„ეს არის ყველაზე დამამცირებელი, სამარცხვინო და საზიზღარი საქციელი... ადამიანი, რომელიც ვერ იაზრებს რა არის ქრისტიანობა," - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას მამა შალვა კეკელია რუსი ეპისკოპოსის, მეუფე პიტირიმის განცხადებას, რომელმაც ქართველებს „ჭინკები" უწოდა, 20 ივნიის თბილისში გამართულ საპროტესო აქციას კი - „შაბაში".
მამა შალვას თქმით, მსგავსი განცხადება საეკლესიო პირისგან მიუღებელია.
„როდესაც იცი, რომ შენ ქვეყანას დაპყრობილი აქვს მეორე ქვეყნის ტერიტორია და მაინც ასე საუბრობ, ეს ქრისტიანობაში არანაირად არ ჯდება, მითუმტეს ასეთი სიტყვით მიმართო ერს, რომელმაც მთელი მისი არსებობის განმავლობაში ქრისტესთვის სისხლი ღვარა!
„პოლიტიკურ საკითხებზე შეიძლება შენი აზრი გქონდეს და გამოთქვა, მაგრამ გააჩნია როგორ გამოთქვამ და როგორ იტყვი ამ ყველაფერს," - განაცხადა მამა შალვა კეკელიამ.
ცნობისათვის, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის დუშანბესა და ტაჯიკეთის ეპისკოპოსი, მეუფე პიტირიმი (ტვოროგოვი) 20 ივნისს თბილისში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. საუბარია რუსეთის დუმის დეპუტატთა საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით გამოთქმულ პროტესტზე.
რუსმა ეპისკოპოსმა ქართველებს ეკლესიიდან განდევნილი ჭინკები უწოდა. მისი თქმით, დეპუტატ გავრილოვისთვის ქართველი დეპუტატის მიერ წყლის შესხმის ფაქტი არამათლმადიდებლურია:
„ჭინკები - სწორედ ისინი აწყობენ შაბაშს და იწყებენ ღმუილს, როგორც კი იწყება საუბარი იმაზე, რომ მართლმადიდებელი ერები ერთიანნი უნდა იყვნენ... სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი სერგეი გავრილოვი თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე მივიდა და „მართლმადიდებლებმა" მას წყალი შეასხეს, უსტვინეს და გამოაგდეს. ისინი ისეთივე მართლმადიდებელები არიან, როგორც რუსეთი - ოკუპანტი ქვეყანა!" - დაწერა მეუფე პიტირიმმა თავის „ფეისბუკ" გვერდზე.
ეს ინფორმაცია ინტერნეტში პირველად ცნობილმა რუსმა სასულიერო მოღვაწე, დიაკვანმა ანდრეი კურაევმა გაავრცელა საკუთარ ბლოგზე. აღსანიშნავია, რომ მეუფე პიტირიმის ზემოთხსენებული პოსტი ამ მომენტისთვის უკვე წაშლილია მისი „ფეისბუკ" გვერდიდან.