
რა გეგმები აქვს ოპოზიციას დარბეული აქციის შემდეგ, „რეზონანსი“ ამის გარკვევას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ხატია დეკანოიძესთან შეეცადა. დეკანოიძე აცხადებს, რომ ოპოზიცია მთელი დღის და ღამის განმავლობაშიც მზად იყო მოლაპარაკებაზე წასულიყვნენ, თუმცა მათთან კონტაქტზე არავინ გამოსულა.
„აქციაზე მოქალაქეები გახარიას და კობახიძის გადაყენებას ითხოვდნენ და ჩვენ მოლაპარაკებაზე წასასვლელად მზად ვიყავით. ერთი პერიოდი თითქოს ამის მზაობა იყო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მოგვატყუეს. ყველანაირი გაფრთხილების გარეშე რეზინის ტყვიები დაგვიშინეს.
„რაც შეეხება პარლამენტში შესვლას, ეს ოპოზიციის სურვილი არ ყოფილა, ჩვენ გაბრაზებული ხალხის ნებას მივყვებოდით. თუკი გავრილოვს აქვს პარლამენტში შესვლის და იქ ჯდომის უფლება, საქართველოს მოსახლეობას რატომ არა? სწორედ ამის ჩვენებას ცდილობდა ხალხი. ამიტომაც ჩვენ მათ სურვილს მივყვებოდით და ისევ ხალხს გავყვებით“, - აცხადებს ხატია დეკანოიძე „რეზონანსთან“.
ჩვენს კითხვაზე, დაპირისპირების ერთ-ერთი მიზეზი იყო თუ არა ნიკა მელიას მოწოდება, რომ აქციის მონაწილეები პარლამენტში შესულიყვნენ და რას აპირებდნენ, თუ ისინი შენობაში შევიდოდნენ, დეკანოიძე გვპასუხობს:
„კიდევ ერთხელ გიმეორებთ, რომ პარლამენტში შესვლის იდეა ოპოზიციის არ ყოფილა. ეს არ იყო პარტიული აქტივი. ეს იყო გაბრაზებული ქართველი ხალხი და მათ პარლამენტში შესვლა იმიტომ სურდათ, რომ ეჩვენებინათ ხელისუფლებისთვის - გავრილოვს თუ აქვს იქ ჯდომის უფლება, მათაც ჰქონდათ და ეს შენობა არის ხალხის“, -აცხადებს დეკანოიძე „რეზონანსთან“.
კითხვაზე, რა გეგმები აქვს დღეს ოპოზიციას და შეეცდებიან თუ არა კვლავ პარლამენტში შესვლას, დეკანოიძე აცხადებს, რომ მათი სამოქმედო გეგმაც ხალხის ნებაზე იქნება დამოკიდებული და მათთან აქციაზე განხილვის შემდეგ გადაწყვეტენ. თუმცა მოთხოვნები უცვლელი იქნება - გადადგეს შს მინისტრი გიორგი გახარია და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ასევე ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით.
ოპოზიცია აპირებს, რომ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში აქციებმა პერმანენტული ხასიათი მიიღოს. თუმცა მაინც ყველა გადაწყვეტილებას ჯერ ხალხთან შეათანხმებენ.
„სისხლიანი გახარია უნდა წავიდეს და მას უკან კობახიძეც მიჰყვეს. ეს არის ქართველი ერის დაცინვა, რომელმაც ოკუპანტის ქმედება გააპროტესტა. ასეთ შეურაცხყოფას ქართველი ხალხი არავის პატიობს. იმის მაგივრად, რომ კობახიძე გადამდგარიყო, ხალხს ცემა დაუწყეს და ეს ყველაფერი გავრილოვის გამო. ვიმოქმედებთ ისე, როგორც ამას ხალხი მოითხოვს. ჩვენ მხოლოდ ხალხს მივყვებით. ეს არ არის პარტიული აქტივი, ესაა გაბრაზებული ხალხის სპონტანური მოქმედებები“, - აცხადებს დეკანოიძე „რეზონანსთან“.