს როგორ არღვევენ და მათზე ფსიქოლოგიურად ძალადობენ.
„ლგბტ თემის წევრების მხრიდან ჩემი თვალით მაქვს ნანახი ჩაგვრის იმიტაციას როგორ ახდენენ. ასევე მათი გამოხატვის ფორმები... ვუყურეთ ჩვენ ნატა ფერაძე სასულიერო პირებთან როგორ ურთიერთოებს და ჟესტიკულაციით მათ შეურაცხყოფას როგორ აყენებს. ეს არ არის დემოკრატია. დემოკრატიაა, როცა სხვის უფლებებს და რელიგიურ შეხედულებებსაც პატივს სცემ. ესაა ფსევდო ლიბერალიზმი, რომლის მიხედვითაც შენი ქვეყნის დისკრედიტაციას შენივე ინტერესებისთვის ცდილობ.
„მსგავსი პრეტენზიები, ცხადია, მეორე ჯგუფის მიმართაც არსებობს. სამწუხაროდ, გამოდიან ადამიანები, რომლებიც მართლმადიდებლურ და რელიგიურ ღირებულებებზე საუბრობენ და რუსეთუმეები არიან. ასეთ ადამაინებს, რა თქმა უნდა, არა აქვთ უფლება, რომ ერის სახელით ისაუბრონ. თუ ჰეტეროსექსუალი ხარ და გაჰყვირიხარ, რომ ქრისტიანი ხარ, ეს აპრიორი იმას არ ნიშნავს, რომ მაგარი ადამიანი ხარ?! გეიც შეიძლება კარგი ადამიანი იყოს და გარკვეული პიროვნული ღირებულებებით ჰეტეროსაც აჯობოს“, - აცხადებს ჩიტაძე „რეზონანსთან“.
მსივე თქმით, სამწუხაროა, როცა ამ დაპირისპირებაში ეკლესიაც ერევა და საერო საქმეებში სიტუაციის გაკონტროლებას ცდილობს. თუ გულწრფელები არიან, მაშინ თავის მომხრეებსაც მოუწოდონ, რომ ძალადობა არ მოხდეს.
ჩიტაძე ფიქრობს, რომ ეკლესიას არ აქვს უფლება, სახელმწიფოს განუსაზღვროს რა დაუშვას და რა არა. მითუმეტეს, როდესაც მსგავსი გამოხატვის უფლება კონსტიტუციით ყველა ადამიანს აქვს. ჩიტაძე ამბობს, რომ ამ თემის კიდევ უფრო პროვოცირებით პრორუსული ძალები არიან დაინტერესებულები, რომლებიც ცდილობენ საქართველო დასავლეთის თვალში არადემოკრატიულ ქვეყნად წარმოაჩინონ.