ია აბულაშვილი
20.06.2019

 "ვიცოდი, რომ პარლამენტში უნა გამართულიყო დებატები, მაგრამ არ ვიცოდი, რომ სხდომა რუს დეპუტატს, გავრილოვს უნდა წაეყვანა, როდესაც გავიგე - დარბაზში პროტესტის ნიშნად აღარ შევედი.

"გავრილოვმა გაბედა სხდომის წაყვანა, რისი უფლებაც მას არ ჰქონდა, ამით მან ყოველგვარი მორალური ზღვარი გადაკვეთა, ეს იყო ჩვენი შეცდომაც, ეს არ უნდა დაგვეშვა"- ასე ეხმაურება უმრავლესობის დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს.

ცნობისთვის, 19-23 ივნისს თბილისში მართლმადიდებლური საპრალამენტაშორისო ასამბლეის სხდომა იმართება, რომელსაც რუსი დეპუტატებიც ესწრებიან.

საქართველოს პარლამენტში გამართულ ასამბლეის რიგით სხდომას რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან უძღვებოდა, რომელიც აღიარებს აფხაზეთის და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობას და საქართველოს მოქალაქეებს ურჩევს შეეგუოს ამ რეალობას.

ოპოზიციამ ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატების პარლამენტში მისვლა და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავება გააპროტესტა და ტრიბუნა დაიკავა.

დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის ეს ქმედება ასევე გააპროტესტეს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა და უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ, რომელმაც განაცხადა, რომ რუსი დეპუტატების ადგილი საქართველოს პარლამენტში არ არის, ეს კონფერენცია დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და დუმის წევრებმა საქართველო უნდა დატოვონ.

"მართლმადიდებულ საპრლამენტაშორისო ასამბლეის სხდომა თბილისში პირველად გაიმართა. სხდომას პირველ დღეს მეც ვესწერბოდი და ვფიქრობ, რომ ყველა საერთაშორისო ტრიბუნა უნდა იყოს გამოყენებული, რათა ჩვენი პოზიცია დავაფიქსიროთ, რომ რუსეთი არის ოკუპანტი ქვეყანა და არღვევს ჩვენ უფლებებს.

"პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გამოსვლა სხდომის პირველ დღეს იყო ძალიან კრიტიკული, ღია და სწორი მესიჯებით, რამაც უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა ოკუპანტი ქვეყნის დეპუტაცია.

"დღევანდელ ფორმატთან დაკავშირებით ვიცოდი, რომ უნდა გამართულიყო დებატები, მაგრამ არ ვიცოდი რომ სხდომას წაიყვანდა რუსი დეპუტატი გავრილოვი, როდესაც გავიგე დარბაზში პროტესტის ნიშნად არ შევედი. გავრილოვმა გაბედა სხდომის წაყვანა, ამის უფლება ამას არ ჰქონდა, ამით მან ყველანაირი მორალური ზღვარი გადაკვეთა.

"ეს იყო ჩვენი შეცდომაც და ეს არ უნდა დაგვეშვა. როგორ და რანიარად მოხდა, ეს ყოველივე მალე გარკვევა"- განაცხადა "რეზონანსთან" უმრავლესობის დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×