ელზა პაპოშვილი
21.06.2019

 „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გადადგომა საკმარისი არ არის და ხელისუფლებამ 20 ივნისს მომხდარ დარბევაზე მაქსიმალური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. კაპანაძე ამბობს, რომ როდესაც საკუთარ მოსახლეობას „გავრილოვის ღამეს“ მოუწყობ, მხოლოდ კობახიძის გადადგომა ვეღარ გიშველის.  

მისი თქმით, კობახიძის გადადგომა გუშინ რომ მომხდარიყო, სიტუაცია უფრო დასტაბილურდებოდა, თუმცა ახლა პარლამენტის თავმჯომარის გადადგომას არსებითად დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს. დეპუტატი აცხადებს, რომ დღეს აქციაზე შეკრებილ ხალხს და ოპოზიციას კიდევ ექნება  მოთხოვნები - გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, მოხდეს საარჩევნო სისტემის პროპორციულზე გადასვლა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა. 

„ახლა სიტუაციას ირაკლი კობახიძის გადადგომა აღარ შველის. ეს არის ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი და ეს ქართველი ხალხის დამსახურებაა. ახლა მნიშვნელოვანია, რომ იმ ორი მოთხოვნის დაკმაყოფილებაც მოხდეს, რასაც გახარიას გადადგომა და საარჩევნო სისტემის ცვლილება ჰქვია. ასევე ვადამდელი არჩევნების დანიშვნაც უნდ მოხდეს. 

„გუშინ ხელისუფლებამ ოპოზიცია ფაქტიურად მოატყუა. იყო საუბარი, რომ მოლაპარაკება უნდა დაწყებულიყო, ოპოზიციის ლიდერები ამისთვის ემზადებოდნენ, თუმცა ამის პარალელურად უცებდ აქციის  დარბევა  და ძალის გამოყენება დაიწყეს“,-აცახდებს კაპანაძე „რეზონანსთან“. 

ჩვენს  კითხვაზე, თუ არ მოხდა მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება, რა გეგმა აქვს ოპოზიციას, კაპანაძე გვპასუხობს, რომ კანონიერების და კონსტიტუციის ფარგლებში პოლიტიკოსები გააკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ ეს მოთხოვნები დაკმაყოფილდეს. დეპუტატი ამბობს, რომ ეს იქნება მხოლოდ მშვიდობიანი აქცია, რომლითაც ასევე გუშინდელ დარბევას  გააპროტესტებენ.  

„არანაირი პარლამენტში შესვლა არ იგეგმება. ეს იქნება სრულიად მშვიდობიანი აქცია. პირიქით, ჩვენ პოლიტიკოსები მოვუწოდებთ ხალხს, რომ დამშვიდნენ და ყველანაირი კანონმიღმა ქმედების გარეშე გავაპროტესტოთ „გავრდილოვის ღამე“ და საკუთარ ხალხზე ნასროლი ტყვიები. აქციებს მანამ  გავაგრძელებთ, სანამ ყველა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება“, - აცახდებს „რეზონანსთან“ კაპანაძე. 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×