„ვისურვებდი, რომ ეს იყოს ადამიანი, რომელიც პარლამენტში პოზიტიურ პროცესს შექმნის, რისი დეფიციტიც დღეს არის. თალაკვაძის გარდა უმრავლესობაში კიდევ 115 დეპუტატია. ასე რომ, კონკრეტულად რატომ მეკითხებით თალაკვაძეზე და არა სხვაზე?" - ასე პასუხობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბიძინა გეგიძე „რეზონანსის" კითხვას იმის შესახებ, რომ პარლამენტის თავმჯდომარეობიდან ირაკლი კობახიძის გადადგომის შემდეგ მისი თანამდებობა შესაძლოა არჩილ თალაკვაძემ დაიკავოს.
მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომაზე მომხდარი ფაქტის შესახებ საუბრისას გეგიძე ამბობს, რომ ამ ღონისძიების ორგანიზატორებს არსებული პროცესი უნდა გაეკონტროლებინათ. რადგანაც ეს არ მოხდა, მისი თქმით, პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებაც აუცილებელი იყო.
„ხშირად ვსაუბრობდი იმის შესახებ, რომ პარლამენტში პროცესის გაჯანსაღება უნდა მოხდეს, ცვლილებებია საჭირო. გუშინდელი მოვლენებიდან გამომდინარე, იმ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, ვინც უშუალოდ პროცესს მართვადნენ. ამას თუკი ხვდება პარლამენტის თავმჯდომარე, მან ეს პასუხისმგებლობა უნდა აიღოს.
„ქუცნაშვილს და ზოგადად, ამ ადამიანებს ფორმატი უნდა განესაზღვრათ - ვის რა პასუხისმგებლობა ეკისრებოდა. ადგილი ყველა სტუმრისთვის უნდა განესაზღვრათ, შეცდომების დაშვების გარეშე. ვინც კონკრეტულად სტუმრებს მასპინძლობდა და ამ ასამბლეის პროცესს წარმართავდა - დაგეგმიდან დაწყებული, ჩატარებით დამთავრებული. ასამბლეა სათანადო ფორმატსა და ნორმებით უნდა ჩატარებულიყო," - აღნიშნავს გეგიძე.
რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარის შემცვლელს, მისი აზრით, არჩილ თალაკვაძე ამ თანამდებობაზე ერთ-ერთი კანდიდატი უნდა იყოს და არა ერთადერთი.
„ვისურვებდი, რომ ეს იყოს ადამიანი, რომელიც პარლამენტში პოზიტიურ პროცესს შექმნის, რისი დეფიციტიც დღეს არის. თალაკვაძის გარდა უმრავლესობაში კიდევ არის 115 დეპუტატი. ასე რომ, კონკრეტულად რატომ მეკითხებით თალაკვაძეზე და არა სხვაზე?
„თუკი თალაკვაძის კანდიდატურა განიხილება, ეს იქნება ერთ-ერთი კანდიდატურა, რაც ჩვეულებრივი პროცესია. თალაკვაძე უმრავლესობის ლიდერია და ისიც უნდა ყოფილიყო ერთ-ერთი, ვისაც გაცილებით მეტი პოზიტივი უნდა შეეტანა საპარლამენტო პროცესში," - განაცხადა ბიძინა გეგიძემ.
„ქართული ოცნების" ოფისში დღეს პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა, რომლის შემდეგაც ცნობილი გახდა, რომ ირაკლი კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს. როგორც „ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა, ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ „ქართული ოცნების" მიერ დამკვიდრებული მაღალი სტანდარტის ანგარიშვალდებულების კიდევ ერთი გამოხატულებაა.
ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარის პოზიციაზე საპარლამენტო უმრავლესობა მხარს დაუჭერს უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის კანდიდატურას.