ელზა პაპოშვილი
20.06.2019

 დაძაბულობა, სიტყვიერი შეხლა-შემოხლა და ბლოკირებული პარლამენტის შენობა -საქართველოს პარლამენტში დაწყებიდან რამდენიმე ხანში ჩაიშალა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესია, მას შემდეგ, რაც რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიერ დილის სხდომის წაყვანას მოჰყვა მწვავე პროტესტი პროდასავლური ოპოზიციის და სამოქალაქო აქტივისტების მხრიდან. გავრილოვის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილიდან სხდომის წაყვანა გააპროტესტეს "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმაც.

პარლამენტის სასესიო დარბაზი ბლოკირებულია - ოპოზიციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღეს. მას შემდეგ, რაც რუსი დეპუტატები პარლამენტში მივიდნენ და სერგეი გავრილოვმა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა, ოპოზიცია სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად პარლამენტში დემარშით შევიდა.

პირველებმა, ვინც ეს პროტესტი გამოხატა, „ევროპული საქართველო" იყო. ისინი შესვენებაზე საქართველოს დროშით ტრიბუნაზე ავიდნენ და გავრილოვს სხდომის წაყვანის საშუალება აღარ მისცა. მცირე ფიზიკური დაპირისპირებაც კი მოხდა, ადა მარშანიამ თინა ბოკუჩავას და ელენე ხოშტარიას ტრიბუნიდან ჩამოყვანა სცადა.

ამის შემდეგ კი ზაქარია ქუცნაშვილმა, რომელიც ამ სესიის ჩატარების ორგანიზატორი იყო, განაცხადა, რომ სხდომის ამ რეჟიმში გაგრძელება შეუძლებელი იყო და სხდომა რუსმა დეპუტატებმა დატოვეს.

ისინი ირაკლი კობახიძის გადადგომას ითხოვენდნენ და ამბობდნენ, რომ სხდომათა დარბაზს არ დატოვებდნენ, ვიდრე კობახიძე თანამდებონიდან არ წავა. სხდომათა დარბაზში იმყოფებოდა ნიკა მელია, სხვა დეპუტატებს კი პარლამენტის შესასვლელიდან სასესიო დარბაზისკენ გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ.

სასტუმრო რედისონთან იმყოფებოდნენ ოპოზიციის ლიდერები და სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც რუსეთის დელეგაციის საქართველოდან წასვლას სასწრაფოდ ითხოვდნენ.

გავრილოვმა და რუსმა დეპუტატებმა საქართველო და სასტუმრო საღამოს დატოვეს. აქციის მონაწილეებმა მათ სასტუმროს ტერიტორიის დატოვების საშუალება მისცეს. თუმცა, ადგილზე მცირე დაპირისპირება მოხდა. პოლიცია აქციის მონაწილეებს იმ ავტომობილებთან მიახლოვების საშუალებას არ აძლევდა, სადაც რუსი დეპუტატები ისხდნენ. მათ ქვეყანა სახელმწიფო დაცვის თანამშრომლების დახმარებით დატოვეს.

გავრცელდა მედიით დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც გავრილოვს, რომელიც საქართველოს აეროპორტში ჩამოვიდა, ასევე სპეციალური სამსახურის დაცვის ავტომბილი დახვდა.

საკანონმდებლო ორგანოს შენობა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლებს ალყაში ჰქონდათ მოქცეული და შიგნით აქტივისტებს არ უშვებდა.

რუსეთის დუმის კომუნისტმა დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტის შენობა რადიკალებმა დაიკავეს, წყალი შეასხეს და დოკუმენტების წართმევა სცადეს. გავრილოვის ამ განცხადებას სააგენტო „რია-ნოვოსტი" ავრცელებდა.

გავრილოვის თქმით, საქართველოში რუსი დეპუტატების ვიზიტის წინ გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, რომ ის აფხაზეთის და დნესტრისპირეთის ომების მონაწილეა. დუმის დეპუტატის მტკიცებით, შეიარაღებულ კონფლიქტებში მონაწილეობა არასდროს მიუღია.

„რია-ნოვოსტის" მოჰყავს გავრილოვის განცხადებაც იმის შესახებ, რომ ჩაშლის საფრთხის წინაშეა ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ საკითხებზე რუსეთ-საქართველოს ყველა მოლაპარაკება.

დაუშვებელია, საქართველოს პარლამენტში ოკუპანტი სახელმწიფოს წარმომადგენელი ხელმძღვანელობდეს რაიმე სახის ფორუმს. როგორც მატყობინებენ, ეს იყო პროტოკოლური შეცდომა, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადებაშია აღნიშნული.

„სრულიად ვიზიარებ ჩვენი თანამოქალაქეების გულწრფელ აღშფოთებას საქართველოს პარლამენტში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. დაუშვებელია, საქართველოს პარლამენტში ოკუპანტი სახელმწიფოს წარმომადგენელი ხელმძღვანელობდეს რაიმე სახის ფორუმს. როგორც მატყობინებენ, ეს იყო პროტოკოლური შეცდომა, რომლის პოლიტიკური მნიშვნელობა, სამწუხაროდ, ორგანიზატორებმა ვერ გაითვალისწინეს, რასაც აუცილებლად უნდა მოყვეს შესაბამისი რეაგირება. მე უკვე ვესაუბრე პარლამენტის თავმჯდომარეს, გამოვხატე ჩემი მკაცრი პოზიცია და, რა თქმა უნდა, ჩემი რეკომენდაცია იყო ამ სხდომის დაუყოვნებლივ შეწყვეტა", - ნათქვამია განცხადებაში.

"მხოლოდ ორი რამ დააკლდა საქართველოს სრულ ოკუპაციას, ეს გახლავთ პარლამენტის თავზე რუსეთის დროშის აღმართვა და რუსეთის ჰიმნის გაჟღერება," - ეს განცხადება, მოძრაობა „ძალა ერთობაშიას" ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ქაცარავამ „რეზონანსთან გააკეთა. მისი თქმით, პოლიციამ გავრილოვი სასტუმროდან და ქვეყნიდან ძალით გაიყვანა. ასევე სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ხელი აღმართეს.

„ჩვენ ჩამოვედით აქ, რომ გავრილოვისთვის დისკომფორტი შეგვექმნა. მან განაცხადა, რომ ბედნიერია, და სრულ კომფორტში არის ადამიანი, რომელიც კლავდა ქართველებს აფხაზეთში, რომელმაც ხელი მოაწერა აფხაზეთის და სამაჩაბლოს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებს აქტს. ეს ადამიანი ჯდება პარლამენტში თავმჯდომარის სკამზე, რუსულად საუბრობს. მარტო დროშა აღარ ამართეს. თუ ესენი ქვეყანას რუსეთს აბარებენ, ჩვენ ამას არ ვაპირებთ",- განაცხადა ქაცარავამ „რეზონანსთან".

დავით ქაცარავა ითხოვს, რომ გავრილოვმა ბოდიში მოიხადონ იმ დეპუტატებმა, ვინც მათ შემოსვლას ხელი შეუწყეს.

„იმ დეპუტატებმა, იმ საინიციატივო ჯგუფმა, რომელმაც ჩამოაბრძანა ეს ადამიანი საქართველოში, ბოდიში უნდა მოიხადონ," - განაცხადა ქაცარავამ „რეზონანსთან".

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა-ს" თავმჯდომარე გიორგი მშვენიერაძე რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავებას „რეზონანსთან" აფასებს. მისი განცხადებით, ეს ფაქტი რუსეთის ზრახვების პირდაპირი გამოხატულებაა.

მშვენიერაძე მსგავსი პრეცედენტის აღკვეთაზე საუბრობს და ამბობს, რომ ასეთ ქმედებას მომავალში ქართველი ხალხის მხრიდან უფრო მკაცრი პროტესტი მოჰყვება.

„ის, რომ ბატონი გავრილოვი და მისი თანამოაზრეები დღეს საქართველოში იმყოფებიან, იკავებენ ჩვენი საჯარო დაწესებულებების, ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი თანამდებობის პირების სკამებს, ეს არის სიმბოლიზმი და გამოხატვა იმ ზრახვების, რაც რუსეთის ხელისუფლებას აქვს.

"ეს არის ამავდროულად ჩვენი უთავმოყვარეობაც, რომელსაც, სამწუხაროდ, ხელისუფლებამ მისცა საშუალება, რომ ამ სახით ყოფილიყო გამოხატული. ჩვენ, ამ ქვეყნის მოქალაქეები, რომლებსაც გვსურს თავისუფალი, პროგრესული ევროპული ყაიდის ქვეყნის ჩამოყალიბება, არ დაუშვებს ჩვენ ქვეყანაში მსგავს პრეცედენტებს. გვექნება პროტესტი, გვექნება პროტესტი უფრო მკაცრი და უფრო ცხადიც, ვიდრე შეიძლება ეს დღეს იყოს. ხელისუფლებამ ეს დაუშვა ან უმოქმედობით, ან განზრახ. არ აქვს მნიშვნელობა, ამისთვის მან პასუხი უნდა აგოს,"- განაცხადა მშვენიერაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×