მედიაში გავრცელებული ცნობა ამჯერადაც გამართლდა, დავით სერგეენკო ჯანდაცვის მინისტრობიდან გაუშვეს და მის შემცვლელად ეკატერინე ტიკარაძე დაინიშნა, რომელიც წინამორბედის მსგავსად პირადად ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კადრია - საჩხერის კლინიკის უკვე ყოფილი დირექტორი.
42 წლის ეკატერინე ტიკარაძე ივანიშვილის მიერ დაფინანსებულ საჩხერის კლინიკას 2015 წლიდან ხელმძღვანელობდა და ოპოზიციამ ასევე თქვა ისიც, რომ ის ივანიშვილის პირადი სტომატოლოგია. ცნობისთვის, სერგეენკოც ამავე კლინიკის დირექტორი იყო გამინისტრებამდე და ასევე - ივანიშვილის ოჯახის ექიმიც.
მინისტრობიდან სერგეენკო პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციაში გადაიყვანეს მრჩევლად. მრჩევლად გადაინაცვლებს. მთავრობის ადმინისტრაციაში მინისტრების გადაყვანა ეს „ქართული ოცნების" ერთგვარი პრაქტიკაცაა, ასე პრემიერის მრჩეველი იყო ცოტა ხნით კულტურის მინისტრობიდან გაშვებული გურამ ოდიშარიაც და უკვე ერთი წელია მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელია ასევე მინისტრობიდან გაშვებული კახი კახიშვილიც.
სერგეენკოს მინისტრობიდან წასვლა და ახლის დანიშვნა ბრიფინგზე გამოაცხადა პრემიერ-მინისტრმა სამშაბათს. ბრიფინგზე დავით სერგეენკომ თქვა, რომ წასვლა მისი პირადი გადაწყვეტილებაა და ბოლო კვირეებია კონსულტაციებს მართავდა პრემიერთან. თუმცა, აღსანიშნავია ის, რომ ბოლო 2 კვირაა მამუკა ბახტაძე აშშ-ში ვიზიტად იმყოფებოდა და ამ ვიზიტამდე სერგეენკოს შესაძლო წასვლაზე საუბრები არ ყოფილა, ამიტომაც გაჩნდა კითხვა, რა ასეთი აუცილებლობა იყო, რომ ოკეანის გაღმიდან გამართულიყო კონსულტაციები ცვლილებაზე.
ამასთან, წინა დღით მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტების კითხვაზე, ახალ მინისტრებს ივანიშვილი ნიშნავს თუ არა, მკაფიოდ განაცხადა, რომ ყველა საკადრო ცვლილებას გეგმავს და ახორციელებს თავად. საჩხერის კლინიკის დირექტორის დანიშვნის შემდეგ კი ასევე გაჩნდა კიდევ ერთი კითხვა - რატომ შეარჩია ბახტაძემ მაინცდამაინც საჩხერის კლინიკის დირექტორი და ივანიშვილთან ასოცირებული კადრი.
ამჯერად 12-წევრიან მთავრობაში ივანიშვილის პირად კადრად მიჩნეულია 4 მინისტრი - თავად პრემიერი მამუკა ბახტაძე, შს მინისტრი გიორგი გახარია, ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და ახლად დანიშნული ეკა ტიკარაძე.
გარდა ამისა, მთავრობაში შეუცვლელ მინისტრად მხოლოდ იუსტიციის უწყების ხელმძღვანელი თეა წულუკიანი დარჩა, რომელიც 7 წელზე მეტია ინარჩუნებს პორტფელს დიდი კრიტიკის მიუხედავად. ერთ-ერთი გამორჩეული და ყველაზე რეიტინგული მინისტრი დავით სერგეენკო კი პორტფელის გარეშე დარჩა.
სერგეენკოს უწყებას უკავშირდება „ოცნების" ხელისუფლებას 2 მთავარი პროექტი - - საყოველთაო ჯანდაცვა და ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა. ასევე სერგეენკო მუდმივად იყო ერთ-ერთი გამორჩეული მინისტრი სოციოლოგიურ კვლევებშიც. ბოლო კვლევის მიხედვით, რომელიც აპრილში ჩაატარა ენ-დი-აიმ, ხალხის სიმპათიებით სერგეენკო და კახა კალაძე ლიდერობენ 40-40%-ით. ივანიშვილი კი ამავე კვლევით ანტირეიტინგის ლიდერი იყო.
იმ ფონზე, როცა „ოცნების" რეიტინგი სულ უფრო და უფრო ეცემა და მუდმივად საუბარია იმაზე, რომ მმართველ პარტიას კადრების მოძიება უჭირს, პოლიტოლოგების ნაწილის თქმით, სერგეენკოს მინისტრობიდან წასვლა „ოცნების" რეიტინგისთვის წამგებიანი ნაბიჯია.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძის შეფასებით, წინასაარჩევნო პერიოდში სერგეენკოს გაშვება სარისკო ნაბიჯია.
„სერგეენკოს და ერთი წლის წინ კახი კახიშვილის მინისტრობიდან გაშვება არ არის „ოცნებისთვის" წარმატებული ნაბიჯი. თითოეული ასეთი ადამიანის ჩრდილში გადაყვანა აკლდება „ოცნების" რეიტინგს. თუმცა, მაგალითად კახიშვილის ჩრდილში გადაყვანისას კარზე მომდგარი არ იყო არჩევნები და მაშინ არც ასეთ მძიმე მდგომაროებაში იყო „ოცნება".
"დღეს უკვე ძალიან სარისკოდ მეჩვენება სერგეენკოს გარეშე შეხვედრა ამომრჩეველთან 2020 წელს. ვნახოთ, შესაძლოა ახალი ცოცხი უკეთესია რეფორმებისთვის და ახალმა მინისტრმა 1 წელიწადში საზოგადოებისთვის საგრძნობი რეფორმების განახორციელოს, ამ სიტყვის კარგი გაგებით, რადგან, მაშინაც სერგეენკომ საკმაოდ მცირე დროში გადადგა ის ნაბიჯები, რამაც პოპულარული გახადა, მაგრამ თავისთავად ეს სარისკო ცვლილებაა,"- მიიჩნევს საყვარელიძე.
მისი თქმით, სერგეენკოს პოპულარობა მოიტანა იმან, რომ დღეს ოჯახს ახლობლის მკურნალობისთვის სახლის გაყიდვა აღარ უწევს, თუმცა თვლის, რომ პრობლემები მაინც დარჩა და ახალი მინისტრისთვის არის პოპულარული ნაბიჯების გადადგმის რესურსი, იგივე მედიკამენტების ძალიან დიდ ფასებისა და მონოპოლიებთან ბრძოლა.
გარდა ამისა, საყვარელიძე ამბობს, რომ როგორც თავად იცის, სერგეენკოს თვითონ უნდოდა წასვლა უკვე დიდი ხანია და შესაძლოა „ოცნების" ხელმძღვანელობას სულაც არ უნდოდა სერგეენკოს გაშვება, მაგრამ მოუწიათ.
ანალიტიკოსი გია ხუხაშვილის თქმით, პრაქტიკულად დარწმუნებულია, რომ სერგეენკოს მინისტრობიდან წასვლა თავად სერგეენკოს სურვილით მოხდა და მოლოდინი აქვს, რომ ექსმინისტრი სულ ცოტა ხანში პროფესიაში დაბრუნდება.
„ქართულ ოცნების" რეიტინგისთვის პრობლემური იქნება თუ არა ეს გადაწყვეტილება, ამაზე ლაპარაკი აზრს კარგავს, იმიტომ რომ, „ოცნებას" იმდენი პრობლემა აქვს, ერთით მეტი ექნება თუ - ერთით ნაკლები, რა მნიშვნელობა აქვს?! ისევე როგორც სისულელეა და ვერ განხორციელდება ვითომ ახალი სახეების მიზიდვა. „ქართული ოცნება" პარტია და სახეები არ არის, მხოლოდ ერთი ადამიანია თავიდან ბოლომდე. მთელი მინისტრთა კაბინეტი რომ გადადგეს ხვალ, არაფერი შეიცვლება," - ამბობს ხუხაშვილი.
მისი თქმით, ამ ცვლილებაში დიდი ხარვეზია ის, როდესაც ასეთ მაღალ თანამდებობაზე საჩხერეს ვერ გასცდნენ და ჯანდაცვის მინისტრად საჩხერის საავადმყოფოს ჯერ ერთი დირექტორი, შემდეგ კი მეორე დირექტორი დაინიშნა, რაც აძლიერებს ივანიშვილის მიმართ პრეტენზიებს.
„ბიძინა ივანიშვილს არ უნდა გაუკვირდეს, როდესაც მისკენ ხელს იშვერს საზოგადოება და ამბობს, რომ ყველა გადაწყვეტილებას ის იღებს. როცა ის ამ ტიპის გადაწყვეტილებებს იღებს, თუნდაც სწორი იყოს, ეს მაინცდამაინც კარგად არ გამოიყურება.
"ჯანდაცვის მინისტრის შერჩევის საქმეში საჩხერის საავადმყოფოს ვერ გასცდა. ეს აღიზიანებს საზოგადოებას. როცა ამ განწყობას არ ითვალისწინებ, ე.ი.პატივს არ სცემ საზოგადოებას და ეს უპატვცემლობა ადრე თუ გვიან ცუდად მთავრდება... ახლა ბახტაძემ რამდენიც არ უნდა თქვას, რომ თვითონ მიიღო გადაწყვეტილება, იქიდან გამომდინარე, რომ ეს ქალბატონი საჩხერის საავადმყოფოდანაა, ვინ დაიჯერებს ამას?! შესაბამისად მმართველობითი სისტემა ამიტომაა დაზიანებული"- აცხადებს ხუხაშვილი.