თამთა ჩაჩანიძე
21.06.2019

 ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე „რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, რომ შექმნილი პოლიტიკური და საზოგადოებრივი კრიზისიდან გამოყვანისთვის ირაკლი კობახიძის გადადგომა აუცილებელი იყო.

„სიტუაციის პოლიტიკური კრიზისიდან გამოყვანისთვის, აუცილებელი იყო ირაკლი კობახიძის გადადგომა იმიტომ, რომ ირაკლი კობახიძემ მთავარ კითხვაზე პასუხი ვერ გასცა - საერთოდ რატომ გახდა საჭირო საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომის დარბაზში ამ ღონისძიების მოწყობა.

„კობახიძემ გუშინ საღამოს ბაქოდან დაიწყო სიტუაციის გამართლება, რამაც კიდევ უფრო დაძაბა მდგომარეობა, თუმცა ეს განცხადება არ იცოდნენ აქციის მონაწილეებმა, რადგან ტელევიზორში რა ხდებოდა, მათ ნამდვილად არ იცოდნენ. მათი 80 % იყო იმისთვის, რომ რეალურად გაეპროტესტებინა შექმნილი მდგომარეობა, მაგრამ 20 % იყო პრაქტიკულად გუნდი, რომელიც კარგად ორგანიზებული იყო ზუსტად იმისთვის, რომ ექსცესი მომხდარიყო და მოხდა კიდეც.

„ხელისუფლების მთავარი შეცდომა იმაში მდგომარეობს, რომ აქციიდან აქციამდე ცდილობს „ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლების პროვოცირებას, რაც გუშინ მოახერხა და ის შედეგი მიიღო, რომელიც სჭირდებოდა", - თქვა არეშიძემ.

იგი შსს მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებასაც შეეხო.

„გახარიას პათოსს პრინციპში ვეთანხმები. მაგრამ ერთადერთი ის, რომ პოლიტიკოსი არ იყო აქციაზე, ამას ვერ დავეთანხმები იმიტომ, რომ მერეც იყვნენ აქციაზე პოლიტიკოსები, მაგრამ აქაიქ ჩანდნენ.

„მელიას მიერ იყო დაანონსებული ის, რაც შემდგომში განვითარდა. ჩუმად ხომ არ მოხდა ეს ყველადერი, დაანონსებული იყო და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, ეს ყველაფერი დიდი პროვოკაციის საერთო კონტექსტში ჯდება, როგორც ჩანს ორგანიზებული იყო, როგორც სახელისუფლებო ჯგუდში მყოფი ადამიანები, ისე ოპოზიცია.

კაი, ეს ყველაფერი დაწერილი იყო და ყველამ ყველაფერი იცოდა, მაგრამ ის ორი სკამი საიდან გაჩნდა? გავრილოვმა ხომ არ მოათრია? ორი სკამი შეიძლება ეს უმნიშვნელო დეტალია, მაგრამ დამაფიქრებელია. ასევე დამაფიქრებელია რატომ გამოიყენეს პოლიციელებმა ისეთი რეზინის ტყვიები, რომელიც ბევრად უფრო დამაზიანებელი იყო მოქალაქეებისთვის.

„თავიდან პოლიციელები ყველაფერს აკეთებდნენ მხოლოდ იმისთვის, რომ სიმშვიდე შეენარჩუნებინათ და ჩაეკეტათ პარლამენტში შესასვლელი და მერე უკვე მოქმედება დაიწყეს ისე, მთელი ღამის განმავლობაში რომ ძალის გადამეტების ელემენტები ჩანდა", - ამბობს არეშიძე.

მისივე თქმით, გუშინდელ აქციის დარბევას, წინა მთავრობის აქციების დარბევებთან რაღაც საერთი ჰქონდა.

იფიქრებ, რომ დაახლოებით ერთი და იგივე ხალხი მოქმედებდა მიტინგის დაშლაში, ის ხალხი, რომელიც 26 მაისსაც მოქმედებდა და არ არის გამორიცხული, რომ 2007 წლის ოქტომბერშიც. ძალიან საინტერესო იყო ამ თვალსაზრისით მიხეილ სააკაშვილის განცხადება, რომ პირდაპირი კონტაქტი აქვს რაზმის უფროსთან.

„საერთოდ, ბევრი ისეთი ნიუანსია, რომელიც სერიოზული განსჯის საშუალებას გაძლევს და გიბიძგებს იმისკენ, იფიქრო, რომ ეს იყო სერიოზული შეთქმულება, რომელშიც მონაწილეობდნენ არა მხოლოდ ოპოზიციის წარმომადგენლები.

„თუ ხალხის მასას სათავეში ორგანიზებული ჯგუფი არ უდგას, ძალიან რთულია მასის მართვა. აქ ეტყობოდა, რომ ორგანიზებული ჯგუფი ედგა, თუნდაც ის ტაქტიკური ნახაზი, პოლიციელების სათითაოდ გამოყვანა და მშვიდობიანად გაშვება. როდესაც ვეღარ მართეს ეს პროცესი, მერე დაიწყო პოლიციელების ცემა.

„საერთოდ, უნდა იცოდეს ადამიანმა ერთი რამ - როდესაც ოპოზიცური პარტიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ჩვენ რა ვქნათ, ხალხი იყო გაბრაზებულიო, მაშინ, თუ რაიმეს მართვის თავი არ გაქვს, ხალხს არ უნდა დაუძახო აქციაზე და არ უნდა შეატოვო პოლიციას.

„მათ ხელისუფლება პროვოკაციაზე გამოიწვიეს და ხელისუფლების გაუთვლელი ტაქტიკის გამო, ამის გაკეთება მოახერხეს. საბოლოო ჯამში ძალიან კმაყოფილები არიან იმით, რომ ეს შედგა.

„არაერთხელ მინახავს, რომ მომიტინგეთა ერთი ნაწილი, რომელიც პოლიტიკური ელიტით არის დაკომპლექტებული, ცდილობს გამოიწვიოს ხელისუფლება ექსცესზე და მერე მთელი მსოფლიო შეყაროს. ანალოგიური მოხდა გუშინ.

„დარწმუნებული ვარ, რომ დღეს დაგეგმილ აქციაზე ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელი ისეთივე გამწვავებას მოინდომებენ, როგორიც გუშინ იყო", - განაცხადა არეშიძემ „რეზონანსთან" საუბარში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×