"21-ე საუკუნეში, როცა პრეტენზია ნატოსა და ევროპაზე გვაქვს, რა დროს "კომბლებია" - მუხაშავრია
ელზა პაპოშვილი
18.06.2019

 ვაუქმებთ პატრულირებას, - ამის შესახებ ვერის ბაღში შეკრებილ მოქალაქეებს, ლევან ვასაძემ განუცხადა. ლევან ვასაძის განცხადებით, გადაწყვეტილების მიზეზი შს სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა.

ლევან ვასაძემ შს სამინისტროს სწორი პოზიციისთვის მადლობა გადაუხადა, თუმცა აღნიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეები პატრულირებას განაახლებენ.

"პატრულირებას ვაუქმებთ, ჩვენი შს სამინისტროს პატივისცემითა და მადლიერებით. იმედია, ეს პროპაგანდა არ გაიმართება, თუ არადა ერთი ტელეფონის ღილაკი და გავჩნდებით იქ, სადაც საჭიროა", - განაცხადა ლევან ვასაძემ.

ცნობისთვის, შსს-მ სახალხო რაზმების პატრულირების შესახებ ლევან ვასაძის განცხადებაზე გამოძიება დაიწყო. როგორც უწყებაში აცხადებენ, გამოძიება უკანონო ფორმირების შექმნის, ხელმძღვანელობის და მასში გაწევრიანების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

ამასთან, გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტროში სახალხო დამცველსა და პრაიდის ორგანიზატორებს შორის შეხვედრა გაიმართა. ნინო ლომჯარიას განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიციაა, რომ პრაიდი არ უნდა ჩატარდეს.

მანამდე კი მოვლენების ასე ვითარდებოდა - სახალხო ლეგიონი და კომბლების რევოლუცია - ქამრებით ხელების შეკვრასა და სრულ დაუმორჩილებლობას ლევან ვასაძე ხალხს ეროვნული ინტერესების დაცვის სახელით მოუწოდებდა. ამის საპასუხოდ კი შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. უწყების ინფორმაციით, გამოძიება უკანონო ფორმირების შექმნის, ხელმძღვანელობისა და მასში გაწევრიანების ფაქტებზე მიმდინარეობს.

გამოძიების ფარგლებში ჩატარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო მოქმედება და მოხდება შესაძლო დანაშაულის ჩამდენი თითოეული პირის ქმედების სამართლებრივი შეფასება. გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლით, რომელიც ითვალისწინებს უკანონო ფორმირების შექმნას, ხელმძღვანელობას, გაწევრიანებას, მონაწილეობას, ან უკანონო ფორმირების სასარგებლოდ საქმიანობას. უკანონო ფორმირების შექმნა ან ხელმძღვანელობა ისჯება 6-დან 12 წლამდე, ხოლო გაწევრიანება ან მონაწილეობა 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

"საზოგადოებას შევახსენებთ, რომ დაუშვებელია, კანონიერი სახელმწიფო სტრუქტურების შემცვლელი ნებისმიერი წარმონაქმნის შექმნა, მისი ხელმძღვანელობა, მასში გაწევრიანება ან მისი შექმნისკენ მოწოდება," - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ბიზნესმენი ვასაძე კი ამბობს, რომ ხელისუფლება ვერ უზრუნველყოფს ქვეყანაში წესრიგს, ამიტომ ის რაზმების შექმნას იწყებს. რეგისტრაცია ხალხმა 16 ივნისს ვერის ბაღში გაიარა, სადაც ვასაძემ მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა და სამომავლო გეგმა გააცნო.

"ჩვენ მოვახდენთ თვითორგანიზებას სახალხო რაზმებად. გვეყოლება ათეულები, ათისთავებით, ეს ათეულები შეიკრიბება ათ-ათი, ასეულებად, ასისთავებით და ათი ასეული შეადგენს ათასეულს და იქნება ლეგიონი. ერთი კვირის განმავლობაში იმუშავებენ თბილისში, გაინაწილებენ ქალაქს და იქნება ქალაქის პატრულირება. იარაღი ჩვენ არ გვექნება, გარდა ერთისა - ჩვენ მათ შევუკრავთ ხელებს ქამრებით, რომლებიც გვექნება თან და მივაბრძანებთ იმ ადგილიდან.

"ეს იქნება ათეულების დარტყმები ამ კორდონებზე. პირველი ათეული შევა, ვერ გაანგრევს, მაგრამ მეორე დაარტყამს, დაასუსტებს და მესამე ხომ შევა, მეოთხე ხომ შევა, მეხუთე ხომ შევა. გარღვევისას ღმერთი არ გაგიწყრეთ და არ დაუწყოთ ცემა ჩვენებს იმიტომ, რომ მაგ შემთხვევაში თქვენ მიიღებთ პასუხს. ეს კომბალი არ მოხვდეს არც ერთ გარყვნილ ადამიანს, არც ერთ ქათამს, არც ერთ თხას. ჩვენ თავს არ გაგალახინებთ, ძმაო. ეს გამორიცხულია, თქვენ მიიღებთ მსოფლიოში პირველ "კომბლების რევოლუციას", - განაცხადა ლევან ვასაძემ.

მისი თქმით, სახელმწიფო ხალხის ნებას უნდა დაემორჩილოს და ლგბტ თემის წარმომადგენლებს ქუჩაში გამოსვლის უფლებას არ მისცემს. პირები, რომლებიც ვასაძის ორგანიზაციაში დარეგისტრირდებიან, მიმდინარე კვირის განმავლობაში ქალაქში პატრულირებას ქამრებითა და კომბლებით შეიარაღებული დაიწყებენ. ისინი წინააღმდეგობის გაწევას აპირებენ პოლიციისთვისაც, თუ მათ მოთხოვნებს არ გაითვალისწინებენ.

საკუთარ გამოსვლაში ბიზნესმენი ღიად დაუპირისპირდა ამერიკის საელჩოსაც. მან აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსაც მიმართა და მოუწოდა, რომ "ფსევდო მორალისტები" მოაშოროს. ვასაძემ აღნიშნა, რომ ლგბტ თემს საქართველოში სწორედ ამერიკის საელჩო ახალისებს.

შსს-ში კი აღნიშნავენ, რომ ქვეყანაში საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფა, კანონით, მხოლოდ მათი ფუნქციაა და, შესაბამისად, როგორც პოლიციის, ისე, სხვა სახელმწიფო უწყების ფუნქციის შესრულების ნებისმიერი მცდელობა დაუყოვნებლივ აღიკვეთება. ძალადობის, პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობისა და კანონის დარღვევის თითოეულ ფაქტზე კი სამინისტროს ექნება შესაბამისი რეაგირება.

"თბილისი პრაიდის" დაანონსებული "ღირსების მარში" 18 და 23 ივნისს უნდა გაიმართოს. მისი ორგანიზატორები "რეზონანსთან" ამბობენ, რომ აქციების გადადებას არაფრის ფასად არ აპირებენ.

ლევან ვასაძის განცხადებები დემოკრატიული სახელმწიფოს იდეებსა და კონსტიტუციურ პრინციპებს ეწინააღმდეგება - ასეთ შეფასებას აძლევენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები "რეზონანსთან" ვასაძის ინიციატივას.

მათი თქმით, ძალადობრივი პარტიზანული ჯგუფების შექმნა ეწინააღმდეგება სამართლებრივ ნორმებს და აუცილებელია, ამას სახელმწიფოს სწორი რეაგირება მოჰყვეს. ლევან ვასაძის გააქტიურებას კ ისინი რუსეთის ინტერესებს უკავშირებენ.

"ლევან ვასაძე არის აშკარად რუსეთის პროექტი, რომელიც მოწოდებულია ჩვენს სახელმწიფოებრიობაზე ძალიან ძლიერი დარტყმის მისაყენებლად. ის ამბობს, რომ ჯგუფებს, რაზმებს შექმნის. ეს ჯგუფები უკანონოდ თავისუფლებას აღუკვეთენ იმ პირებს, ვინც იქნებიან გეები ან მოეჩვენებათ, რომ არიან გეები," - ამბობს "თანასწორობის მოძრაობის" სამართლის ოფიცერი ნინო ბოლქვაძე.

ლევან ვასაძისა და ძალადობრივი აქციის ორგანიზატორების წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისა და სწრაფი რეაგირებისკენ მოუწოდებს ხელისუფლებას ოპოზიცია. პოლიტიკოსები დარწმუნებულნი არიან, რომ ვასაძე საქართველოს ხელისუფლების ხელშეწყობით კრემლის ინტერესებს ემსახურება.

ვასაძის მოწოდებებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა "ევროპულმა საქართველომ", რომელშიც წერია, რომ მსგავსი უკანონო მოქმედებისკენ მოწოდება ძალადობის მყისიერ საფრთხეს ქმნის, ხელისუფლების უმოქმედობა კი ამ დანაშაულის თანამონაწილეობის ტოლფასია.

"ქართული ოცნების" ხელისუფლებამ შექმნა გარემო, სადაც პუტინისტური, ექსტრემისტული ძალები ბედავენ ღია ძალადობას და ღია მოწოდებებს, რომელიც შეიცავს მყისიერ საფრთხეს ძალადობისა და ამ სრულიად აღვირახსნილი კამპანიის არშეჩერება, არდაუსჯელობა არის თანამონაწილეობა," - აცხადებს სერგო რატიანი.

ისინი უსაფრთხოების სამსახურს ვასაძის განცხადებებით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ. მათი აზრით, ეს არის საკმაოდ სახიფათო თამაში, რომელიც კრემლის ინტერესებს ემსახურება.

უფლებადამცველმა და იურისტმა ლია მუხაშავრიამ "რეზონანსთან" აღნიშნა, რომ ლევან ვასაძის განცხადებები ანტისახელმწიფოებრივი და ანტიკონსტიტუციურია. ამდენად, ხელისუფლებამ სასწრაფო რეაგირება უნდა დაიწყოს და გაარკვიოს, ეს მოწოდებები არის თუ არა სისხლისამართლებრივი დანაშაულის შემცველი. პოლიციამაც სასწრაფოდ უნდა მიიღოს მაქსიმალური უსაფრთხოების ზომები, რათა ეს "მეკომბლეები" ქუჩაში ნამდვილად არ გამოცვივდნენ და ხალხს არ დაერიონ.

"თავისუფალი აზრის გამოხატვა ჩვენს ქვეყანაში კონსტიტუციით გვაქვს უზრუნველყოფილი. ამიტომაც როდესაც ვიღაცა იმუქრება, რომ ანტიკონსტიტუციურად მოიქცევა და კანონის წინააღმდეგ წავა, რა თქმა უნდა, ხელისუფლების პასუხი მკაცრი უნდა იყოს. ყველა ვალდებულია, ეთანხება თუ არა რამეს, გამოხატვის თავისუფლებას პატივი სცეს.

"ვასაძის განცხადებები საკმაოდ საფრთხილო და საყურადღებოა. სახელმწიფომ სწორედაც რომ უმცირესობების ინტერესები უნდა დაიცვას, აბა, უმრავლესობას დაცვა რაში სჭირდება.

"ეს "მეკომბლეების" გაჩენა ქვეყანაში რა უბედურებაა. 21-ე საუკუნეში, როცა პრეტენზია ნატოსა და ევროპაზე გვაქვს, რა დროს "კომბლებია". ეს საკმაოდ ცუდ ასოციაცის იწვევს და უკანა საუკუნეებში გვაბრუნებს.

"არ მგონია, რომელიმე ცივილიზებულ ქართველს "კომბლედ" გადაქცევა მოუნდეს, რაც უნდა ეწინააღმდეგებოდეს უმცირესობების აქტიურობას. სახელმწიფომ უსაფრთხოების ზომები მთელი თბილისის ტერიტორიაზე უნდა გააძლიეროს. თუ ეს ე.წ. კომბლეები სადმე გამოჩნდებიან, შეაკავოს და მათი დანაშაულებრივი ჩანაფიქრი აღკვეთონ," - განაცხადა ლია მუხაშავრიამ "რეზონანსთან".

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×