საფინანსო ორგანიზაციებს მომხმარებლის შევიწროება, ზეწოლა, შეურაცხყოფა აეკრძალებათ. ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ ცვლილებები წელსვე ამოქმედდება, თუმცა დოკუმენტი აკრძალავს იმ ქმედებებს, რომელიც ისედაც დანაშაულია სხვადასხვა საკანონმდებლო აქტების მიხედვით.
`ფინანსური ორგანიზაციების მიერ სესხის/კრედიტის ამოღებასთან დაკავშირებულ ეთიკის კოდექსის~ მიზანია ფინანსური ორგანიზაციების მიერ სესხის/კრედიტის ამოღებისას მომხმარებლებთან ურთიერთობის საერთაშორისო საბანკო პრაქტიკაში მიღებული წესებისა და ჩვევების დამკვიდრების ხელშეწყობა.
სამომავლოდ ფინანსურ ორგანიზაციას მომხმარებლების ვადაგადაცილებული სესხის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროება აეკრძალება. გარდა ამისა, ორგანიზაცია ვალდებული იქნება მომხმარებელს მხოლოდ მის მიერ მიწოდებულ რეკვიზიტებზე დაუკავშირდეს დღის 10:00 საათიდან 20:00 საათამდე პერიოდში.
დოკუმენტში გაწერილი მოთხოვნების შესრულება კოდექსის დამტკიცების შემდეგ ეროვნული ბანკის რეგულირებისა და ზედამხედველობის ქვეშ მყოფი სესხის გამცემი ყველა ორგანიზაციისათვის, მათ შორის, სესხის გამცემი სუბიექტისთვის სავალდებულო იქნება. აღნიშნული დოკუმენტი მხოლოდ სამუშაო ვერსიას წარმოადგენს, რომელიც განხილვის პროცესში, შეიძლება შინაარსობრივი და ტექნიკური ხასიათის ცვლილებებს დაექვემდებაროს.
`რეზონანსი~ დაუკავშირდა ეროვნულ ბანკს და დაინტერესდა როდიდან შევა კოდექსი ძალაში. ცენტრალურ ბანკში აცხადებენ, რომ ჯერ დაინტერესებული მხარეებს მიეცათ დროს მოასაზრებების გამოსახატად და ზუსტ თარიღს ვერ დაასახელებენ, თუმცა დანამდვილებით იციან, რომ ცვლილებები წელსვე ამოქმედდება.
ანალიტიკოსი მერაბ ჯანიაშვილი ამბობს, რომ ეთიკის კოდექსი კრძალავს იმას, რაც ისედაც სისხლის სამართლის დანაშაულია, ამიტომ დოკუმენტი არაქმედითია. კონკრეტული სანქცირების გარეშე, ვითარება ვერ შეიცვლება.
`რადგან სებმა ამ დოკუმენტში ჩაწერა, რომ არ შეიძლება სესხის ამომღები კომპანიის მხრიდან ადამიანების მუქარა და დაშინება, ამით აღიარა, რომ მსგავს ფაქტებს ჰქონდა ადგილი. ამას არ აღიარებდნენ ან არ ერეოდნენ, თუმცა ამის შესხებ ვიცოდით ყველამ. მეც უამრავი ფაქტი შემიძლია მოვიყვანო. ეს ქმედება, ეროვნული ბანკის მხრიდან არა მხოლოდ დაგვიანებულია, არამედ საერთოდ არაფერს შეცვლის. მიზეზი კი მარტივია. ამას ჰქვია ეთიკის კოდექსი, რომელიც ალბათ დღესაც აქვთ ამ ორგანიზაციებს და როგორც წესი, არასოდეს არის ხოლმე სავალდებულო ხასიათის და ასევე ვერ ხდება მის მიხედვით სანქცირება.
სებ-მა ამ კოდექსით აკრძალა ის, რაც ისედაც სისხლის სამართლის დანაშაულია - მუქარა, დაშინება, პერსონალურ მონაცემებზე წვდომა და ა.შ. როგორ შეიძლება ჩვენ ვთქვათ, რომ სამსახურში გვაქვს ეთიკის კოდექსი, რომლითაც ადამიანების მოკვლაა აკრძალული? დაახლოებით ასეთი ამბავია ეს აკრძალვების ჩამონათვალიც. ეთიკის კოდექსი უნდა არეგულირებდეს იმას, რასაც არ მოიცავს სხვადასხვა საკანონმდებლო აქტები.
მომხმარებელთა უფლებები უსერიოზულესი პრობლემაა ამ კუთხით და ამაზე წლებია მიმდინარეობს საუბარი. პირადადაც არაერთხელ დამიყენებია ეს საკითხი. დღემდე ასეა. კარგია, რომ ეროვნული ბანკი მიხვდა ამას, მაგრამ ცუდია, რომ არ შექმნა ქმედითი მექანიზმი~, - აღნიშნავს ანალიტიკოსი `რეზონანსთან~ საუბრისას.