ტატა შოშიაშვილი
22.06.2019

 „არ ვიზიარებ კვირიკაშვილის პოზიციას. ბოლო ხნის, მისი პრემიერობის დროსაც არ ვიზიარებდი კვირიკაშვილის ბევრ რამეს. რაც შეეხება გახარიას გადადგომას, მე წინააღმდეგი ვარ. უბრალოდ, „ქართულ ოცნებას" სჭირდება რეალობიდან გამომდინარე გადაწყობა. მე შევაფასე ზოგადად მოვლენები ერთი-ორი სიტყვით. შემეძლო უფრო გრძლად, მაგრამ ამ წუთში მეზარება", - ასე შეაფასა დეპუტატმა ზაზა პაპუაშვილმა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის 21 ივნისს გაკეთებული განცხადება, რომელიც გიორგი გახარიას გადაყენებასა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას მოითხოვს.

„რეზონანსთან" საუბრისას პაპუაშვილმა განაცხადა, რომ იმას, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება, სახელმწიფოებრიობასა და ქვეყნის სიყვარულთან კავშირი არ აქვს. მანვე აღნიშნა, რომ კვირიკაშვილის მოწოდება და ორი მოთხოვნა, რომელიც ყოფილმა პრემიერმა გააჟღერა, მიუღებელია:

„არ ვიზიარებ კვირიკაშვილის პოზიციას. ბოლო ხნის, მისი პრემიერობის დროსაც არ ვიზიარებდი კვირიკაშვილის ბევრ რამეს. ახლა ამ მოწოდებას საერთოდ არ ვიზიარებ.

„რაც შეეხება გახარიას გადადგომას, მე წინააღმდეგი ვარ.

„რამ განაპირობა, არ ვიცი, მე მარჩიელი არ ვარ. კვირიკაშვილს და ჯეიმს ბრაუნს რა მოუვიდა ტვინში და რა თქვა, ეგ რა ჩემი საქმეა... რა საკვირველია, არ ვეთანხმები.

„გახარიას და კვირიკაშვილს რა ურთიერთობა ჰქონდათ, მე არ ვიცი, მაგით რატომ დავინტერესდებოდი? მე შევაფასე ზოგადად მოვლენები ერთი-ორი სიტყვით, შემეძლო უფრო გრძლად, მაგრამ ამ წუთში მეზარება.

„უბრალოდ, „ქართულ ოცნებას" სჭირდება რეალობიდან გამომდინარე გადაწყობა და მოვლენების შეხედვა უფრო მეტად, კანონის აღსრულება და მოვლენებისთვის ზუსტი სახელების დარქმევა. იმას, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება, სახელმწიფოებრიობასა და ქვეყნის სიყვარულთან კავშირი არ აქვს. ძალიან ბევრი გამოცდილი ხალხი ვართ და ასე იოლად პოლიტიკოსებს არ მიჰყავთ მიტინგები, ახალგაზრდებს მიჰყავთ - ასე თავს ვერ მოვიტყუებთ", - ამბობს პაპუაშვილი.

მისივე თქმით, აქციები, რომელიც 20 ივნისს დაიწყო, ქვეყნის საერთაშორისო იმიჯზე ცუდად მოქმედებს და აქციის ადეკვატურობაში დარწმუნდება მაშინ, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის" ქმედებების კრიტიკას მოისმენს:

„როდესაც გამოდიან მიტინგზე, ძალიან კარგი იქნება თუ მეტი სიმკაცრით გააკრიტიკებენ „ნაციონალურ მოძრაობას" და იმ ხელისუფლებას, რომლის მოღვაწეობის შედეგია ის, თუ სადაა ახლა საზღვრები; რომელთა კისერზეცაა 26 მაისი და 7 ნოემბერი. რა რეალობაც არსებობს, მათი ლომის წილია ამაში. თუ ამ კრიტიკას მოვისმენ, მე დავრწმუნდები, რომ ეს არის ნამდვილად სამოქალაქო პროტესტი.

„გავრილოვია თუ ვიღაც ჯანდაბა - წავიდა, ხოლო აქ არეულობა დარჩეს და იმის ძახილი, რომ პუტინი, რუსი ოკუპანტია - ისედაც გასაგებია, ამისთვის მიტინგების მოწყობა და ამდენი ძალის ხარჯვა, მგონია, რომ არ არის სწორი.

„ახლა ამან რა გამოიწვია?! შიდა დაპირისპირება; რუსეთთან, ისედაც გართულებული ურთიერთობის, კიდევ უფრო გართულება; გარდა ამისა, საკურორტო სეზონი იწყბა, ამდენი ხალხის აპირებდა ჩამოსვლას, უსაფრთხო ქვეყნის იმიჯი გვაქვს და ამასაც დაერტყა. მერე ეკონომიკაზე იმოქმედა და ა.შ.

„ეს არ აინტერესებთ, მხოლოდ სეირი! ხელისუფლებას მეტი პრინციპულობა სჭირდება და გადაწყობა უნდა მოხდეს რეალურობასა და იმ ადეკვატურობაზე, რაც ქვეყანაში მიმდინარეობს ყოველგვარი პანიკისა და ისტერიის გარეშე. ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას. რაც შეეხება კვირიკაშვილის მოწოდებას, ამას არ ვიზიარებ და, ასევე, არ ვიზიარებ გახარიას გადაყენებას", - თქვა პაპუაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×