ტატა შოშიაშვილი
21.06.2019

 „ძალიან ბევრი რამ დამოკიდებულია წუთიერ მომენტზე. არ მგონია, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს ორი მიზეზის გამო: არც ისე დიდი სხვაობაა ვადამდელსა და დანიშნულ არჩევნებს შორის და თუკი ემოციური მხარე არ იქნება ხელისუფლებისთვის სასარგებლო და მისთვის რისკის შემცველი აღმოჩნდება, ხელისუფლება არ წავა ამაზე და ეცდება, რომ დაელოდოს 2020 წელს", - ასე შეაფასა პოლიტიკურმა ექსპერტმა, რამაზ საყვარელიძემ ოპოზიციის მოთხოვნა, რომელიც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება ითხოვს.

„რეზონანსთან" საუბრისას რამაზ საყვარელიძემ განაცხადა, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ოპოზიცია ითხოვს იმიტომ, რომ ამჟამად გამძაფრებულია საზოგადოებაში ემოციური ფონი და ეცდებიან, რომ ეს გამოიყენონ.

„თუ ხელისუფლება დათანხმდა (ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს), ეს ნიშნავს იმას, რომ ვიღაცამ დაითანხმა. ვიღაცის ძალისხმევით დადგა ეს შედეგი და ვინც ამ შემთხვევაში იქნება გამარჯვებული, იგი მიიღებს უფრო მეტ ხმას.

„სააკაშვილი 2003 წელს იყო რევოლუციის ძირითადი ფიგურა, 2004 წელს კი შევიდა პარლამეტში და, თუ შეიძლება ითქვას, ყველა გაისტუმრა სხლებში. 2004 წელს მან ჩაატარა არჩევნები და გამარჯვებული იყო ხმათა დიდი რაოდენობით. ეს არჩევნები რომ ჩატარებულიყო, დავუშვათ, უფრო ადრე, ვიდრე ის შევიდოდა პარლამენტში, რა თქმა უნდა, ასეთ შედეგს ვერ მიიღებდა, რადგან ფაქტობრივმა გამარჯვებამ გახადა იგი მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის უფრო მნიშვნელოვანი, მიმზიდველი და ა.შ.

„ჩვენ გვინახავს არაერთი არჩევნები 2012 წლიდან და გვინახავს სოციოლოგიური კვლევები. მეორე ელემენტს იმიტომ ვახსენებ, რომ არჩევნებზე ითქმება, რომ გაყალბდა და ა.შ. სოციოლოგიურ გამოკვლევაში კი ეს გაყალბებები, პრაქტიკულად, გამორიცხულია. ამ ორივე კომპონენტში „ქართული ოცნებას" ხან დიდი სხვაობით, ხან მცირეთი, მაგრამ ყოველთვის მეტი უპირატესობა ჰქონდა. ეს ხდება იმიტომ, რომ მოსახლეობას არ დავიწყებია ბევრი მოვლენა „ნაციონალური მოძრაობის" მართვის პერიოდიდან.

„ძალიან ბევრი რამ დამოკიდებულია წუთიერ მომენტზე. ამიტომ ახლაც სავარაუდოა, რომ უპირატესობა მიეცემა „ქართულ ოცნებას". თუმცა, როგორც ვთქვი, ბევრი რამ არის დამოკიდებული წუთიერ მომენტზე. ამიტომ არის პედალირება იმაზე, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს ახლა, რადგან, თვლიან, რომ ემოციური ტალღა „ქართული ოცნების" სასარგებლოს არაა", - ამბობს საყვარელიძე.

პოლიტოლოგის აზრით, ნაკლებადაა მოსალოდნელი ხელისუფლების მიერ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა, რადგან ხელისუფლება არ წავა რისკზე:

მეეჭვება, რომ ეს ემოციური ტალღა, რომელიც არ არის „ქართული ოცნების" სასარგებლოდ, იყოს „ნაციონალური მოძრაობის" სასარგებლოდ. სადაც გამოიკვეთა „ნაციონალური მოძრაობის" აქტიურობა, იქ ხალხი მოაკლდა მიტინგებს. დღევანდელ მიტინგზე პარტიებმა თქვეს, რომ ეს ხალხის პროტესტია და „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა თითქოს უკან დაიხიეს. ეს მოხდა იმიტომ, რომ მიხვდნენ - მათი გამოჩენა მომგებიანი არ არის.

„ასევე, წელს რომ ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, მათ გაუჭირდებათ ხმების იმ რაოდენობის მოპოვება, რომელიც გამარჯვებისთვის იქნება საჭირო. მაგრამ შეიძლება მოხდეს ისე, რომ რასაც მოაგროვებენ ახლა (ხმების რაოდენობა), უფრო მეტი იყოს, ვიდრე უემოციო, რაციონალურ ფონზე ჩატარებული არჩევნების დროს.

„ამიტომ ყველა ქვეყანა ცდილობს, რომ არჩევნები არ მოაწყოს ემოციურად გამძაფრებულ პერიოდში, რათა ადამიანები ამა თუ იმ არჩევანისკენ არ გადახაროს ემოციამ. ვადამდელი არჩვნები, ამ მხრივ, ყოველთვის ცუდია. ის უფრო ემოციებითაა ნაკარნახევი, ვიდრე რაციონალური აზროვნებით.

„არ მგონია, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს იმიტომ, რომ ჯერ ერთი, არც ისე დიდი სხვაობაა ვადამდელსა და დანიშნულ არჩევნებს შორის; მეორეც - მნიშვნელოვანია, თუ რა ემოციურ ფონად ჩამოყალიბდება დღევანდელი პროცესები. თუკი ემოციური მხარე არ იქნება ხელისუფლებისთვის სასარგებლო და მისთვის რისკის შემცველი აღმოჩნდება, ხელისუფლება არ წავა ამ რისკზე და ეცდება, რომ დაელოდოს 2020 წელს", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×