ეკატერინე ბასილაია
20.06.2019

 „რომელი პროტოკოლის უფროსი გაბედავს პარლამენტის თავმჯდომარის პირდაპირი სანქციის გარეშე მის სავარძელში ნებისმიერი ადამიანის ჩასმას, ეს ხომ ზღაპარია?! მინიმუმ სანქცია გაცემული იყო კობახიძის მიერ... ქუცნაშვილი საერთოდ ვის არის, ვის დაკარგვია?! ქუცნაშვილი ვერ მიიღებდა გადაწყვეტილებას...

"ყველაზე მძიმე საყურებელი ის არის, როგორ ცდილობენ გემიდან გაქცევას და გამწარებულები ეძებენ, ვის დააბრალონ ეს ყველაფერი, ოღონდ თვითონ არ დაბრალდეთ,"- აცხადებს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი.

„რეზონანსი": ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატები და მათ შორის გავრილოვიც, თბილისში, პარლამენტში პლენარულ დარბაზში სესიის ჩასატარებლად სწორედ „ოცნებამ" მოიწვია და ეს უმრავლესობაში არავის გაუპროტესტებია. ახლა კი „ოცნება" გვეუბნება, რომ მათთვისაც მძიმე სანახავი იყო სპიკერის სავარძელში ჩამჯდარი გავრილოვი და რომ მიუღებელია თურმე პარლამენტში რუსი დეპუტატების ყოფნა. ეს რას ნიშნავს, ან როგორ მოხდა ისე, რომ თურმე „ოცნებაში" არავინ არაფერი იცოდა?

გია ხუხაშვილი: ეს არის კლასიკური ვირთხის საქციელი, როდესაც თავისი სიბრიყვის გამო რამე პრობლემას წააწყდება და გარბის. ასე არიან ესენიც, გარბიან და ცდილობენ ხელი სხვას შეახოცონ, მაგრამ ვის უნდა შეახოცონ ხელი?! ასეთ ტრაგიკომედიას ვუყურებთ დღეს.

შორს ვარ იმ აზრისგან, რომ შეთქმულების თეორია განვავითარო და რაღაც ბნელი ზრახვები და გეგმები დავინახო. უბრალოდ მედროვეების დოღია. ამ ადამიანებს

უბრალოდ არ ესმით პოლიტიკა, არ ტკივათ ეს ქვეყანა, არც ოკუპაცია ტკივათ, არც ცხინვალი და არც აფხაზეთი ტკივათ, არ ესმით ამ ქვეყნის პრობლემები, არაფერი არ ესმით. მზად არიან მურუსიძე ჩაიხუტონ, ეშმაკსაც კი შეეკრან, ოღონდ ხელისუფლებაში იყვნენ.

საკუთარი ჭიის გახარების ამოცანა აქვთ მხოლოდ და თუ ამ ჭიას რამე პრობლემა შეექმნა, მერე იწყებენ ფართხალს, ცდილობენ თვითონ აირიდონ პასუხისმგებლობა და ვიღაცას შეახოცონ ხელი. ასეთი პოლიტიკური ელიტა გვყავს, რომელიც არ თვლის, რომ რამეზე პასუხისმგებელია. თვლიან, რომ მხოლოდ უფლებები აქვთ. მხოლოდ ჭამაზე არიან გადასულები.

„რ": „ოცნება" ძირითადად იმას გვეუბნება, რომ სპიკერის სავარძელში რომ ჩაჯდა გავრილოვი, ეს არ ვიცოდით და ეს არის მძიმე საყურებელიო. ამ ყველაფერში სავარძელში ჩაჯდომა - არ ჩაჯდომაა მთავარი, თუ საერთოდ პარლამენტში რუსი დეპუტატების პატივით მიღება?

გ.ხ: პრობლემაა სესიის ხელმძღვანელი რომ იყო რუსი დეპუტატი და პრობლემაა ის, საერთოდ საქართველოს პარლამენტში რუსული დელეგაცია როგორ აღმოჩნდა. კი, ბატონო, შეიძლება რუსული დელეგაცია ჩამოვიდეს საქართველოში, ვისაც „ოკუპაციის შესახებ" კანონი დარღვეული არ აქვს, მაგრამ პარლამენტის შენობა არის ამ ქვეყნის სუვერენიტეტის სიმბოლო და იქ რუსული დელეგაციის შესვლა, ოკუპაციის ნაწილია. არ შეიძლება ეს სხვანაირად იყოს აღქმული.

„რ": თქვენი აზრით, „ოცნებაში" არავინ იცოდა, რომ სახელმწიფო ღირსების საქმეა საკუთარ პარლამენტში ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატები არ შეუშვა? კობახიძემ, თალაკვაძემ და მდინარაძემ არ იციან, რას ნიშნავს სახელმწიფოს სიმბოლოები?

გ.ხ: არ იციან, არა. არ ესმით. არ ტკივათ ოკუპაცია. არ აქვთ განცდილი ის პრობლემები, რაც არსებობს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში. როდესაც გეუბნებიან, რომ თურმე მურუსიძე გმირია და შავგულიძე მტერი, ასეთ ადამიანებს რა უნდა მოკითხო?!

მეტნაკლებად ჭკვიანი ადამიანი მიხვდებოდა, რა რეაქცია შეიძლება ამას გამოეწვია, მაგრამ არ იციან და რაც მთავარია, არ ესმით. არ ცოდნა და არც განცდა ერთი დიდი სიბრიყვეა და ამ სიბრიყვით მოუვიდათ. წინასწარ რომ სცოდნოდათ, რა თქმა უნდა, ამას არ გააკეთებდნენ. ყველაზე მძიმე საყურებელი ის არის, როგორ ცდილობენ გემიდან გაქცევას და გამწარებულები ეძებენ, ვის დააბრალონ ეს ყველაფერი, ოღონდ თვითონ არ დაბრალდეთ.

მინდა ბიძინა ივანიშვილს ვუთხრა, რომ ამ თემასთან დაკავშირებით ხელის შეხოცვის სურვილი, არის მისთვის ტესტი იმის, როგორ მოექცევა ეს ხალხი თვითონ ივანიშვილს, როგორც კი პრობლემა შეიქმნება. ყველაფერზე მას შეახოცავენ ხელს. დაიწყებენ ყვირილს, ყველაფერს ბიძინა გვავალებდა, თორემ ჩვენ ანგელოზები ვართო. ამ ხალხით უნდა ქვეყნის მართვა?!

„რ": საზოგადოების დიდ ნაწილიც დარწმუნებულია, რომ ივანიშვილის ნებართვით მოიწვიეს გავრილოვი...

გ.ხ: ამაშია პრობლემა. ივანიშვილს იმის გამჭრიახობა ნამდვილად აქვს, რომ დაეთვალა, რა შეიძლება ამას მოჰყოლოდა, ამ ბრიყვებისგან განსხვავებით. ამიტომ, არ მგონია, რომ ივანიშვილისგან ყოფილიყო სანქცირებული ამ თემის ამ ფორმით გადაწყვეტა, მაგრამ კი, მას ბრალდება. „ოცნების" წევრებიც კი მისკენ გაიშვერენ ხელს. ჯერ შეეცდებიან მეისრე ქვემოთ ნახონ, თუ ქვემოთ ვერ ნახეს, მერე ზემოთ გადაწვდებიან. იმიტომ რომ, თვითო არაფერს არ იღებენ პასუხისმგებლობას.

„რ": თქვენი აზრით, ოცნების მხრიდან ეს დაგმობები, რამ გამოიწვია, ხალხის პროტესტმა?

გ.ხ: რაც მთავარია, ივანიშვილის განცხადებას მოჰყვა ყველაფერი. ერთის მხრივ დაინახეს სახალხო პროტესტი და ამაზე შეშფოთდნენ და მერე იყო ივანიშვილის კომენტარი და მერე ჩადგნენ რიგში, როგორც ხდება ხოლმე.

„რ": ჯერ ივანიშვილმა და შემდეგ სხვებმაც თქვეს, რომ ამ ფაქტს რეაგირება უნდა მოჰყვეს. ვის შესწირავენ ამ ამბავს?

გ.ხ: ივანიშვილმა ისიც თქვა, რომ პროტოკოლის დონეზე იყო შეცდომა დაშვებული, რაც სრული სისულელე და აბსურდია. რომელი პროტოკოლის უფროსი გაბედავს პარლამენტის თავმჯდომარის პირდაპირი სანქციის გარეშე მის სავარძელში ნებისმიერი ადამიანის ჩასმას. ეს ხომ ზღაპარია?! მინიმუმ სანქცია გაცემული იყო კობახიძის მიერ.

„რ": ზაქრო ქუცნაშვილმა თქვა, თუ საჭირო გახდება, მე ვიღებ პასუხისმგებლობასო და ვისი პასუხისმგებლობა შეიძლება დადგეს?

გ.ხ: რუსებზე ვლაპარაკობთ და ქუცნაშვილი ახლა მატროსოვობაზე ნუ დადებს თავს. ქუცნაშვილი საერთოდ ვის არის, ვის დაკარგვია?! ქუცნაშვილი ვერ მიიღებდა გადაწყვეტილებას, რომ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ვიღაც ჩამჯდარიყო. ეს მისი კომპეტენცია არ არის. თუ პაროდიულ ვაჟკაცობაზე დებს თავს, ეს ძალიან ღიმილის მომგვრელია. ქუცნაშვილი წყნარად იყოს, ის არავის არ აინტერესებს.

„რ": ვიცით, რომ „ოცნებაში" ძალიან ბევრს კობახიძე ისედაც არ უყვარს და ეს სკანდალი მისცემთ მათ საშუალებას, თავმჯდომარეობიდან გადააყენონ?

გ.ხ: არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მე არც დავსვამდი ასე საკითხს - კობახიძე გადადგეს, იმპიჩმენტი მოვუწყოთ... ყველაფერი ყარს. კობახიძე იქნება თუ არ იქნება, ეს ვითარებას ვერ გადაარჩენს. სისტემა მთლიანად ყარს. ერთით მეტი, თუ ერთით ნაკლები ამ სიტუაციას ვერ შველის.

„რ": „ოცნებისთვის" მომგებიანი რა ნაბიჯი იქნება?

გ.ხ: შეიძლება იყოს რაღაც თემები, რითაც ზარალის მინიმიზაციას შეეცდებიან, მაგრამ სადამდე? ადრეც მითქვამს, რომ მაზოხისტური სენი აქვთ შეყრილი, ყველა მათი ქმედება ბუმერანგივით უბრუნდებათ, ყველაფერი თავში ხვდებათ და უკვე ამისგან სიამოვნებას იღებენ. სერიოზული მაზოხისტური მიდრეკილებები აქვთ. წინა ხელისუფლებას - სადისტური ჰქონდა, ამათ - მაზოხისტური აქვთ. ეს არის საქართველოს ისტორია - როგორ მივედით სადიზმიდან მაზოხიზმამდე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×