„ქართული ოცნების" ცენტარულ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი უძღვება. ოფისში ასევე იმყოფებიან პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რომელმაც აზერბაიჯანში ვიზიტი შეწყვიტა და მმართველი გუნდის წარმომადგენლები. ამასთანავე, ბელარუსში ვიზიტი შეწყვიტა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც უკვე თბილისში ბრუნდება.
20 ივნისს რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების შემდეგ, ამ წუთებში საქართველოს ბედი წყდება; რა შეიძლება მოყვეს იმ მოვლენებს, რომელიც გუშინ მომიტინგეთა დაბრევით დასრულდა?
სხდომაზე გუშინ, პარლამენტის წინ მიმდინარე მოვლენებზე მსჯელობენ. დადგება თუ არა კონკრეტული თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის საკითხი, ჯერჯერობით უცნობია.
თუმცა, პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი პასუხისმგებლობას პროვოკატორებს აკისრებს: „პროვოკატორებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა", - სწორედ ასე უპასუხა ვოლსკიმ ჟურნალისტების კითხვას. მას სხვა განმარტება არ გაუკეთებია და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების" ოფისში ხელისუფლების წარმომადგენლები სწორედ პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებზე სამსჯელოდ იკრიბებიან.
ხოლო არაოფიციალური ცნობით, ირაკლი კობახიძემ დღეს შესაძლოა პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი დატოვოს. უმრავლესობაში აზრი კობახიძის შესახებ ორად არის გაყოფილი; ნაწილი რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებში პასუხისმგებლობას კობახიძეს აკისრებს და მის გადადგომას ითხოვს. ნაწილი კი თვლის, რომ კობახიძის პოსტიდან წასვლა პოლიტიკურად უკან დახევაა, რაც მმართველი გუნდის სისუსტედ ჩაითვლება.
კობახიძის, პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე, მმართველ გუნდში, საბოლოო ვერდიქტი ჯერჯერობით უცნობია. თავად კობახიძეს დღეს კომენტარი არ გაუკეთებია.
ცნობისათვის, გუშინ პარლამენტის შენობის წინ სპეცრაზმმა ცრემლმდენი გაზი რამდენჯერმე გამოიყენა, ბოლოს კი აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით დაშალა.
რუსთაველის გამზირზე აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც გუშინვე დილით პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა და „ქართული ოცნების" წევრ ზაქარია ქუცნაშვილს მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა.