ოკუპანტი ქვეყანის ოფიციალური პირები თავს უფლებას აძლევენ საქართველოში გამომწვევად მოიქცნენ და ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა, რომ ეკონომიკურად ჩვენი ქვეყანა სწორედ ჩრდილოელ მეზობელზეა დამოკიდებული. გარდა იმისა, რომ ექსპორტ-იმპორტში ძირითადად რუსეთზე ვართ დამოკიდებული, მაღალბიუჯეტური კომპანიების უმეტესობა რუს ინვესტორებზეა გადაბარებული. მართალია, ეს პროცესი წინა ხელისუფლების დროს დაიწყო, მაგრამ ტენდენცია არც ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში შეცვლილა და ქვეყანა, ფაქტობრივად, რუსეთის ხელის შემყურე გახდა, რის გავლენა პოლიტიკაშიც იგრძნობა.
გვინდა თუ არ გვინდა, საქართველოს ძირითად სავაჭრო პარტნიორს კვლავ რუსეთი წარმოადგენს. ეს განსაკუთრებით იმპორტში იგრძნობა. ხორბალი, თითქმის 100%-ით რუსული შემოგვაქვს. საწვავის ბაზრის ნახევარი რუსულ პროდუქტს უჭირავს, ბოლო დროს გაზის შემოტანაც რუსეთიდან დაიწყო, ტურისტული სექტორიც დიდწილად რუსი ტურისტების ხარჯზე ვითარდება. რაც შეეხება ექსპორტს, ქართული ღვინის უდიდესი ნაწილი ისევ რუსეთში გადის, ხილ-ბოსტნეულიც კი გზას ამ მიმართულებით იკვლევს, ხოლო რუსული კაპიტალია მსხვილ საინვესტიციო ბიზნესში, როგორიცა კომპანია "თელასი", "მარნეული", "ბორჯომი", "გალფი" და სხვა.
ქართველი ეკონომისტების და ექსპერტების შეფასებით, ბაზრის დივერსიფიცირება ერთადერთი გზაა, რაც რუსეთთან ფინანსურ დამოკიდებულებას შეამცირებს, თუმცა ქვეყანა ამისთვის ჯერ კდიევ არ არის მზად.
აკადემიკოსი ავთო სილაგაძე "რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ სერგეი გავრილოვის გამოსვლა საქართველოს პარლამენტში და ქართულის საზოგადოების პროტესტი ვითარებას სამომავლოდ კიდევ უფრო დაძაბავს და ამან შეიძლება ეკონომიკურ ურთიერთობებზეც იმოქმედოს.
"პოლიტიკას და ეკონომიკას ერთი მეორისგან ვერ გამიჯნავ. მიმდინარე მოვლენებზე თუ ვსაუბრობთ, ნამდვილად არასასურველი სიტუაცია და პოლიტიკურ შეფასებას მოვერიდები. ეკონომიკურად რუსეთზე ჩვენ ვართ დამოკიდებული როგორც იმპორტის, ასევე ექსპორტის ნაწილშიც. ბევრი რამ მოექცა რუსების ხელში წინა ხელისუფლების დროს და მდგომარეობა ამ მხრივ არც შემდეგში შეცვლილა.
ექსპორტ-იმპორტს რუსეთთან განსაკუთრებით უნდა მივაქციოთ ყურადღება. ეკონომიკურად ეს ხელსაყრელია, მაგრამ ამის გამო ჩვენს ტერიტორიებს ვერ დავთმობთ და მათ დაკარგვას ვერასდროს შევეგუებით, მაგრამ ძალიან ფრთხილი დამოკიდებულება უნდა ყველაფერს. უნდა გაითვალოს ყველა ღონისძიება, განსაკუთრებით საქართველოს ტერიტორიაზე მათი მონაწილეობით.
გუშინ განვითარებული მოვლენების გამო კიდევ უფრო გართულდება ურთიერთობა რუსეთთან, რაც ეკონომიკაზეც აისახება. მათ აქვთ სხვადასხვაგვარი ბერკეტები, რომ ჩვენზე კიდევ იმოქმედონ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რამე უნდა დავთმოთ. უმართავ სიტუაციამდე არ უნდა მივიდეს საქმე, ეს ჩვენს ოცნებას ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით კიდევ უფრო დაგვაშორებს", - ამბობს სილაგაძე და დასძენს, რომ საქართველოს მთავრობამ უნდა გააძლიეროს მუშაობა და ბაზრის დივერსიფიცირებაზე იზრუნოს.
"ერთადერთი გამოსავალი, რაც რუსეთთან ფინანსურ დამოკიდებულებას შეამცირებს, ბაზრის დივერსიფიცირებაა. ეს პროცესი თავისთავად დაწყებულია, მაგრამ სწრაფად ვერ ხდება ჩანაცვლება. ამისთვის საჭიროა, რომ ჩვენი პროდუქცია სტანდარტებს პასუხობდეს და კონკურენტუნარიანი იყოს. ამ მხრივ პრობლემაა, რის გამოც რუსეთის სხვა ქვეყნებით ჩანაცვლება რთულია, თუმცა წრაფი ტემპით უნდა შევეცადოთ, თუ გვინდა რომ ალტერნატივა გაჩნდეს. ცხადია, ეს უნდა მოხდეს კონკურენტუნარიანობის ამაღლების ხარჯზე, რაშიც ჯერჯერობით არ ვართ ძლიერი", - ამბობს "რეზონანსთან" აკადემიკოსი.
ეკონომისტი სანდრო თვალჭრელიძე ფიქრობს, რომ ბაზრის დივერსიფიცირება შესაძლებელია, მაგრამ ეს პროცესი საბოლოოდ იმპორტული პროდუქციის გაძვირებას გამოიწვევს. ,რუსეთის, როგორც ძირითადი იმპორტიორი ქვეყნის ჩანაცვლება შეიძლება, მაგრამ ამას სჭირდება დიდი სტრატეგიის შემუშავება.
"აუცილებლად უნდა ვიფიქროთ ბაზრების დივერსიფიცირებაზე, თუმცა გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჩვენ 100-ზე მეტ ქვეყანაში ვახორციელებთ ექსპორტს, ამ მხრივ მარტო რუსეთზე არ ვართ დამოკიდებული, მაგრამ იმპორტი ძირითადად რუსეთიდან ხდება. სხვა ქვეყნებით ჩანაცვლების შემთხვევაში, მომხმარებელს პროდუქცია გაუძვირდება. არ იქნება პრობლემა, თუკი საწვავს რუმუნეთიდან შემოვიტანთ, ხორბალს კანადიდან და ყაზახეთიდან, მაგრამ რუსეთიდან მხოლოდ იმის გამო შემოგვაქვს, რომ ყველაზე იაფია. შესაძლებელია ამის პრობლემების გადაჭრა, თუკი სახელმწიფო პოლიტიკა შემუშავდება", - ამბობს "რეზონანსთან" თვალჭრელიძემ.