„ქართული ოცნება" იძულებული გახდა საზოგადოების დიდი პროტესტისა და სამართალდამცველების მიერ დარბეული აქციის შემდეგ გაბრაზებული ხალხისთვის პატარა მსხვერპლი შეეწირა - პოლიტსაბჭოში რამდენიმე საათიანი მსჯელობის შემდეგ პარლამენტის სპიკერობიდან გაუშვეს ირაკლი კობახიძე, როგორც ითქვა, საკუთარი ნებით წავიდა და დეპუტატის მანდატის დატოვებაზე განცხადება გააკეთა ზაქრო ქუცნაშვილმა. მამუკა მდინარაძემ დაასახელა კობახიძის სავარაუდო შემცვლელიც - უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე.
„ძალიან გვიან და ძალიან ცოტა, ამ ფაქტს ასე ეძახიან ამერიკელები", - აცხადებს პოლიტოლოგი გია ნოდია.
მისი თქმით, „ოცნებას" ხუთშაბათს საღამოს რომ მიეღო კობახიძის გადაყენებაზე გადაწყვეტილება, ამას შეიძლება რაღაც ეფექტი ჰქონოდა, მაგრამ დღეს ეს უკვე ჩანს მხოლოდ „პატარა მსხვერპლშეწირვა".
„კობახიძის გადაყენება ძალიან დაგვიანებულია. „ოცნება" უკვე ისეთ ვითარებაშია, მომგებიანი სვლები მას აღარ აქვს. „ოცნება", როგორც პოლიტიკური ორგანიზაცია, დასრულდა. რამდენ ხანს შეინარჩუნებს ძალაუფლებას, ეს ცალკე თემაა, მაგრამ მას პოლიტიკური კაპიტალი და მორალური უფლება საზოგადოებას რაღაცებზე ელაპარაკოს, უბრალოდ აღარ აქვს," - ამბობს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე.
ოპოზიცია აცხადებს, რომ ხალხის პროტესტმა პირველი შედეგი გამოიღო, თუმცა „ქართულ ოცნებას" უნდა, კობახიძეს შეახოცოს ეს ყველაფერი და ეს საკმარისი არ არის. ყველა სხვა მოთხოვნა, რომელიც ხუთშაბათს ღამით აქციის მონაწილეებს ჰქონდათ, უნდა შესრულდეს, მათ შორის არის შს მინისტრი გიორგი გახარიას გადაყენება და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა.
ოპოზიციის დიდი ნაწილი კობახიძის გადაყენების შემდეგ საგანგებოდ ისევ შეიკრიბა და მათ მოთხოვნებს დაემატა კიდევ ერთი - უკანონო დაკავებებზე სს გამოძიების დაწყება და ყველა ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე აქციების შეწყვეტას არ აპირებენ. აქცია კი დაანონსებულია ისევ 19 საათზე, ისევ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ.
განცხადება გაავრცელა არასამთავრობო სექტორმაც, სადაც მოთხოვნილია შს მინისტრის გადადგომა საპროტესტო აქციის დაშლისას არაპროპორციული ძალის გამოყენების გამო.
მთელი ეს კრიზისი დაიწყო იმ ფაქტით, რომ ხუთშაბათს დილით პარლამენტის მთავარ დარბაზში მართლმადიდებელი დეპუტატების საერთაშირისო ასამბლეის სესია ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატმა, კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა ჩაატარა და ანტიქართულად განწყობილი და აფხაზეთის ომში მონაწილე რუსი დეპუტატი აღმოჩნდა სპიკერის სავარძელში. ამ ყველაფერს მოჰყვა დიდი პროტესტიც, ოპოზიციაშიც, საზოგადოებაშიც და შემდეგ „ოცნებაშიც".
ოპოზიციამ და არასამთავრობი სექტორმა მოითხოვეს, რომ პარლამენტის შენობაში რუსი ოკუპანტების მიწვევის გამო პასუხისმგებლობა აეღო პარლამენტის თავმჯდომარეს და ირაკლი კობახიძე გადამდგარიყო.
შემდეგ ღამის 19 საათიდან გაიმართა დიდი აქცია რუსთაველის გამზირზე, სადაც უკვე კობახიძის გადადგომის მოთხოვნას დაემატა შს მინისტრი გიორგი გახარიასა და სუს-ის ხელმძღვანელის ვახტან გომელაურის გათავისუფლების მოთხოვნაც. პლუს, ოპოზიციამ ასევე მოითხოვა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე 2020 წლის არჩევნებისთვის გადასვლაც.
ამ დიდი პროტესტის დაწყებისას ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ოპოზიციის მოთხოვნაზე, რომ უნდა გადადგეს, სერიოზულად არ მიიჩნევს. გიორგი გახარიამ კი განაცხადა, რომ „გადადგება მაშინ, როცა საჭირო იქნება".
გვიან ღამით აქციაზე სიტუაცია გამწვავდა. აქციის დაშლის შედეგი ასეთია: 240-მდე ადამიანია დაშავებული, მათგან 80 პოლიციელია. რამდენიმე ადამიანმა თვალი დაკარგა რეზინის ტყვიების შედეგად. 305 მომიტინგეა დაჭერილი. მათ ადმინისტრაციულ პატიმრობებს უფარდებენ.
შექმნილი სიტუაციის გამო დილით „ოცნების" ოფისში გაიმართა რამდენიმე საათიანი პოლიტსაბჭოს სხდომა და სხდომის დასრულების შემდეგ პარტიის გენმდივანმა კახა კალაძემ გამოაცხადა, რომ პასუხისმგებლობა აიღო ირაკლი კობახიძემ და საკუთარი სურვილით ტოვებს პარლამენტის თავმჯდომარეობას. მისი თქმით, ეს არ არის ოპოზიციის მოთხოვნაზე პასუხი, ეს არის საზოგადოებასთან ანგარიშვალდებულების მაღალი სტანდარტის კიდევ ერთი გამოხატულება. ამის შემდეგ ზაქრო ქუცნაშვილმა თქვა, რომ თავადაც ტოვებს დეპუტატის მანდატს.
რა იქნება შემდეგ - იქნება თუ არა საკმარისი პროტესტის მუხტის შესამცირებლად კობახიძის გაშვება?
ანალიტიკოსების თქმით, კობახიძის შეწირვა ახლა სიტუაციას ვერ განმუხტავს, ეს ნაბიჯი დაგვიანებულია.
პოლიტოლოგი გია ნოდიას თქმით, „კობახიძის გაშვება დღეს უკვე ჩანს, როგორც პატარა მსხვერპლშეწირვა - პაიკი, ან შეიძლება ცხენი შესწირეს საზოგადოებას, რომ პარტია მთლიანად არ წააგონ".
„უფრო კონკრეტულად, მე ვიტყოდი, რომ კობახიძე თავისი ქუცნაშვილით იმიტომ გასწირეს, რომ არ გაათავისუფლონ გახარია, რომელიც გაცილებით უფრო ღირებულია ივანიშვილისთვის და მეორე - იმიტომ, რომ არ დაუშვან უფრო სერიოზული დათმობა, რაც იქნებოდა პროპორციულ სისტემაზე გადასვლა უახლოეს საპარლამენტოს არჩევნებში.
„არ მგონია, რომ ამ პატარა მსხვერპლთშეწირვამ შედეგი მოიტანოს. თან, უკვე გამოაცხადეს, რომ კობახიძეს შეცვლის თალაკვაძე, რაც ნიშნავს, რომ წმინდა სიმბოლური ცვლილებაა, არაფერი ამით არ იცვლება. ასე რომ, ვინც აპროტესტებს და მზად არის პროტესტის გასაგრძელებლად, შეიძლება პირიქით, მადა უფრო გაეღვიძოს.
„გაწირავს თუ არა „ოცნება" კიდევ ვინმეს, ეს მთლიანად არის დამოკიდებული პროტესტის მობილიზაციაზე. კობახიძე გადააყენეს მხოლოდ ხალხის პროტესტის საპასუხოდ. ჩათვალეს, რომ გუშინდელი ამბისთვის საკმარისი შესწირონ კობახიძე და ქუცნაშვილი, მაგრამ თუ დაინახავენ, რომ მეტია საჭირო, მერე ალბათ გადავლენ გახარიაზეც.
„ჯერ რევოლუციური სცენარის დიდი მზაობას ვერ ვხედავ, თუმცა გუშინ ეს ნაწილობრივ დავინახეთ. ამ სიტუაციის განმუხტვისთვის ყველაზე რეალური ნაბიჯი იქნება პროპორციულ სისტემაზე გადასვლა. ეს სიტუაციას განმუხტავდა," - ამბობს ნოდია.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე თვლის, რომ ხუთშაბათს სხვა რეალობა იყო, დღეს - სხვა და ამიტომ კობახიძისა და ქუცნაშვილის წასვლა აბსოლუტურად არაფერს არ ცვლის.
„დღეს უკვე პრობლემა არის არა ის, რომ გავრილოვი აღმოჩნდა ვიღაცის სავარძელში, არამედ ის, რომ 250 ადამიანი არის საავადმყოფოში და 305 - პოლიციაში დაკითხვებზე.
„დღეს საზოგადოებას გვაინტერესებს რამდენად სწორად იყო გამოყენებული ძალა - ეს ძალა გამოყენებული იყო იმისათვის, რომ დაეშალათ მიტინგი, თუ ოპოზიციის მხრიდან პროვოკაციული განცხადებები გამოიყენა ხელისუფლებამ იმისთვის, რომ აქცია დაერბიათ. დღეს ეს პრობლემა დგას, რომელიც გახარიას უკავშირდება.
„ამიტომ კობახიძის გადადგომა ამას ვეღარ უშველის. არ გამოიწვევს საზოგადოების პროტესტის ჩაცხრობას. არც გახარიას გადადგომა გამოიწვევს სტაბილურობას, რადგან ოპოზიცია ითხოვს უკვე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას.
„თუ ხელისუფლება მზადაა, რომ წავიდეს ამ დათმობებზე, მაშინ დროზე უნდა გააკეთოს. თუ არ არის ამაზე წამსვლელი, მაშინ სხვა გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს, მაგრამ მაშინ რა პასუხს მიიღებს საზოგადოებიდან, ესეც უნდა გაანალიზოს. მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილი ნომერ პირველ ანალიტიკოსად თვლის თავს, ანალიზში სულ ცდება," - ამბობს ძაბირაძე.