დღეს აქციაზე სასულიერო პირები მივლენ და ცოცხალი ჯაჭვით აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის ჩადგებიან. „რეზონანსთან“ მამა შალვა კეკელიამ აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა და განაცხადა, რომ ამ აქციაში მონაწილეობას ისიც მიიღებს. სასულიერო პირები შეეცდებიან, რომ მოქალაქეებსა და პოლიციას შორის დაძაბულობა და კონფლიქტი მათი დახმარებით თავიდან აიცილონ.
მამა შალვა ღამით განვითარებულ მოვლენებსაც აფასებს, სადაც ასევე უშუალოდ მონაწილეობდა. ის აკრიტიკებს როგორც აქციის მონაწილეების ქცევას, ასევე პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებას. მამაო ამბობს, რომ რამდენიმე საათის განმავლობაში პოლიცია აქციის მონაწილეების მხრიდან შეურაცხყოფას და დამცირებას ითმენდა. მისი თქმით, დაუშვებელია, რომ პოლიციაზე ხელი აღვმართოთ და მისი მოთმინება ამ დონემდე გამოვცადოთ. სასულიერო პირი ამბობს, რომ აქციის დაწყების თანავე ოპოზიციის ლიდერებმა მოქალაქეები მიატოვეს და ქუჩაში საცემლად გაწირეს.
„რა თქმა უნდა, სასულიერო პირები ცოცხალი ჯაჭვით მოქალაქეებსა და აქციის მონაწილეებს შორის ჩავდგებით. მე პირადად ასეთი აქციების დროს ყოველთვის ვცდილობ, რომ შუამავლის როლი შევასრულო და როგორც 7 ნოემბერს, 26 მაისს, ახლაც ასე დავდგები.
„წუხელ განვითარებული მოვლენები კი ორივე მხარის პასუხისმგებლობის საკითხია. ჯერ ის ადამიანები უნდა დაისაჯონ და სათანადო პასუხი აგონ, ვინც რუსი დეპუტატების საქართველოში ჩამოყვანა და შემდეგ პარალმენტში სპიკერის საკმზე დაჯდომა დაუშვეს.
„ასევე პასუხი უნდა აგონ იმ ოპოზიციის ლიდერებმა, რომლებმაც ხალხი და პოლიცია ერთმანეთს მიუსია და მერე თავად დაიმალნენ. მთელი ღამე ვცდილობდი, რომ დაჭრილი და დასახიჩრებული ახალგაზრდებისთვის მეშველა. არცერთი ოპოზიციის ლიდერი ქუჩაში არ დამინახია. როგორც კი დარბევა დაიწყო, აქციის მონაწილეები მაშინვე მიატოვეს.
„ხელისუფლებასაც პასუხი მოეთხოვება, რადგანაც ამგვარი ძალის გამოყენების საჭიროება აღარ იყო და ხალხისთვის დამიზნებით სახეში არ უნდე ესროლათ. სასტიკად ვემიჯნები ისეთ განცხადებებს, რასაც ქვეყნის გადატრიალება და სადღაც შევარდნა ჰქვია. მეტი პასუხისმგებლობა მოეთხოვებათ, როგორც ოპოზიციას, ასევე სასულიერო პირებს და ხესლისუფლებას“, - აცხადებს მამა შალვა „რეზონანსთან“.
მისივე თქმით, სამარცხვინოა, როცა 7 ნოემბერს, 26 მაისს არ ახსენებ და გუშინ განვითარებულ მოვლენებს კი აკრიტიკებ. მამა შალვა მეუფე პეტრეს აქციასთან დაკავშირებულ შეფასებებს იხსენებს და ამბობს, რომ მას არცერთი ამ აქციის დარბევა იმ დროს არ გაუპროტესტებია და ახლა ასეთი რიტორიკით საუბრის უფელბა არა აქვს.
მამაო ამბობს, რომ სწორედ მეუფე პეტრე იყო ის პირი, რომელიც პატრიარქს 26 მაისის დარბევის მეორე დღეს აღლუმზე წასვლას ურჩევდა. მამაო ყველას გონიერებისკენ მოუხმობს და მოსახლეობას ურჩევს, რომ თავი არავის გამოაყენებინონ და ოპოზიციის უპასუხისმგებლო ლიდერების მოწოდებებს არ აჰყვენ. მისი თქმით ასეთი აქციების დროს, ყოველთვის ხალხი იჭყლიტება და პოლიტიკოსების ვიწრო მიზნების გამოსაყენებელ ობიექტებად არ უნდა ვიქცეთ. მამაო მოსახლეობას მხოლოდ მშვიდობიანი აქციისკენ მოუწოდებს და პროტესტის კონსტიტუციურ ჩარჩოებში გამოხატვას ურჩევს.