ელზა პაპოშვილი
21.06.2019

 „ქართული ოცნების“ წევრი ნუკრი ქანთარია „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ იმ მოთხოვნების შესრულება, რაც აქციის მონაწილეების მიერ ჟღერდება, ნაკლებად სავარაუდოა. ქანთარია აცხადებს, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის გადადგომა მართალია დაძაბულ სიტუაციას მთლიანად ვერ განმუხტავს, მაგრამ, პოლიტიკური პასუხისმგებლობა აღებულია და მმართველმა გუნდმა მომხდარი სწორად გაანალიზა. 

ქანთარიას თქმით, პროპორციული  საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით პარლამენტში ხელმოწერები უკვე შესულია და ამაზე განხილვა დაიწყება. თავად ქანთარია ამ სისტემაზე გადასვლას ეთანხმება, თუმცა, მისი თქმით,  გუნდში არიან ადამიანები, რომლებიც  ამას  ეწინააღმდეგებიან. 

რაც შეეხება ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს, დეპუტატი ამბობს, რომ ფაქტიურად წინასაარჩევნო კამპანია დაწყებულია და ეს მოთხოვნა არასერიოზულია. სამი წელი რომ იყოს არჩევნებამდე დარჩენილი,  საუბარი კიდევ  შეიძლებოდა. 

გახარიას გადადგომას კი მმართველი გუნდის წევრი კატეგორიულად არ ეთანხმება და ამბობს, რომ მინისტრმა იმაზე მეტი შეძლო, ვიდრე ამის საშუალება ჰქონდა. 

„რა თქმა უნდა, კობახიძის გადადგომა სიტუაციას სრულად ვერ განმუხტავს, თუმცა „ოცნებამ“ და პირადად პარლამენტის თავმჯდომარემ  პასუხისმგებლობა აიღო იმაზე, რაც მოხდა. რაც შეეხება ოპოზიციის და აქციის მონაწილეების მოთხოვნას, მგონია, რომ ცოტა არარეალურია. 

„პირველი - ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე საუბარი უკვე დაგვიანებულია. 2020 წლამდე არაფერი აღარ არის დარჩენილი და სადაცაა უკვე მოვიდა. სამი წელი რომ იყოს, კიდევ შეიძლება საუბარი. 

„მეორე - პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მე პირადად ვეთანხმები. ჩემსავით გუნდში არიან ადამიანები, ვინც ამაზე ფიქრობენ. თუმცა არიან ისეთებიც, ვინც ეწინააღმდეგებიან. ვნახოთ, შემოსულია ხელმოწერები და განხილვას დაველოდოთ. 

„მესამე - გახარიას გადაყენებას კატეგორიულად არ ვეთანხმები და გუნდშიც ასე ფიქრობენ. პოლიციელებმა გუშინ მაქსიმალური თმენის ვალდებულება აჩვენეს. გუნდი წინააღმდეგი ვიყავით, რომ პოლიცია საერთოდ კიბეებიდან გატოკებულიყო, მაგრამ გახარია იძულებეული გახდა, რომ უკვე პოლიციელების უსაფრთხოებაც კი დაეცვა. იგი მაქსიმალურად ეცადა, რომ უმძიმეს სიტუაციაში ყველაზე მარტივად გამოვსულიყავით. ეს იყო უპასუხისმგებლო ოპოზიციის ლიდერების მოწოდება, რომელმაც ამ მდგომარეობამდე მიგვიყვანა“, - აცხადებს ნუკრი ქანთარია „რეზონანსთან“. 

რაც შეეხება არჩილ თალაკვაძის პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევას, რაზეც გუნდში გარკვეული აზრთასხვადასხვაობა გაჩნდა, ნუკრი ქანთარია  ამბობს, რომ მან პირადად თალაკვაძეს მხარი დაუჭირა და ყველა იმ დეპუტატმა, ვინც დღეს გუნდის შეკრებაზე იმყოფებოდა. თუმცა ხვალ და ზეგაც მოხდება შეხვედრა და საბოლოოდ იქ გადაწყდება. 

ქანთარია ამბობს, რომ დიდი ალბათობით თალაკვაძე  თავმჯდომარე  გახდება და ის რაიმე ცვლილებას არ მოელის. თუმცა ამბობს, რომ მოვლენების განვითარებას დაველოდოთ და ვინ არის წინააღმდეგი ან თანახმა, საბოლოოდ ამ დღეებში გამოჩნდება.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×