„პარლამენტში შეჭრის მცდელობა - ეს იყო კანონის დარღვევა. შეჭრის აკვეთა ჯერ ხდებოდა პოლიციელების მიერ წინააღმდეგობის გაწევით და ეს კეთდებოდა კანონის ფარგლებში, მაგრამ შემდეგ დაიწყო სპეციალური საშუალებების გამოყენება და იქ დაირღვა კანონონი და არ იყო გამოყენებული პროპორციული ძალა“, - ასე ეხმაურება კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალეძე 20 ივნისს რუსთაველის პროსპექტზე ხელისუფლების მიერ აქციის მონაწილეების დაშლას.
„როდესაც ხდება კანონის დარღვევა, კანონით დასაშვებია ისეთი საშუალებების გამოყენება, რომელიც მინიმალურ ზიანს მიაყენებს კანონის დამრღვევს. მინიმალური ზიანის მიმყენებელი არის წყლის ჭავლი. არ არის სერიოზული ზიანის მიმყენებელი ცრემლსადენი გაზი. რეზინის ტყვიების გამოყენება კი მიეკუთნება მძიმე საშუალებას.
„ნაცვლად იმისა, რომ მომიტინგეების დაშლა დაწყებულიყო წყლის ჭავლით, დაიწყო ცრემლსადენი გაზით, რასაც პარალელურად მიჰყვა რეზინის ტყვიები, ანუ მძიმე საშუალება. რეზინის ტყვიების გამოყენებისას სროლა უნდა ხდებოდეს სხეულის ქვედა კიდურებში და არამც და არამც თავში და სახეში, ეს არის სტანდარტი. თავში მოხვედრილმა ტყვიამ შეიძლება სიკვდილი გამოიწვიოს და როგორც ამბობენ, სამმა ადამიანმა დაკარგა თვალი. ანუ შეიძლება გამოვიტანოთ დასკვნა, რომ სროლა ხდებოდა მიზანმიმართულად, რაც კანონის დარღვევაა.
„ამის შემდეგ იყო გამოყენებული წყლის ჭავლი, შემდეგ დევნა და დაჭერები ქუჩებში. მოკლედ მივიღეთ სრული სურათი, რასაც აკეთებდა „ნაციონალური მოძრაობა“ 7 ნოემბრისა და 26 მაისის მიტინგების დარბევის დროს. ხელისუფლების მხრიდან მოხდა ძალის გადამეტება. ხელისუფლებამ საკუთარ განაჩენს მოაწერა ხელი“, - განაცხადა „რეზონანსთან“ ვახტანგ ხმალაძემ.