ეკატერინე ბასილაია
19.06.2019

 „დღეს, მე რომ მკითხოს კაცმა, ფარისეველი მეტია მორწმუნეთა რიგებში, ვიდრე რეალური მორწმუნე და ეს ცალკე პრობლემაა... საბჭოთა კავშირი იმიტომ ვახსენე, რომ ამ ლგბტ თემის წინააღმდეგ საზოგადოების 90%-ია განწყობილი და სწორედ იმ რეაქციულ ძალებს, ვისაც საბჭოთა კავშირი ძალიან მოსწონდა და დღეს რუსეთი მოსწონს, მათ აძლევს საშუალებას, ეს გააკეთონ. ამას თუ ხვდება ლგბტ თემი და განზრახ აკეთებს, მაშინ რა მიზანი აქვს? და თუ ვერ ხვდება, ჩვენ ვეუბნებით, რომ ასეა და უნდა ხედავდეს,"- აცხადებს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე.

„რეზონანსი": ლგბტ თემის მიერ დაანონსებული კვირეული დაიწყო და სასულიერო პირების ჩართულობით აგრესიული ჯგუფების პროტესტი არ ცხრება განცხადებებით, რომ ქუჩაში გარყვნილების პოპულარიზაციას ყველანაირი ხერხით აღკვეთენ. თქვენი აზრით, რა პროცესებს ვხედავთ დღეს?

ვახტანგ ძაბირაძე: სამწუხაროდ, ყველა მიმართულებით არის კრიზისული და არასტაბილური ვითარების შექმნის მცდელობა. რამდენიმე ათეული ადამიანი რომ რაღაცას აკეთებს, ამაზე ამხელა აჟიოტაჟის ატეხვა არ მესმის. რაღაცას რომ აკეთებ, მიზანი ხომ უნდა გქონდეს?

ლგბტ აქცია მიზნად ისახავს იმას, რომ მასზე მედიამ ილაპარაკოს, გაშუქდეს, საზოგადოებამ გაიგოს. ეს ხალხი გამოდის იმ მიზნით, რომ „ჩვენ ასეთები ვართ". ხოლო კონტრაქცია, რომელიც ამას უპირისპირდება, სწორედ ამის პოპულარიზაციას უწყობს ხელს. ლგბტ აქცია რომ მშვიდად ჩატარებულიყო და სხვათა შორის გაშუქებულიყო, მოსახლეობის 90% ამას ყურადღებას არ მიაქცევდა, მაგრამ დღეს იმ თემამდე ავიდა, რომ ლამის სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე მივიდეთ, ყოველ შემთხვევაში სიტყვიერად მაინც. აღარაფერს ვლაპარაკობ იმ მოწოდებებზე, როდესაც ხელისუფლებას ემუქრებიან, აცხადებენ, რომ „აღვკვეთთ", „კორდონებს გავარღვევთ", ფაქტობრივად დაუმორჩილებლობას აცხადებენ და ქმნიან არაფორმალურ რაზმებს.

კითხვა ჩნდება - ან ერთი, ან მეორე მხარე რის მიღწევას ცდილობს ამით? რეალურად, ცდილობენ, რომ ქვეყანაში სიტუაცია დაძაბონ. საქართველოში სხვა პრობლემები არ დგას? ან მეორე - რა პრობლემები აქვს ლგბტ თემს, დასაქმებას უზღუდავს ვინმე თუ რა პრობლემა აქვთ?

ამ ხალხს ავიწყდება, რომ სულ რაღაც 30 წლის წინ არათუ აქციები, სს სამართლის დანაშაული იყო და ციხეში სვამდნენ ასეთი უმცირესობის წარმომადგენლებს და ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა სწორედ ის ხალხია, ვინც იმ პერიოდში ცხივრობდა.

„რ": ლგბტ თემს რომ პრობლემა აქვს, თუნდაც ეს აგრესია არ აჩვენებს ამას?

ვ.ძ.: არა, ეს აგრესია აჩვენებს იმას, რომ ჩვენი საზოგადოების გაბითურებას ცდილობს ვიღაცები და ცდილობენ ამ ყველაფრით ჩაანაცვლონ პრობლემები და ეს გამოიყენონ პოლიტიკური და სხვადასხვა მიზნებისთვის...

„რ": თქვენც ეთანხმებით იმ მოსაზრებას, რომ როცა ასეთი მიუღებლობაა, ლგბტ თემი სახლში უნდა დაჯდეს და რა დროს გამოხატვის თავისუფლებაა?

ვ.ძ.: რა თქმა უნდა, არ ვეთანხმები. მე ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ ხელისუფლებამ აკრძალოს. ვამბობ, რომ ორივე მხარეს აქვს გამოსვლის უფლება, მაგრამ როდესაც ამ ნაბიჯს დგამ, ხომ უნდა შეაფასო სიტუაცია, ხომ უნდა გქონდეს რაღაც მიზანი და რა მიზანია ეს?! რატომ არის დღეს ეს აუცილებელი საქართველოში?

„რ": და როდის არის აუცილებელი და როდის მოვა ეს დრო? საბჭოთა კავშირი ახსენეთ და მაშინ არა მარტო ლგბტ თემი, არამედ ჯვრის ტარებაც და რელიგიაც იყო აკრძალული, მაგრამ დღეს ყველა აგრესიული ადამიანი სწორედ რელიგიის სახელით გველაპარაკება.

ვ.ძ.: დღეს, მე რომ მკითხოს კაცმა, ფარისეველი მეტია მორწმუნეთა რიგებში, ვიდრე რეალური მორწმუნე და ეს ცალკე პრობლემაა... საბჭოთა კავშირი იმიტომ ვახსენე, რომ ამ ლგბტ თემის წინააღმდეგ საზოგადოების 90%-ია განწყობილი და სწორედ იმ რეაქციულ ძალებს, ვისაც საბჭოთა კავშირი ძალიან მოსწონდა და დღეს რუსეთი მოსწონს, მათ აძლევს საშუალებას, ეს გააკეთონ. ამას თუ ხვდება ლგბტ თემი და განზრახ აკეთებს, მაშინ რა მიზანი აქვს? და თუ ვერ ხვდება, ჩვენ ვეუბნებით, რომ ასეა და უნდა ხედავდეს.

„რ": სამღვდელოება არის ამ აგრესიული ჯგუფების მხარეს და თქვენი აზრით, შეუწყო თუ არა ხელი ამ დიდი აგრესიის პროვოცირებას სასულიერო პირების განცხადებებმა?

ვ.ძ.: ეკლესიის განცხადება შეიძლება მისაღები არ არის, მაგრამ გასაგებია. ეკლესია და ქრისტიანობა ამ თემის საქმიანობას უდიდეს ცოდვად თვლის. თუმცა როდესაც განცხადება კეთდება, ეკლესიაც უნდა იყოს ფრთხილი და მოზომილი, ხელი კი არ უნდა შეუწყოს აგრესიის განვითარებას, არამედ პირიქით, უნდა შეძლოს, რომ აგრესია დააცხროს ისე, რომ თავისი პოზიცია შეინარჩუნოს.

აგრესიული ჯგუფების გვერდით დგომა, ეს ძალიან ცუდია. ეჭვი მეპარება იმაში, რომ მათ ქრისტიანული მორალი მართლა კარგად იციან.

„რ": ლევან ვასაძის მოწოდებების შემდეგ ის დაკითხვაზეც კი არ ყოფილა და ეს რამდენად ადეკვატურია?

ვ.ძ.: მისი განცხადებების შემდეგ ხელისუფლებას ნაბიჯები უნდა გადაედგა, მაგრამ, სამწუხაროდ, ხელისუფლებისთვისაც მომგებიანია ის ვითარება, რაც დღესაა, იმიტომ რომ, სჯობს ვილაპარაკოთ ამ დაპირისპირებაზე, ვიდრე საზოგადოების რეალურ პრობლემებზე.

ამიტომ ხელისუფლება შეცდება, რა თქმა უნდა, იქამდე არ მიიყვანოს საქმე, რომ დაპირისპირება ქუჩაში გადავიდეს და რთულ სამოქალაქო დაპირისპირებამდე მივიდეს საქმე, მაგრამ ის, რომ ეს თემა აქტუალური იყოს და საზოგადოების ინტერესი აქეთ მიმართოს, ამას შეეცდება და ცდილობს კიდეც.

„რ": რა ნაბიჯი უნდა გადადგას ხელისუფლებამ დღეს?

ვ.ძ.: აქტიური მოქმედებები უნდა განახორციელოს სწორედ იმ განცხადებებიდან გამომდინარე, რაც გაკეთდა ვასაძის და იქ შეკრებილი ხალხის მიერ. თუმცა პასიურობს და დროს წელავს. ამ აგრესიულ ჯგუფს განცდაც კი გაუჩნდა, რომ ხელისუფლება მათ მხარესაა და გაიმარჯვეს, მაგრამ არ ვიცი, ვისთან გაიმარჯვეს 10-15 კაცთან? ჩვენი ეროვნული ენერგია ახლა ამას უნდა შევწიროთ?

ეს ვითარება საკმაოდ სახიფათოა. ასე ხელოვნურად ყალიბდებოდნენ ფსევდო ლიდერები ამ ქვეყანაში, რომლებმაც მერე საკმაოდ დიდი უბედურება დაგვატეხეს თავს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×