"ბატონი გავრილოვი საკუთარი განცხადებებით, თავს ესხმის ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას”
ეკატერინე ბასილაია
18.06.2019

 ანტიქართულად განწყობილი რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი, რომელიც აფხაზეთში ქართველების წინააღმდეგ ომში მონაწილეობდა და აცხადებს, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი რესპუბლიკებია, თბილისში ჩამოდის და მას პრეზიდენტის ავლაბრის სასახლესა და პარლამენტში უმასპინძლებენ, რაც ოპოზიციის დიდი პროტესტს იწვევს და მოთხოვნაა, რომ ხელისუფლებამ გავრილოვი და რუსული დელეგაციიდან კიდევ 2 დეპუტატი საზღვარზე უნდა გააბრუნონ.

ამ აღშფოთება-მოთხოვნის საპასუხოდ კი „ოცნების" წევრი ზაქარია ქუცნაშვილი ამბობს, რომ გავრილოვს პასპორტში არ აქვს აღნიშნული, რომ აფხაზეთსა და ცხინვალშია ნამყოფი, ამიტომაც, მას „ოკუპაციის შესახებ კანონი" დარღვეული არ აქვს, ხოლო მიუღებელი განცხადება, ეს გამოხატვის თავისუფლებაა და ამდენად, ამის გამო მას შემოსვლას ვერ აუკრძალავენ.

19-22 ივნისს თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა იმართება. მართლმადიდებელ დეპუტატთა ასამბლეის 26-ე სესია ოთხშაბათს ავლაბრის ცერემონიების სასახლეში საზეიმო მიღებით გაიხსნება, სხდომები კი საქართველოს პარლამენტში გაიმართება.

ღონისძიებაში დეპუტატები 23 ქვეყნიდან მიიღებენ მონაწილეობას, მათ შორისაა გენერალური ასამბლეის მოქმედი პრეზიდენტი და რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი, რომელიც ანტიქართული განწყობებითაა ცნობილი.

რუსეთის 7-კაციანი დელეგაციიდან მინიმუმ 7 ადამიანის ჩამოსვლას ეწინააღმდეგებიან „ნაცმოძრაობა" და „ევროპული საქართველოს" დეპუტატები, თუმცა, ამ სამიდან ყველაზე დიდი პროტესტს სწორედ გავრილოვის საზღვარზე შემოშვება იწვევს. ოპოზიცია აცხადებს, რომ სესიას ბოიკოტს უცხადებენ.

„ევროპული საქართველოს" დეპუტატი გიგა ბოკერიას თქმით, საქართველოს ხელისუფლებას აქვს სრული უფლება საქართველოში არ შემოუშვას სერგეი გავრილოვი, რომელიც აფხაზეთში ქართველების წინააღმდეგ იბრძოდა.

„რატომ შეიძლება სუვერენულმა ქვეყანამ არ განიხილოს საკუთარ ქვეყანაში არ შემოშვება, ადამიანის, ვისაც საკუთარ ბიოგრაფიაში უწერია, რომ აფხაზეთის ომში რუსულ მხარესთან ერთად იბრძოდა ჩვენს წინააღმდეგ. იმ ომში, რომელსაც მოჰყვა ეთნიკური წმენდა და ათასი უბედურება. რა სისულელე და სიბრიყვე არის გაეროს ანალოგიის მოყვანა, რა გაეროს სხდომა ტარდება თბილისში?- რა სისულელეა. ეს არის სუვერენული უფლება, არანაირი ახსნაც კი არ სჭირდება სამართლებრივი თვალსაზრისით, პოლიტიკურად კი სჭირდება.

"ვის შემოუშვებს საქართველოს მის ტერიტორიაზე და ვის არა, ეს არის საქართველოს გადასაწყვეტია... მაგისთვის ჩამოდიან, რომ კლიმატი შექმნან, რომ ეს არის ნორმალური ამბავი მინიმუმ, ან რომ რაღაც მორალური უპირატესობა აქვთ. ეს ძალიან კარგად ემთხვევა სხვა მოვლენებს, რომელიც დღეს ხდება და ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც უკეთეს შემთხვევაში ეს არ ესმის ან უარეს შემთხვევაში - ესმის და ამას აკეთებს,"- აცხადებს ბოკერია.

„ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, მისი პარტიაც უარს აცხადებს დაგეგმილ ღონისძიებებში მიიღოს მონაწილეობა.

"ბატონი გავრილოვი, მათ შორის საკუთარი განცხადებებით, თავს ესხმის ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. სავარაუდოდ, იმყოფებოდა აფხაზეთში ომის დროს და დარღვეული აქვს, ასევე, კანონი ოკუპაციის შესახებ. შესაბამისად, მისი შემოშვება ჩვენს სახელმწიფოში არის რუსეთის სტრატეგიის ხელშეწყობა", - ამბობს სამადაშვილი.

მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი ზაქარია ქუცნაშვილი ბრალდებებს პასუხობს და ამბობს, რომ სპეციალურმა ორგანოებმა შეამოწმეს და გავრილოვს „ოკუპაციის შესახებ კანონი" დარღვეული არ აქვს, ამიტომ შემოსვლაზე უარს ვერ ეტყვიან.

„სამადაშვილს რა წყარო აქვს, არ ვიცი, მოგვცეს და გადავამოწმებთ. იყო ორი დეპუტატი - ალექსანდრე ზატულინი და კიდევ ერთი, რომლის გვარი არ მახსოვს, ვისაც აღმოაჩნდა, რომ დარღვეული აქვს საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ.

"ჩვენ პრინციპული პოზიცია დავიკავეთ და უარი ვუთხარით მათ შემოსვლაზე. გამოხატვის თავისუფლებას კი ვერავის შევუზღუდავთ და საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობას ვერ ავუკრძალავთ. გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე ნიუ-იორკში დიქტატორები ჩადიან და ჩაუკეტენონ კარები? ეს არის ქაჯობა დიპლომატიაში", - აცხადებს ქუცნაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×