პარლამენტის შენობაში შეღწევის რამდენიმე მცდელობა, დაპირისპირება სამარლადამცეველებთან, ცრემლსადენი გაზი და რამდენიმე დაშავებული. პლუს, განცხადებები ორივე მხრიდან: „ოცნების" მაღალჩინოსნების განცხადებები იმაზე, რომ რაც პარლამენტის წინ ხდება, ეს არის ანტიკონსტიტუციური და შტურმი სახელმწიფო ინსტიტუტებზე. ოპოზიციიის განცხადებები, რომ ოკუპანტი სახელმწიფოს დეპუტატების პარლამენტში მიმყვანი ხელისუფლება უნდა წავიდეს და სანამ გახარია, კობახიძე და გომელაური არ გადადგებიან, პროტესტი არ შეწყდება.
სერგეი გავრილოვმა და რუსეთის დუმის სხვა დეპუტატებმა სასწრაფო წესით საქართველო დატოვეს, თუმცა თბილისში რუსთაველის გამზირზე რუსი დეპუტატების გამო დაწყებულმა საზოგადოების დიდმა საპროტესტო აქციამ დაძაბულობის პიკს გვიან ღამით მიაღწია, როდესაც რუსთაველის პროსპექტზე მომიტინგეების ნაწილმა პარლამენტის შენობაში შეღწევა რამდენჯერმე სცადა და ადგილზე მობილიზებულ სამართალდამცველებთან არაერთი დაპირისპირებაც მოხდა.
დაპირისპირებების გამო პარლამენტის შენობაში მივიდა შს მინისტრიც.
„დაემორჩილეთ პოლიციის მოთხოვნას, რაც ხდება ამას ქვია სახელმწიფო ინსტიტუტების შტურმი... „თავდასხმა პოლიციაზე, თავდასხმა პარლამენტზე, როგორი დასასრულიც არ უნდა ჰქონდეს ამ შემთხვევას, ყველა დაისჯება კანონის სიმკაცრით. ყველას ვთხოვ, პატივი ვცეთ პოლიციელს, რომ ღირსეულად შეასრულოს ფუნქცია"- განაცხადა გიორგი გახარიამ.
გახარიმ ასევე თქვა, რომ „როგორც კი საჭირო იქნება, მაშინვე გადადგება".
მმართველი პარტიის გენმდივანმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ თქვა, რომ „რაც პარლამენტის წინ ხდება, გასცდა გამოხატვის თავისუფლების ჩარჩოებს და შეიძინა ანტიკონსტიტუციური ხასიათი".
ამ განცხადებებამდე კი იყო „ნაცმოძრაობის" ლიდერის ნიკა მელიას განცხადებაც, რომ თუკი პარლამენტის სპიკერის სკამზე შეიძლება ჩასვნა ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატი, ხალხსაც აქვს უფლება შევიდეს ამ შენობაში და ამას მოჰყვა მომიტინგეების რაღაც ჯგუფების მიერ პარლამენტის შენობაში შესვლის რამდენიმე მცდელობაც, შეხლა-შემოხლაც პოლიციელებთან, გაზის გაშებაც.
რამდენიმეათასიანი საპროტესტო აქცია სახელწოდებით „სირცხვილია" პარლამენტის შენობის წინ 19 საათზე დაიწყო. მომიტინგეებმა გზები გადაკეტეს. ლიდერებმა სამი მოთხოვნა წამოაყენეს - გადადგეს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, გადადგეს შს მინისტრი გიორგი გახარია და გადადგეს სუს-ის ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური. ხოლო თუკი ხელისუფლება ამ მოთხოვნებს არ შეასრულებს, ჯერ დაანონსდა, რომ პარლამენტის შენობას მშვიდობიანად დაიკავებენ. ასევე დაანონსდა, რომ 12 საათის შემდეგ „დაიწყებენ სამოქალაქო დაუმორჩილებლობას, გადაკეტავენ გზებს, რკინიგზას".
მთელი ამ ხმაურის ფონზე კი პროტესტის ერთ-ერთმა მთავარმა ადრესატმა, პარლამენტის სპიკერმა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ თითოეული ღონისძიების მენეჯმენტზე პასუხისმგებელია თვითონ, მაგრამ ოპოზიციის მოთხოვნა არასერიოზულია. ამასთან, კობახიძემ თქვა, რომ თუ ოპოზიცია რაიმე ისეთ განიზრახავს, რაც კანონს ჩარჩოებში არ ჯდება, მაშინვე მიიღებენ მყისიერ პასუხს.
ეს დიდი აღშფოთება-პროტესტი მოჰყვა იმ ფაქტს, როცა ხუთშაბათს დილით საქართველოს პარლამენტში პრეზიდიუმის თავში და სპიკერის სავარძელში აღმოჩნდა რუსეთის სათათბიროს დეპუტატი სერგეი გავრილოვი, ადამიანი, რომელიც ცნობილია თავისი ანტიქართული განცხადებებით და რომელიც აფხაზეთში იბრძოდა ქართველების წინააღმდეგ. წითელი ხაზი აღმოჩნდა ის, რომ გავრილოვმა ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან და თან, რუსულ ენაზე წაიყვანა სესია საქართველოს პარლამეტში.
პროტესტი ჯერ თავად პარლამენტის დარბაზში ოპოზიციამ - „ნაციონალურმა მოძრაობამ" და „ევროპულმა საქართველომ" დაიწყო. სპიკერის სავარძელში ჩამჯდარი გავრილოვის ფოტოსა და ვიდეოს გავრცელების შემდეგ კი პარლამენტთან სამოქალაქო სექტორი და რიგითი ადამიანები მივიდნენ. ამის შემდეგ მოუწია „ოცნების" მთელ გუნდს, დაეგმო ფაქტი. მთავარი ბიძგი მათთვის პარტიის თავმჯდომარის განცხადება გახდა, რომელმაც თქვა, რომ „დაუშვებელია, საქართველოს პარლამენტში ოკუპანტი სახელმწიფოს წარმომადგენელი ხელმძღვანელობდეს რაიმე სახის ფორუმს".
ბიძინა ივანიშვილმა თქვა ისიც, რომ „ეს იყო პროტოკოლური შეცდომა", რომლის პოლიტიკური მნიშვნელობა, სამწუხაროდ, ორგანიზატორებმა ვერ გაითვალისწინეს, რასაც აუცილებლად უნდა მოყვეს შესაბამისი რეაგირება".
ივანიშვილის ამ დაგმობას მოჰყვა შემდეგ „ოცნების" ყველა ლიდერისა თუ რიგითი წევრის აღშფოთებული განცხადებები, რომ ფაქტი მათთვისაც მიუღებელია და რომ არ იცოდნენ, სერგეი გავრილოვი სპიკერის სავარძელში თუ ჩაჯდებოდა.
უფრო მეტიც, ზოგიერთი მათგანი იმაზეც ალაპარაკდა, რომ იმ ადამიანების პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა დადგეს, ვინც ეს სესია ამ ფორმით მოაწყო. თუმცა კონკრეტულად ვინ და როგორ უნდა დაისაჯოს, ეს მმართველ პარტიაში არავის უთქვამს. მხოლოდ თავად ზაქარია ქუცნაშვილმა ჟურნალისტების მიერ დასმული შეკითხვის პასუხად თქვა, რომ თუკი ვინმეს პასუხისმგებლობაა აუცილებელ, მზადაა ეს თავის თავზე აიღოს, როგორც ქართული მართლმადიდებელი დეპუტატების დელეგაციის ხელმძღვანელმა და ამ სესიის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.
ოპოზიციამ კი განაცხადა, რომ კი, ქუცნაშვილის უნდა წავიდეს პარლამენტიდან და ასევე სპიკერობიდან უნდა წავიდეს ირაკლი კობახიძე.
„ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ კობახიძეს მოუწოდა, აიღოს პასუხისმგებლობა მომხდარ ფაქტზე და გადადგეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება დაანონსა.
„ნაცმოძარობის" დეპუტატმა ნიკა მელიამ განაცხადა, რომ პარლამენტში განვითარებული მოვლენების შემდეგ კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარე ვეღარ იქნება და სასესიო დარბაზში ვეღარ შევა.
კობახიძის იმპიჩმენტი მოითხოვა „ოცნებიდან" წამოსულმა თბილისის საკრებულოს დეპუტატმა ვატო შაქარიშვილმაც. მან საქართველოს პარლამენტში ბანერი გამოფინა წარწერით: „კობახიძე = გავრილოვს! დაიწყოს პარლამენტის თავმჯდომარის იმპიჩმენტის პროცესი".
კობახიძის გადაყენებაზე მოთხოვნები კიდევ უფრო ხმამაღალი გახდა მას შემდეგ, რაც გავრცელდა დოკუმენტი, სადაც უშუალოდ კობახიძე აწერს ხელს პარლამენტში სესიის ჩატარების მომზადებასა და პრეზიდიუმის გათავისუფლებას ასამბლეის ხელმძღვანელებისთვის. ასანბლეის პრეზიდენტი კი ამჟამად სწორედ გავრილოვია.
პოლიტოლოგი და კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ „ქართული ოცნება" არც კობახიძეს და არც გახარიას თუ გომელაურს არ გაათავისუფლებს თანამდებობებიდან, იმიტომ რომ, ასეთი ნაბიჯი ხელისუფლების სისუსტედ იქნება აღქმული და ეს მმართველ პარტიას დააზარალებს.
„ის, რაც მოხდა, ეს ხელისუფლების მხრიდან გაუაზრებელი ქმედება იყო და დაუჯერებელია ის, რომ მოულოდნელად აღმოჩნდა გავრილოვი პარლამენტის სპიკერის სავარძელში. ეს , რა თქმა უნდა წინასწარ იცოდნენ, მაგრამ, როგორც ჩანს, არ ჩათვალეს მნიშვნელოვან ფაქტორად და არც ელოდნენ ასეთ აღშფოთებას. ოპოზიციამ კი ხელისუფლების ეს არასწორი პოლიტიკური ნაბიჯი სწორად გამოიყენა.
"თავისთავად ის ფაქტი, რომ ამას მოჰყვა საზოგადოების მღელვარება, მათ შორის მმართველ პარტიაშიც რომ იძულებულები არიან ეძებონ „განტევების ვაცი", ეს პოზიტიური ნაბიჯია, რადგან პრორუსულად განწყობილმა ჯგუფებმა ქვეყნის შიგნით, ასევე თავად დელეგაციის წევრებმაც და მოსკოვმაც დაინახეს, როგორია პროტესტი რუსეთისადმი. ვინ იქნება ხელისუფლებისთვის განტევების ვაცი - ამის დაკონკრეტება გამიჭირდება.
"როგორც ჩანს, ეს შეიძლება იყოს ზაქრო ქუცნაშვილი, როგორც ორგანიზატორი. შეიძლება პროტოკოლის შემდგენელთა მესამე ხარისხოვანი ბიურო დაისაჯოს. არ მგონია, პარლამენტის თავმჯდომარემდე ავიდეს ეს. გულწრფელად გითხრათ, არც ქუცნაშვილის პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ველოდები. შს მინისტრი საერთოდ გამორიცხულია. შეიძლება ირაკლი კობახიძე „ოცნებაში" არ სარგებლობდეს დიდი სიყვარულით, მაგრამ მთავარი უმრავლესობა კი არა, ივანიშვილია. თუ ივანიშვილი ჩათვლის რომ კობახიძე უნდა წავიდეს სხვადასხვა რაღაცების გამო, ის, რა თქმა უნდა, წავა. ხელისუფლებამ არ დაუშვა, რომ ერთი მერი დაეთმო ოპოზიციისთვის ამ არჩევნებში, როგორ წარმოგიდგენიათ, რომ კობახიძე გადააყენონ ოპოზიციის მოთხოვნის გამო. ეს „ოცნებისთვის მომგებიანი არ არის. ხელისუფლებას ერთი კვირა დარჩა ამ პროტესტის გასაჯანჯლებად, შემდგომ პარასკევს საგაზაფხულო სესია მთავრდება და დამთავრდება ეს საკითხიც. ოპოზიცია კი კობახიძეს ვერ გადააყენებს, ამისთვის 76 ხმა სჭირდებათ და აქვთ ამდენი?"- აცხადებს ძაბირაძე.