თბილისში დაწყებული მასობრივი არეულობისა და სახალხო პროტესტის ფონზე, მას შემდეგ, რაც რუსულმა დელეგაციამ საქართველოს ტერიტორია დატოვა, რუსულ პრესაში არაერთი კომენტარი გავრცელდა, სადაც ამბობენ, რომ ეს იყო „რუსოფობული პროვოკაცია", რომელიც ოპოზიციის რადიკალურმა პარტიებმა არეულობების დასაწყებად გამოიყენეს. გარდა ამისა, რუსეთის ხელისუფლების მაღალჩინოსნები თავის მოსახლეობას საქართველოში გამგზავრებისგან თავის შეკავებას ურჩევენ და ამას ქვეყანაში არასტაბილური მდგომარეობის ხსნიან.
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი, დმიტრი პესკოვი ამბობს, რომ რუსეთის მოქალაქეების მიმართ მსგავსი აგრესია მიუღებელი და შემაშფოთებელია. პესკოვმა შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ „რუსი დეპუტატების უსაფრთხოება ვერ უზრუნველყო საქართველომ", - ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი" იუწყება.
პესკოვის პოზიციას იზიარებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა:
„გუშინ, სამშვიდობო მიზნებით მიწვეული რუსი დეპუტატი ჩავიდა საქართველოში. მას არასოდეს არ მიუღია მონაწილეობა არანაირ ანტიქართულ საქმიანობაში. ის მშვიდობით ჩავიდა მართლმადიდებლური ფორუმის ფარგლებში. ის უბრალოდ დასვეს ამ სავარძელში, მან კი იცოდა, რომ მასპინძლების წყენა არ შეიძლება, ამიტომ დაჯდა. და აი, რით დამთავრდა მრავალსაუკუნოვანი სტუმართმოყვარეობა", - წერს ზახაროვა თავისი „ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე.
რუსეთის დუმის დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა აღნიშნა, რომ რადიკალური ძალების კოორდინირება საზღვარგარეთიდან ხდება:
„ახლა საქართველოში ცალსახად ვხედავთ ხელისუფლების ხელში ჩაგდების მიზნით რადიკალური ექსტრემისტული ძალების მიერ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას, რომელის კოორდინირებაც დიდწილად საზღვარგარეთიდან ხდება, რაც, ჩვენი აზრით, დაკავშირებულია მიხეილ სააკაშვილთან", - თქვა გავრილოვმა.
თბილისში გუშინ განვითარებულ მოვლენებზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელით კომენტარი გააკეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა:
„მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა, რომლის სხდომის ჩატარებაც დიდი ხნის წინ იყო დაგეგმილი თბილისში, ოპოზიციის რადიკალურმა ნაწილმა გამოიყენა იმისთვის, რომ მოეწყო უწესრიგობა ქუჩაში", - განაცხადა კარასინმა.
რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ვლადიმირ ჯაბაროვმა განაცხადა, რომ თბილისისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვენ:
„თბილისმა რუსეთს ოფიციალური ბოდიში უნდა მოუხადოს მართლმადიდებლურ საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში მონაწილე რუსი დელეგატების წინააღმდეგ მიმართული პროვოკაციების გამო. ჩვენ არ უნდა შევლახოთ ქართული მართლმადიდებლობის ინტერესები, პროვოკატორების ქმედებები საქართველოს მტრებს აძლევს ხელს.
„სასურველია რუსმა ტურისტებმა საქართველოში ჩასვლისგან თავი იქამდე შეიკავონ, ვიდრე ქვეყანაში სიტუაცია არ დასტაბილურდება. რატომ უნდა გარისკოთ? ჯერ საქართველოს ხელისუფლებამ სიტუაცია დაარეგულიროს", - ამბობს ჯაბაროვი.