ია აბულაშვილი
18.06.2019

 "კიდევ ვინ დატოვებს მინისტრთა კაბინეტს ვერ გეტყვით, თუმცა ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს და რეალურად ქვეყანაში შექმნილ ვითარებას ვერ შეცვლის.

"დღეს ქვეყანას მართავს ერთი ადამიანი, მინისტრები არიან თოჯინები, ჩვენ კი ცუდი სპექტაკლის მაყურებლები"- აცხადებს "ოცნების" ყოფილი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე, ვისაც "რეზონანსი" მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე ესაუბრა.

"რეზონანსი" დაანონსებული სამთავრობო ცვლილებებიდან როგორც აღმოჩნდა ჯერ-ჯერობით მხოლოდ ჯანდაცვის მინისტრმა დატოვა თანამდებობა. პრემიერ-მინისტრმა განცხადება, რომ საჭიროა ახალი სისხლი, მიანიშენებს თუ არა იმაზე, რომ ცვლილებები მთავრობაში კვლავ გაგრძელდება.

დ.ჭ: დავით სერგეენკო ერთ-ერთი რეიტინგული მინისტრი იყო "ოცნების" ხელისუფლებაში და მას ასევე დიდი მხარდაჭერა ჰქონდა საზოგადოებაშიც. ვერ გეტყვით რას შეეწირა სერგეენკოს თანამდებობა, შიდა დაპირისპირებას თუ სხვას.

ეს ფაქტორი ყოველთვის არის ხელისუფლებაში, ბრძოლა გავლენების მოსაპოვებლად, მაგრამ "ოცნებაში" ეს ანომალიურ ხასიათს ატარებს. ერთმანეთს არა ქვეყნის აღმშენებლობაში, არამედ ქვეყნის დანგრევაში ებრძვიან.

ისე, სერგენკოს წასვლა ვფიქრობ, დაასუსტებს "ოცნებას".

რაც შეეხება სხვა ცვლილებებს, ვერ გეტყვით ვინ იქნება შემდეგი, ვინ დატოვებს მინისტრთა კაბინტს, თუმცა ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მინისტრების ცვლა ქვეყანაში შექმნილ ვითარებას რეალურად ვერ შეცვლის.

ქვეყანას მართავს ერთი ადამიანი, მინისტრები არიან თოჯინები, ჩვენ კი ცუდი სპექტაკლის მაყურებლები.

"რ": თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით თქვენი პოზიცია როგორია. ლევან ვასაძე და მისი თანამოაზრეები, რომლებიც ეწინაღმდეგებიან ლგბტ თემის წარმომადგენლების მოთხოვნებს დედაქალაქში "თბილისი პრაიდის" ჩატარებასთან დაკავშირებით, დროებით ტაიმ-აუტი აიღეს, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში დანაპირებს, რომელიც უკვე გასცეს შეასრულებენ.

დ.ჭ: ამ მოვლენასთან დაკავშირებით, ჩემი მოსაზრება მდგომარეობს იმაში, რომ საპტრიარქოს მოსაზრებაზე პოლიტიკოსები შეფასებებს არ უნდა აკეთებდნენ. საპტრიარქოს ჰქონდა ლეგიტიმური უფლება გამოეთქვა თავისი მოსაზრება. ისევე როგორც ლევან ვასაძეს.

მაგრამ, განცხადებები, რომელიც გაკეთდა რაზმებთან დაკავშირებით, წარსულის ასოციაციებს იწვევს საზოგადოებაში და მომგებიანი არ არის.

რაც შეეხება თავად ამ თემის წარმომადგენელთა მოთხოვნებს, მათ არავინ ჩაგრავს, ხალხის აღშფოთება გამოიწვია იმან, რომ უნდათ თავს მოახვიონ თავისი ცხოვრების წესი, რაც საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მიუღებელია და ახდენენ ამის ტირაჟირებას.

ჩემი აზრით, მათი მხრიდან ეს იყო არა უფლებების დაცვა, არამედ ახირება და საზოგადოების გამოწვევა. არ გამოვრიცხავ, რომ იყოს სხვა მოტივაციაც, მაგალითად მატერიალური დაინტერესება, ვიდრე იდეები, რადგან საკმაოდ ორგანიზებული და ფინანსურად მხარდაჭერილი აქციები აქვთ.

"რ": ამ აქციის შედეგ, უფრო გამყარდა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ლევან ვასაძემ შეიძლება თავის პოლიტიკური მოძრაობა დააფუძნოს და შემოვიდეს ქართულ პოლიტიკაში.

დ.ჭ: ვინც ამ მოსაზრბეას გამოთქვამს, ალაბათ ისინი უფრო ცდილობენ ვასაძის პოლიტიკაში შემოყვანას, რადგან პირადად მას ასეთი განცხადება არ გაუკეთებია. მან თქვა, რომ პოლიტიკაში მოსვლის ამბიცია არ გააჩნია და მხოლოდ ამ კონკრეტულ საკითხთან მიმართებაში გამოიხატება მისი აქტიურობა, როცა ყველაფერი დამშვიდდება დაუბრუნდება თავის საქმიანობას.

"რ": 20 ოპოზიციარი ძალა მომავალი არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების მოთხოვნით გამოდის. მათი აზრით, მომავალ არჩევნებში მათი გამარჯვება, სწორედ პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარების გზაზე გადის.

დ.ჭ: ბოლო დროს ოპოზიცია ხშირად საუბრობს მოლდოვაში განვითარებულ მოვლენებზე, დეოლიგარქიაზე... თუ მოლდოვის მაგალითს იშველიებენ, მაშინ ისიც უნდა გაიხსენონ, რომ მოლდოვა პროპორციული სისტემიდან შერეულ სისტემაზე გადავიდა და შეძლო მიეღწია სასურველ შედგეს.

ზოგადად, საქმე საარჩევნო სისტემაში და ბარიერის გადალახვაში კი არ არის, ხელისუფლებას ამარცხებს ხალხის ნება. რაც არ უნდა შეცვალო საარჩევნო სისტემა და რა პროცენტიანი ბარიერიც არ უნდა გადალახო, თუ ხალხის მხარდაჭერ არ გაქვს, გამარჯვებას ვერ მიაღწევ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×