„არ მგონია, რომ ვასაძის ამ მიმართვას კავკასიელი ხალხებისადმი ვინმე გამოეხმაუროს. ვინ არის ვასაძე, რას წარმოადგენს? ერთი რიგითი მოქალაქეა, შეიძლება ვინმემ დეპეშა გამოუგზავნოს“, - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ლევან ვასაძის განცხადებას, რომელიც ლგბტ თემასთან ბრძოლაში კავკასილ ხალხებს მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.
როგორც ვასაძემ ვერის პარკში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, საქართველოში წყდება მთლიანად კავკასიის რეგიონის ბედი, რადგან თუ „თბილისში ჩატარდება პრაიდი, ეს კავკასიის რეგიონშიც მოხდება“. იგი დაღესტნელებს, ინგუშებს, ყაბარდო-ბალყარელებს, სომხებს და აზერბიაჯანელებს მიმართავს საკუთარი პოზიცია ხმამაღლა დააფიქსირონ.
„არ მგონია, რომ ვასაძეს ვინმე გამოეხმაუროს. ვინ არის ვასაძე, რას წარმოადგენს? ერთი რიგითი მოქალაქეა. შეიძლება ვინმემმ დეპეშა გამოუგზავნოს. ეს განცხადება გამწარებული ადამიანის ბოლო ამოფრქვევაა, ისტერიკა. კაცს ვერ გაურჩევია ჯვარი და კომბალი. ხან მარსს მიმართავს, ხან - იუპიტერს.
„ვერ გავიგე, ჩვენ კონსტიტუციურ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, თუ ვასაძის სახელმწიფოში? დღეს ის თავის განცხადებებით კონსტიტუციურ ფარგლებს გარეთ გადის. კიტოვანს მოუგრიხა მაშინ კისერი შევარდნაძემ. ახლა ხომ უფრო ძლიერი დემოკრატიული სახელმწიფო ვართ, ხელისუფლება არ უნდა აყვეს ამ პროვოკაციას.
„რას იტყვის ვასაძე, ეს არ არის ჩემთვის მნიშვნელოვანი. საპატრიარქოს მიმართაც ნაკლები პრეტენზია მაქვს, რადგან თავისი ბუნებით საპატრიარქო არის კონსერვატორი და ნამდვილად ვერ მიესალმება ლგბტ თემას, მაგრამ თავის მრევლთან უნდა აწარმოოს ისეთი საუბრები, სადაც ეს ღირებულებები მკაფიოდ იქნება გამოხატული.
„მე პრეტენცია მაქვს სახელმწიფოსთან, კერძოდ შსს-თან. ხელფასს იღებს წესრიგის დამყარებაში და განცხადებას აკეთებს, რომ ვერ დაიცავს იმათ, ვინც კონსტიტუციის ფარგლებში მოქმედებს? მასე მეც გადამიხადონ ხელფასი, ჩავიცმევ ფორმას, დავიჭერ ხელში ირაღს, მერე წამოვწვები თათქარიძის დივანზე და ვიტყვი, არ შემიძლია ვერ დაგიცვთო“, - განაცხადა „რეზონანსთან“ პაატა ზაქარეიშვილმა.