თამარ შუკვანი
21.06.2019

 „ხელისუფლებამ ხალხს უნდა მოუსმინოს, ეს არის გამოსავალი, რაც, სამწუხაროდ, გუშინ ვერ დავინახეთ. რა მნიშვნელობა აქვს პროვოკატორს დააბრალებენ თუ დესტრუქციულ ძალებს, გუშინ ჩვენი მოსახლეობა იმ მიდგომას ნამდვილად არ იმსახურებდა, რაც ხელისუფლებამ მათ წინააღმდეგ გამოიყენა. მითუმეტეს იმ განცხადებების შემდეგ, რომელსაც აკეთებდნენ, რომ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები მათი მეთოდი არ არის," - აცხადებს „რეზონანსთან" დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების შესახებ საუბრისას.

ჭიჭინაძის განცხადებით, ხელისუფლებამ მოვლენების რეალური სიმძიმე ვერ შეაფასა. მისი თქმით, დაანონსებულ აქციაზე, რომელიც დღეს 19:00 საათზე უნდა გაიმართოს, გუშინდელი მოვლენების საპასუხოდ უფრო მასშტაბური აქციაა მოსალოდნელი.

„მეც ასე მჯეროდა, რომ გუშინდელი მოვლენები ამ მეთოდს აერიდებოდა. „ქართული ოცნების" პირობებში ჩვენ ნანახი გვაქვს ბევრი საპროტესტო აქცია, სადაც არ იყო ეს გამოყენებული და ხალხს მიეცა თავისი აზრის გამოთქმის საშუალება.

„ხელისუფლებამ იმ დანაშაულის სიმძიმე არ შეაფასა, რომელიც ქვეყნის წინაშე ჩაიდინა. კონკრეტულად იმ ადამიანებმა, ვინც ამას ხელი მოაწერეს და ეს ნაბიჯი გადადგეს, ფაქტობრივად აღიარეს, რომ მათთვის ოკუპაციასა და სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა მათი თანამდებობები და კომფორტული ცხოვრებაა.

„დღეს ვნახავთ, რომ ხალხი დაირაზმება და საკმაოდ სერიოზული პროტესტი გამოვარდება. ადამიანებისთვის სახეში რეზინის ტყვიების სროლის შედეგად ძალიან ბევრია დასახიჩრებული.

„იქ იყო მოთხოვნა, რომელიც არ შესრულდა. იყო ისეთი მოწოდებაც, რომელიც არასასიამოვნო გახლდათ. ვიმყოფებოდი მიტინგზე და ვნახე, რომ ამან ბევრ ადამიანში უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. ხალხი გასაპროტესტებლად იყო მისული და არა სადღაც შესაჭრელად და დასამხობად - დიდი განსხვავებაა. ამ მხარემ არასწორი მესიჯები გააჟღერა, შესაბამისად, არასაწორად მოიქცა.

„ყველა მოთხოვნას თავისი წესი და რიგი აქვს. არ შეიძლება მიხვიდე და ერთ საათში უთხრა, რომ „ეს ყველაფერი გააკეთეთ". ერთ საათში გადაწყვეტილებებს ვერავინ ღებულობს. ჩვენ არ გვყავს ისეთი ხელისუფლება და ისეთი შეგნების ადამიანები ხელისუფლებაში, რომლებიც სიტუაციას რეალურად აფასებენ. მათ ვიღაცამ უნდა უბრძანოს იმისათვის, რომ მათ ეს ნაბიჯი გადადგან," - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

ცნობისათვის, გუშინ პარლამენტის შენობის წინ სპეცრაზმმა ცრემლმდენი გაზი რამდენჯერმე გამოიყენა, ბოლოს კი აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით დაშალა. რუსთაველის გამზირზე აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც გუშინვე დილით პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა და „ქართული ოცნების" წევრ ზაქარია ქუცნაშვილს მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×