არის თუ არა ქვეყნისთვის საფრთხე, როცა ბოლო წლების განმავლობაში საგრძნობლად გაზრდილია რუსი ტურისტების ნაკადი და ბოლო 5 თვეში ნახევარ მილიონზე მეტი რუსი ტურისტია შემოსული და როცა საქართველოში უძრავი ქონების მყიდველი უცხოელებიდან უმეტესობა, 53%-ზე მეტი, რუსეთის მოქალაქეა?
„ოცნებაში" აცხადებენ, რომ გაუგებარია რატომ არის აქცენტი მხოლოდ რუსეთზე, როცა საქართველოს მიმართ გეოპოლიტიკური ინტერესები აქვს სხვა ქვეყანასაც. პოლიტოლოგების ნაწილის თქმით კი, რუსეთის განცხადებული სტრატეგიაა, რომ ჰიბრიდული ომის საშუალებით უნდა მოხდეს სხვა ქვეყნებში რუსული გავლენების ზრდა და ამ ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი გამოვლინებაა ე.წ. რუსი ტურისტების მოზვავებაც, რუსების მიერ უძრავი ქონების ყიდვაც და პრორუსული ნარატივების გაზრდა საზოგადოებაში.
აშშ-ს საპრეზიდენტო კანდიდატის, ჯო ბაიდენის მრჩეველი საგარეო საკითხებში და თავდაცვის მდივნის ყოფილი თანაშემწე, მაიკლ კარპენტერი აცხადებს, რომ შესაძლოა საქართველო მალე რუსეთის ხელში აღმოჩნდეს არა სამხედრო აგრესიის, არამედ სხვა სცენარით - რუსი „ტურისტებისა" და რუსების მიერ უძრავი ქონების მასობრივად შეძენით.
„საქართველოში მხოლოდ სამი დღე გავატარე. არ ვარ დარწმუნებული, რომ მთავრობა ბოლომდე აცნობიერებს რუსეთთან ღია კარის პოლიტიკის შედეგებს. ამდენი „ტურისტით" („ეფ-ეს-ბე") და რუსი ბიზნესმენების მიერ ამდენი მიწის ყიდვით, მათ შესაძლოა ერთ დღეს გაიღვიძონ და აღმოაჩინონ, რომ 20% კი არა, 100%-ია ოკუპირებული", - წერს კარპენტერი.
სტატისტიკის მიხედვით, წლიდან წლამდე რუსი ტურისტების რიცხვიც იზრდება და რუსეთის მოქალაქეების მიერ უძრავი ქონების ყიდვაზე დაინტერესებაც მაღალია.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2018-ში საქართველოში 8,7 მილიონი ვიზიტორი შემოვიდა. ვიზიტორთა შორის პირველ სამეულშია, აზერბაიჯანი, რუსეთი და სომხეთი. აზერბაიჯანიდან შემოვიდა - 1 424 610 ადამიანი, რუსეთიდან - 1 404 757, სომხეთიდან - 1 268 886;
2017 წელს რუსეთიდან შემოსული იყო 1 125 057 ადამიანი, 2018 წელს კი ეს მაჩვენებელი 24%-ითაა გაზრდილი.
ასევე გამოქვეყნებულია 2019 წლის 5 თვის მონაცემები. სულ შემოსულია 2 988 478 ვიზიტორია და მათ შორის ნახევარ მილიონზე მეტი ვიზიტორია შემოსული რუსეთიდან - 539 432 ადამიანი. 2018 წლის ანალოგიურ პერიდოში საქართველოში რუსი ვიზიტორების რაოდენობა იყო 410 619 და წელს მაჩვენებელი 128 813 ათასითაა გაზრდილი.
რაც შეეხება უძრავი ქონების ყიდვას. უცხოელების მიერ შეძენილი უძრავი ქონების ნახევარზე მეტი რუსეთის მოქალაქეებზე მოდის. მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის ანგარიშზე დაყრდნობით, „ფორსეტმა" მოამზადა ინფოგრაფიკი, რომლის მიხედვითაც, ხუთი წლის განმავლობაში, 2012-2016 წლებში, უცხო ქვეყნის მოქალაქეების სახელზე უძრავი ქონების რეგისტრაციის 34 024 შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან 53% რუსეთის მოქალაქეების სახელზეა რეგისტრირებული. თურქეთის, ირანისა და ერაყის მოქალაქეების სახელზე კი - ჯამურად 6%.
არის თუ არა რუსი ტურისტები და ბინების მსურველი რუსები ქვეყნისთვის საფრთხე?
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, „ოცნების" დეპუტატი კობა კობალაძე ამბობს, რომ „საკმაოდ ბევრი რაოდენობის უცხო ქვეყნის მოქალაქეა, რომელსაც შეძენილი აქვს საკუთრება ჩვენს სახელმწიფოში და ეს არანაირად არ ნიშნავს, რომ ამით სახელმწიფოს ემუქრება რამე".
„მეორეც, პარლამენტში ახლა ძალიან კარგად არის წარდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა ოთარ დანელიას მხრიდან, რომელიც ითვალისწინებს სასოფლო-სამეურნეო მიწების არგასხვისებას უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე. ასევე, არის სხვადასხვა რეგულაციებიც. გასაგებია, რომ აშშ-ის თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე გამოთქვამს გარკვეულ ვარაუდებს, მაგრამ მიდგომა, რომ უცხოელების მიერ საკუთრების შეძენით ქვეყანა სუვერენიტეტს კარგავს, აბსურდია, ჩემი აზრით," - ამბობს კობალაძე.
მისივე თქმით, თუ საუბარია იმაზე, რომ რუსულ გავლენებს და საფრთხეებს გაზრდის რუსი ტურისტი და ბინების რუსი მყიდველი, იგივე რეცეპტით უნდა მივუდგეთ ჩვენი რეგიონის ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს მოქალაქესაც, რადგან სხვებსაც აქვთ ინტერესები და სხვებიც ყიდულობენ ბინებს.
„რუსეთის მხრიდან მრავალმხრივი საფრთხე შეიძლება არსებობდეს, მაგრამ ჩვენ იმიტომ ვართ სახელმწიფო და იმიტომ ვაკეთებთ ქმედებებს, რომ ეს თემები იყოს ნაადრევ ეტაპზე პრევენციული...
„არ არის აქ გამოსაყოფი მარტო ერთი მიმართულება. ჩვენს რეგიონში რომ გადახედოთ, ნებისმიერი სახელმწიფოს გარკვეულწილად ინტერესთა საგანს წარმოადგენს ჩვენი სახელმწიფო. როდესაც რაღაც ერთ მიმართულებაზე ვაკეთებთ ფოკუსირებას და მეორე მიმართულებას რაღაც შეღავათს ან ღიად ვტოვებთ, ეს გამართლებული არ არის... ჩვენ ნებისმიერი სახელმწიფოს მოქალაქეს, თუ ის შემჩნეული არ არის ჩვენი ანტისახელმწიფოებრივ მოქმედებაში და არ აქვს ჩატარებული სს სამართლის დანაშაული ჩვენი სახელმწიფოს მიმართ, რა თქმა უნდა, მათ ვერ შევუზღუდავთ ვერც ტურისტული მიზნით სიარულს და ვერც უძრავი ქონების ყიდვას.
„საერთოდ, არ ვექვემდებარები ამ პანიკურ გაწყობებს. ნებისმიერი თემა არის საშიშროების გამომწვევი, თუ შესაბამისი პრევენცია არ მოვახდინეთ," - აცხადებს კობალაძე.
უსაფრთხოების ექსპერტი ვახტანგ მაისაიას შეფასებით, ჰიბრიდული ომს მრავალი კომბინირებული ელემენტები აქვს და ტურისტული ინტერვენციაც ამ ომის ერთ-ერთი სახეა.
„კარპენტერის მოსაზრებას გარკვეულწილად ვეთანხმები, რადგან არ ვიცით რუსი ტურისტების სახით სპეცსამსახურის რამდენი თანამშრომელი ჩამოდის. ეს მეთოდი ჯერ კიდევ ჰიტლერმა გამოიყენა ავსტრიის და ჩეხოსლოვაკიის ოკუპაციის დროს. ეს გამოიყენა პუტინმა ყირიმშიც „მწვანე კაცუნების" სახით. ასე რომ, ამგვარი რამ ხდება და ჩვენი სპეცსამსახურების და სამხედრო დაზვერვის ამოცანაა, ეს პრობლემა როგორმე მოაგვარონ. არა მარტო მცოცავი ოკუპაცია, არა მარტო ჩვენი მოქალაქეების გატაცება კონფლიქტის ზონის ტერიტორიიდან, არამედ სწორედ ასეთი ტიპის შემოსევა სპეცსამსახურების ეგიდით მოქმედი თანამშრომლებისა ტურისტებისა თუ ბიზნესმენების სახით.
„რუსეთმა ეს მეთოდი გამოიყენა მონტენეგროში. მონტენეგრო იყო რუსული ტურიზმის ერთგვარი ჰაბი და მერე იქამდე მივიდა საქმე, რომ რუსული სპეცსამსახურების მიერ დაქირავებულმა გასამხედროებულმა ჯგუფებმა პარლამენტსაც შეუტიეს და მოინდომეს გადატრიალების მოწყობა 2016 წელს," - ამბობს მაისაია.
მისი თქმით, ეს ყველაფერი დამაფიქრებელია და იმედია, ჩვენს სპეცსამსახურებს ეს პროცესი აყვანილი აქვს კონტროლქვეშ.
„ამის იმედს იძლევა გომელაურის მიერ პარლამენტში წარდგენილი მოხსენება. ბუნებრივია, დახურულ რეჟიმში კონკრეტული ფაქტებიც იყო წარმოჩენილი. ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენი სპეცსამსახურები ამ პროცესს აკონტროლებს და ხდება ჰიბრიდული აგენტების გამოვლენა," - დასძენს მაისაია.