წელს საქართველოს ტურისტებისთვის "უსაფრთხო ქვეყნის" სტატუსის შენარჩუნება გაუჭირდება. მიმდინარე პროცესები და ბოლო დროის მუდმივი დაძაბულობა ტურიზმს დააზარალებს. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ რუსი დამსვენებლებლების რაოდენობა შემცირდება, თუმცა ქვეყანაში ჩამოსვლისგან ევროპელი ტურისტებიც თავს შეიკავებენ. ექსპერტები ფიქრობენ, რომ მოსალოდნელია ჯავშნების გაუქმებაც, რაზეც გავლენას "თბილისი პრაიდის" ჩატარება და ამ მოვლენისთვის დამახასიათებელი დაძაბულობაც მოახდენს.
რუსეთის მთავრობამ საკუთარ მოქალაქეებს უკვე მოუწოდა, რომ
საქართველოში მოგზაურობისგან თავი უნდა შეიკავონ, ვიდრე სიტუაცია არ დასტაბილურდება. ამის შესახებ საერთაშორისო საკითხებში რუსეთის ფედერაციის საბჭოს კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ვლადიმირ ჯაბაროვმა განაცხადა.
"რუსი ტურისტების ადგილზე, თავს შევიკავებდი თბილისში ჩასვლისგან, იმის მიუხედავად, რომ საქართველო ბოლო წლების განმავლობაში რუსეთის მოქალაქეებისთვის სამოგზაუროდ ერთ-ერთი საყვარელი ადგილი გახდა. რატომ უნდა გარისკონ? დაველოდოთ როდის დაარეგულირებს ვითარებას საქართველოს ხელისუფლება", - განაცხადა ჯაბაროვმა.
რუსი პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ უახლოეს დღეებში თბილისში დაძაბულობა გამორიცხული არ არის. მდგომარეობის უმოკლეს პერიოდში დარეგულირებას არც საქართველოში ვარაუდობენ. მით უმეტეს, რომ მალე შეიძლება "თბილისი პრაიდი" ჩატარდეს, რაც ასევე დაძაბულობის მომასწავებელია.
კულტურული ტურიზმის ექსპერტი და სპეციალისტი
ნიკა კვარაცხელია, ფიქრობს, რომ წელს ტურისტების რაოდენობა შემცირდება. რუსი დამსვენებლების ნაწილი შეიძლება არ ჩამოვიდეს საქართველოში, თუმცა უფრო მეტად ევროპული ტურები შემცირდება.
"ტურისტისთვის აუცილებელი პირობაა, რომ სამოგზაური ქვეყანა იყოს უსაფრთხო და მშვიდი. ცხადია, საინტერესო უნდა იყოს იგი ფასის მიხედვით და მომსახურების დონითაც გამოირჩეოდეს. ამ მხრივ უცხოელი ვიზიტორებისთვის საქართველო მეტ-ნაკლებად საინტერესო ქვეყანაა. ამას ტურისტების გაზრდილი რაოდენობაც მოწმობს, თუმცა შეიძლება ტენდენცია შეიცვალოს. რუსეთის მთავრობის განცხადება ტურიზმზე გარკვეულ დონეზე აისახება, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ სეზონი ჩავარდება. ჩვენ არ ვცხოვრობთ კომუნისტურ ეპოქაში, როცა ხალხს საგზურებს ჩუქნიდნენ და დასვენების ადგილებს ურჩევდნენ, ახლა ყველა საკუთარი ფულით დადის და თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, სად იმოგზაუროს.
რუსები შარშანაც მოუწოდებდნენ საკუთარ მოქალაქეებს, არ გამგზავრებულიყვნენ თურქეთში, მაგრამ იქაურობას ეს დიდად არ დასტყობია. რუსები მაინც წავიდნენ თურქეთში დასასვენებლად, ვის როგორც ეხერხებოდა, დაისვენა. მიუხედავად ამისა, საქართველოში რუსების წინააღმდეგ პროპაგანდა თუ გაძლიერდება, რა თქმა უნდა, ეს რუსებს შეაშინებს. ჩვენთვის რუსი ტურისტები არ არიან ურიგო, განსაკუთრებით როცა წერენ პოზიტიურ პოსტებს საქართველოს შესახებ, მოსწონთ ჩვენი ქვეყანა, საკვები და დასვენების პირობები, ეს აშკარად იგრძნობა.
ცუდი ფაქტი მოხდა, რაც არა მარტო რუსებს, უფრო მეტად სხვა ქვეყნების ტურისტებს დააფრთხობს, განსაკუთრებით ევროპელებს, რომლებიც თავს ადვილად არ იგდებენ საფრთხეში. საქართველოში მიმდიანრე მოვლენებთან დაკავშირებით პირველი შეტყობინებები თუკი მიიღეს, ჯავშნებს გააუქმებენ, ეს მოსალოდნელია. თუკი ვინმეს საქართველოში არსებული მდგომარეობა შეაშინებს, რუსებზე მეტად ევროპელები აღმოჩნდებიან", - განუცხადა "რეზონანსს" ნიკა კვარაცხელიამ და დასძინა, რომ პრობლემა ნაკლებად შეეხება კულტურულ ტურებს, რადგან უფრო მეტად არის მოწესრიგებული და სპონტანურ გადაწყვეტილებებს არ ემყარება.
"მოგზაურობისას ადამიანს ნებისმიერი საფრთხე აშინებს. საქართველოს დღეს იცნობენ, როგორც უსაფრთხო ქვეყანას, მაგრამ ჩვენ სამყაროს საწინააღმდეგოს ვუმტკიცებთ. საბედნიეროდ, აქციებზე არც ერთი ტურისტი არ დაშავებულა, არ მგონია, სპეციალურად მისულიყო ვინმე, კარგია, რომ შეძლეს ამ მოვლენებისთვისგან გარიდება. რაც შეეხება "თბილისი პრაიდს", ევროპელებს ეს დიდად არ უკვირთ, მაგრამ ისინი სხვა საზოგადოებას წარმოადგენენ. ყველამ კარგად იცის, რა ხდება საქართველოში, ზოგადად, ქართველი კაცის დამოკიდებულება ამ მოვლენის მიმართ. საზოგადოება არ არის მზად ასეთი სიახლის მისაღებად, რაც ღონისძიების ჩამტარებლებმაც უნდა გაითვალისწინონ. რა თქმა უნდა, ტურისტულ სეზონზე ესეც უარყოფითად იმოქმედებს. პრობლემა კულტურული ტურებს ნაკლებად შეეხება, რადგან ის დიდი ხნით ადრე იგეგმება და მიზნად ისახავს ქვეყნის გაცნობა-დათვალიერებას, რის გამოც შედარებით მდგრადობით გამოირჩევა", - ამბობს კვარაცხელია.
ტურიზმის გეოინფორმაციული ცენტრში ფიქრობენ, რომ ტურისტების რაოდენობა და ამ სფეროდან მირებული შემოსავლები შემცირდება. ორგანზიაციის ხელმძღვანელი კონსტანტინე აბულაძე ვარაუდობს, რომ სულ მცირე, 20%-იანი კლებაა მოსალოდნელი.
"საქართველოში შემომსვლელთა მთელი რაოდენობიდან დაახლოებით 20% რუსეთიდანაა. ეს არ არის მცირე მაჩვენებელი, თუკი 20% მოგვაკლდება, შესაბამისად, შემოსავალიც დაახლოებით ამ მაჩვენებლით შემცირდება. ეკონომიკა და პოლიტიკა მჭიდრო კავშირშია, მიმდინარე მოვლენები ეკონომიკაზეც ნეგატიურად აისახება. სხვა ბაზრები უნდა ვეძებოთ, რომ მოსალოდნელი დანაკარგი შეივსოს, ტურიზმში მზარდი დინამიკაა და ამის მიღწევა არ უნდა გაგვიჭირდეს", - ამბობს "რეზონანსთან" აბულაძე.