ტატა შოშიაშვილი
21.06.2019

 „სანქციები უნდა დააწესონ ივანიშვილის წინააღმდეგ. ეს არის ყველაზე ეფექტური გზა მისი მართვისთვის. არის საერთაშორისო მექანიზმი, რომლის თანახმადაც შესაძლოა, რომ გაიყინოს ანგარიშები, რომელიც აქვს ამა თუ იმ პირს", - ასე განმარტა „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, სალომე სამადაშვილმა წამოყენებული ინიციატივა, რომლის თანახმადაც ბიძინა ივანიშვილის „დასასჯელად" მისთვის სანქციების დაწესებას მოითხოვენ.

„რეზონანსთან" საუბრისას სამადაშვილმა განაცხადა, რომ საერთაშორისო დონეზე მიმართავს სხვადასხვა სახელმწიფოებს, ექნება ინტერვიუები, სადაც განმარტავს ქვეყანაში შექმნილ ვითარებას და მოითხოვს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას:

„რა თქმა უნდა, სანქციები უნდა დააწესონ ივანიშვილის წინააღმდეგ. ეს არის ყველაზე ეფექტური გზა მისი მართვისთვის. მე ინიციატივა კი არ დავაყენე, ვთქვი, რომ თუ ივანიშვილი, მას შემდეგ რაც გუშინ დაერია მისი სპეცნაზი საქართველოს მოქალაქეებს, აპირებს, რომ ასე გააგრძელოს და აპირებს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები დააკავოს, თავზე ხელი აიღოს - დასავლეთის რეაქცია იქნება ძალიან მკაცრი. ეს რეაქცია იქნება პირადად ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მიმართული და არ შემოიფარგლება განცხადებებით.

„მე ახლა პარლამენტის შენობაში ვარ, მუდმივ რეჟიმში ვარ ხაზზე საერთაშორისო თანამეგობრობასთან. დღეს ევროპის სხვადასხვა ტელევიზიებში მექნება ჩართვა და მსოფლიო ინფორმირებულია იმაზე, რაც დღეს ხდება საქართველოში. ცოცხალ რეჟიმში ვუგზავნი ყველა საელჩოს და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს სურათებს იმისას, თუ რა ხდება საქართველოს პარლამენტში", - ამბობს სამადაშვილი.

მისივე თქმით, სანქციები იქნება ფინანსური და არა არის გამორიცხული, რომ ბიძინა ივანიშვილის ქონების დაყადაღებაც მოითხოვონ:

„ამაზე პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილს პირადად დაეკისრება. ჩვენ შესაბამისი საერთაშორისო კავშირები გვაქვს როგორც ევროპის ქვეყნებში, ასევე აშშ-ში. მუდმივათ ვაწვდით მათ ინფორმაციას და, რა თქმა უნდა, თუ ჩვენ დავინახავთ, რომ სხვა გამოსავალი ჩვენს ქვეყანაში აღარ არის, დემოკრატიის გადასარჩენად მოვითხოვთ კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების შემუშავებას.

„როდესაც საფრთხეს უქმნის დემოკრატიას და საფრთხეს უქმნის ადამიანის უფლებებს ესა თუ ის კონკრეტული ადამიანი თავისი საქმიანობით, მის წინააღმდეგ შესაბამისი სანქციების დაწესდება და ამის შესაძლებლობა არსებობს. ასეთი სანქციები პუტინის მთელი რიგირ გარემოცვისთვისარსებობს და თუ საჭირო იქნება ბიძინა ივანიშვილის შემატებაზეც დავიწყებთ კონსულტაციებს.

„დიახ, ასეთი სანქციები (ქონების დაყადაღება) გამოიყენება. არის საერთაშორისო მექანიზმი, რომლის თანახმადაც შესაძლოა, რომ გაიყინოს ანგარიშები, რომელიც აქვს ამა თუ იმ პირს. მე ვფიქრობ, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის ეს ძალიან სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×