„არ ჩავატარებინებთ გეი აღლუმს, სიცოცხლის ფასად რომ დამიჯდეს - შევაკვდებით”
ელზა პაპოშვილი
18.06.2019

 "თბილისი პრაიდი" და "ღირსების მარში" არ გაუქმდება - გაიმართებოდა თუ არა "თბილისი პრაიდი", ორგანიზატორებს ამაზე გადაწყვეტილება 18 ივნისს უნდა მიეღოთ. მთავარ პრობლემად კვლავ მონაწილეთა უსაფრთხოების საკითხი რჩება. თუმცა, საბოლოოდ გაირკვა, რომ ღონისძიებები არ გაუქმდება და ის ჩატარდება.

მიუხედავად იმისა, რომ ლევან ვასაძემ და მისმა მხარდამჭერებმა გარკვეულ გეგმებზე უკან დაიხიეს, პრაიდის ორგანიზატორები მათი მხრიდან ძალადობას არ გამორიცხავენ.

ორგნიზატორებმა განცხადება გავარცელეს, სადაც ნათქვამია, რომ ხელისუფლების ქმედება სიძულვილის ჯგუფების წინააღმდეგ არასაკმარისია, რაც საფრთხეში აგდებს საქართველოს სახელმწიფოებრიობას.

"სახეზე გვაქვს სახელმწიფოს უმოქმედობა და ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან უპასუხისმგებლო და საფრთხის შემცველი განცხადებები, რომლებიც ერთ სიბრტყეში გვაყენებენ მოძალადე ჯგუფებთან. ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ მიგვანიშნა, რომ არ არსებობს პოლიტიკური ნება და გრძელვადიანი ხედვა, რომელიც ქვეყანაში სიძულვილის აღმოფხვრისა და სისტემური რეფორმების გატარების სურვილზე მიუთითებს.

ხელისუფლების ქმედებები სიძულვილის ჯგუფების წინააღმდეგ არასაკმარისი და არაეფექტურია. საფრთხეშია საქართველოს სახელმწიფოებრიობა და ინსტიტუციები. სწორედ ამიტომ, ჩვენ გავდივართ! გავდივართ, რათა ვაიძულოთ ხელისუფლება, დაიცვას ადამიანის უფლებები და შეასრულოს ქვეყნის კონსტიტუციით აღებული ვალდებულებები,"- ნათქვამია განცხადებაში.

რაინდმა უკან დაიხია - რადიკალური დაჯგუფება პატრულირებაზე უარს ამბობს და ლოცვას იწყებს. ლევან ვასაძემ სახალხო ლეგიონის შექმნა გუშინ დააანონსა, პოლიციას კომბლებით დაემუქრა და თქვა რომ განსხვავებული აზრის ადამიანებს ქუჩაში ქამრებით გაკოჭავს.

ვერის ბაღში გამომძიებლები გამოჩნდნენ, დაკითხვაზე გამოიძახეს ლევან ვასაძის ის მხარდამჭერები, ვინც უკვე მესამე დღეა, არაფორმალური დაჯგუფების წევრებს აგროვებს და თეთრსამკლავურიანთა ასეულებს ქმნის. დაკითხვაზე უკვე დაიბარეს ე.წ. სახალხო ლეგიონის ორი მეთაური, გურამ და ალექსანდრე ფალავანდიშვილები. ასევე დაკითხვაზე ჰყავთ გიორგი მამარდაშვილი და დავით ბერიძე.

არაფორმალური დაჯგუფების შექმნა სისხლის სამართლის დანაშაულია და შინაგან საქმეთა სამინისტრო ამტკიცებს, რომ რაინდობის მიუხედავად, პასუხისმგებლობას თავს ვერავინ აარიდებს.

იმის მიუხედავად, რომ პოლიციამ ვასაძის მიმდევრები გააფრთხილა და მუხლი რომლითაც ძიება მიმდინარეობს, 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, რადიკალთა ჯგუფის წევრები ამბობდნენ, რომ პატიმრობისთვის მზად არიან.

არასამთავრობო სექტორი ფიქრობს, რომ პოლიციას მოქმედებისთვის ცოტა დრო აქვს, ფორმალურად გამოძიების დაწყება და საქმის თაროზე შემოდება ამჯერად არ გამოვა.

უკანონო ფორმირებების შექმნის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაკითხვების სერია დაიწყო. თუმცა, უწყებაში ჯერ არ აკონკრეტებენ რამდენად გრძელია დასაკითხ პირთა სია და მოხვდნენ თუ არა მის სათავეში რადიკალური მოძრაობის მთავარი ლიდერები.

გამოძიების მიუხედავად, ლევან ვასაძე და მისი თანამოაზრეები, ჯერჯერობით, გეგმების შეცვლას არ აპირებენ.

„არ ჩავატარებინებთ გეი აღლუმს, სიცოცხლის ფასად რომ დამიჯდეს. შევაკვდებით," - ეს განცხადება ლევან ვასაძის თანამოაზრემ გააკეთა. ბიზნესმენის დაჯგუფების წევრები აცხადებენ, რომ ნებისმიერი ფორმით წინ აღუდგებიან ლგბტ თემს და პრაიდის ჩატარების უფლებას არ მისცემენ.

ვასაძის ერთ-ერთი თანამებრძოლი, რევაზ გაგნიძე სამართალდამცავების მისამართით აკეთებს განცხადებას და ამბობს, რომ თუ პოლიცია მათ აქტივისტებს დაარბევს, მაშინ ისინი „საკადრის პასუხს" გასცემენ. თუმცა, რა იგულისხმება სამართალდამცველების მისამართით გასაცემ საკადრის პასუხში, ამას გაგნიძე არ აკონკრეტებს.

„ხის კომბალი არ ეკუთვნის არცერთ ცივ იარაღს და არც ცხელ იარაღს. თუ ის აინტერესებს გამოძიებას, რომ როგორი ჯიშის კომბალი რომელი ხისგან არის გამოთლილი, თუ მაგის ექსპერტიზა აინტერესებს, სხვა საქმეა.

"დაზიანებას რომ მიიღებს ადამიანი, იურიდიულად ასე ჰქვია, მაგის მერე იწყება მაგაზე გამოძიება კონკრეტულ საქმეზე, რომელიც იქ არ მოხდება. არავინ არ მოვა იქ კომბლით, ეგ არის ზღაპარი. თუ ამ უწმინდურების გულისთვის, პოლიცია დაიწყებს ხალხის დარბევას, მაგ შემთხვევაში, ხალხი გასცემს საკადრის პასუხს, რა ფორმა იქნება, მაგას მერე დაინახავთ," - განაცხადა რევაზ გაგნიძემ.

პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე სახალხო ლეგიონის ერთ-ერთი ორგანიზატორი, გურამ ფალავანდიშვილი იმყოფებოდა.

„მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი", გურამ ფალავანდიშვილი ამბობს, რომ ის სამართლიანობისთვის იბრძვის. გურამ ფალავანდიშვილი სამართალდამცავებს მწვავედ აკრიტიკებს და აცხადებს, რომ სწორედ ისინი უწყობენ ხელს გარყვნილების პროპაგანდას.

„ჩვენ ველით რომ, როდესაც სოდომის იცავს სახელმწიფო, იმ სახელმწიფომ შეიძლება კანონი გადაამეტოს და მან შეიძლება უკანონობა ჩაიდინოს და ხალხი ფიზიკურად დახოცოს. ამ შემთხვევაში, ჩვენ ვაგროვებთ ბიჭებს, რომელიც სწორედ ამას ფიზიკური ძალით, თავისი დაცვით დაიცავენ. პოლიციის მოვალეობაა, რომ ხელი შეუშალონ პროპაგანდას გარყვნილების. ჩვენ ვიცავთ კანონს, პოლიცია გარყვნილების პროპაგანდას ხელს უწყობს. ამიტომ, პოლიცია გამოდის ჩარჩოებიდან კონსტიტუციის," - განაცხადა გურამ ფალავანდიშვილმა.

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" ფიქრობს, რომ ამ თემის გააქტიურებით, როგორ ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ არიან კონკრეტული ჯგუფები, რომლებსაც საკუთარი მიზნები ამოძრავებთ. აქციების ჩატარება, ჩიტაძის აზრით. ორივე დაპირისპირებული მხარეებისთვის ხელსაყრელია, რათა შემდეგ ამ თემით მანიპულირება და მისი სათავისოდ გამოყენება შეძლონ.

„ორივე მხარე ამ საკითხთან დაკავშირებით არაგულწრფელია. „თბილისი პრაიდის" განცხადებები, რომ დავიცვათ უმცირესობები და ესაა მათი მთავარი გზავნილი გასაგებია, მაგრამ ყოველთვის გვავიწყდება, რომ უმრავლესობის უფლებებიც არსებობს. მინახავს ასევე, თავად სექსუალური უმცირესობებიც უმრავლესობის ინტერესებს როგორ არღვევენ და მათზე ფსიქოლოგიურად ძალადობენ.

"ლგბტ თემის წევრების მხრიდან ჩემი თვალით მაქვს ნანახი, ჩაგვრის იმიტაციას როგორ ახდენენ. ასევე მათი გამოხატვის ფორმები. ეს არ არის დემოკრატია, დემოკრატიაა, როცა სხვის უფლებებს და რელიგიურ შეხედულებებსაც პატივს სცემ. ესაა ფსევდო ლიბერალიზმი, რომლის მიხედვითაც შენი ქვეყნის დისკრედიტაციას შენივე ინტერესებისთვის ცდილობ.

"მსგავსი პრეტენზიები ცხადია მეორე ჯგუფის მიმართაც არსებობს. სამწუხაროდ გამოდიან ადამიანები, რომლებიც მართლმადიდებლურ და რელიგიურ ღირებულებებზე საუბრობენ და რუსეთუმეები არიან. ასეთ ადამაინებს, რა თქმა უნდა, არა აქვთ უფლება, რომ ერის სახელით ისაუბრონ. თუ ჰეტერო სექსუალი ხარ და გაჰყვირიხარ ქრისტიანი ხარ, ეს აპრიორი იმას არ ნიშნავს, რომ მაგარი ადამიანი ხარ. გეიც შეიძლება კარგი ადამიანი იყოს და გარკვეული პიროვნული ღირებულებებით ჰეტეროსაც აჯობოს", - აცხადებს ჩიტაძე „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×