„ის ნარატივი, რაც ბოლოს გარკვეულმა ძალებმა შემოგვთავაზეს - ერთმორწმუნეობის და დასავლეთის დემონიზაციის - ამას საზოგადოებაში სერიოზული საყრდენი არ აქვს და რაც მთავარია, ეს პროტესტი პოლიტიკოსების მხრიდან კი არაა ინსპირირებული, რასაც ხელისუფლება ორი დღის წინ გვეუბნებოდა, არამედ მთლიანად საზოგადოებრივი (ახალგაზრდების) განწყობაა," - აცხადებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ბოლო ორი დღის საპროტესტო აქციების შესახებ საუბრისას.
პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან ირაკლი კობახიძის გადადგომაზე, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაზე, რომელმაც შს მინისტრის გადადგომა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება მოითხოვა და სხვა მნიშვნელოვან მოვლენებზე „რეზონანსი" ანალიტიკოსს, გია ხუხაშვილს ესაუბრა.
გია ხუხაშვილი: მთლიანობაში პოლიტიკური ელიტა, ხელისუფლება და დიდწილად ოპოზიცია არის გაკოტრებული. ახალ თაობა პატივს არ სცემს პოლიტიკურ ელიტას და ემიჯნება მას. მათ აქვთ საკუთარი შეხედულებები, პრინციპები და მზად არიან, რომ ეს პრინციპები დაიცვან.
„რეზონანსი": როგორ შეაფასებთ ირაკლი კობახიძის გადადგომას? ეს რას შეცვლის პარლამენტში, ან თავად „ოცნების" შიგნით?
გ.ხ.: თუკი კობახიძეზე ვსაუბრობთ, როგორც პოლიტიკურ ფიგურაზე, ეს არაფერს ცვლის, რადგან კობახიძე ქართულ პოლიტიკაში ყოველთვის დიდი გაუგებრობა იყო და ასეთად დარჩება. მითუმეტეს, ახლა ამ პარლამენტში კობახიძის ნაცვლად ვინც არ უნდა იყოს, ეს არაფერს შეცვლის. დღეს ჩვენ გვყავს პარლამენტი, სადაც ღილაკების ფერებს ვერ არჩევენ და რაზე ვსაუბრობთ?
გადადგომის ფაქტი მინიმუმ 24 საათით იქნა დაგვიანებული. შესაბამისად, ბუნებრივია, რომ ეს კრიზისის პრევენციად ვერ გამოდგება, რადგან იმ დრამატული ღამის ფასი შეიცვალა - გაიზარდა და ხელისუფლებას ვთხოვ, რომ ოდნავ უფრო ადეკვატური იყოს.
„რ": „ოცნების" წევრთა ნაწილი მიანიშნებს, რომ მათთვის პარლამენტის თავმჯდომარედ არჩილ თალაკვაძის არჩევა მიუღებელია.
გ.ხ.: საერთოდ არ მაინტერესებს მათთვის რა არის მისაღები და რა - არა. სახელმწიფოებრივ პრობლემებს მიხედონ. რა მნიშვნელობა აქვს პარლამენტში ვინ იქნება თავმჯდომარე? მე პირადად ენძელა მაჭავარიანს დავუჭერდი მხარს.
„რ": და რატომ ენძელა მაჭავარიანს?
გ.ხ: ადამიანურად ყველას სჯობია. პრეტენზია მაინც არ აქვს და სერიოზული სახით რაღაცეებს მაინც არ ამტკიცებს.
„რ": თალაკვაძის კანდიდატურას რომ დავუბრუნდეთ; რამდენად შესაძლებელია ამას „ოცნებაში" შიდა დაპირისპირება მოყვეს?
გ.ხ.: თალაკვაძეზე ვერც კარგს ვიტყვი და ვერც ცუდს. სასამართლოში მურუსიძე უვადოდ დანიშნეს და რა მნიშვნელობა აქვს ვის სად აირჩევენ? ხელისუფლება არის ღრმა კრიზისში შესული. ფაქტობრივად, ბოლო ამოსუნთქვაზეა. პრობლემა არის სისტემური და არა სახელების და გვარების.
„რ": როგო შეაფასებთ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას? მან გახარიას გადადგომა და ვადამდელი არჩევნები მოითხოვა. თქვენი აზრით, რატომ გააკეთა კვირიკაშილმა ეს განცხადება?
გ.ხ.: კვირიკაშვილმა, ფაქტობრივად, გაიმეორა ის ყველაფერი, რაც მიტინგზე უკვე მერამდენე დღეა გვესმის. მის ამ განცხადებაში ახალი არაფერი ყოფილა. მის მოთხოვნებში არის პროპორციული და ვადამდელი არჩევნები. პრემიერ-მინისტრი იყო და კომპეტენცია უნდა ჰქონდეს, რომ ეს ორი რაღაცა შეუთავსებელია.
თუ ჩვენ პროპორციულ არჩევნებზე გვინდა გადასვლა, კონსტიტუციური პროცედურა ისეთია პროპორციულის ცვლილებებისთვის, რომ ეს მომავალ გაზაფხულამდე ვერ მოესწრება და გაზაფხულიდან შემოდგომამდე სამი თვის მანძილია მხოლოდ. შესაბამისად, აზრს კარგავს ვადამდელი არჩევნების ჩატარება. რაც მან თავის მხრივ დაამატა, ან არაეალისტურია, ან მცდარია.
„რ": თქვენი აზრით, უნდა გადადგეს თუ არა გახარია?
გ.ხ.: გახარიას კიდევ აქვს მცირე შანსი, თუკი მან შეძლო საზოგადოების დარწმუნება, რომ ძალის გადამეტების ფაქტები მისი მხრიდან დაშვებული არ იყო. როგორ უნდა დაარწმუნოს? - უნდა დასაჯოს კონკრეტული ადამიანები. ძალას გადაამეტეს სრულიად აშკარად, რისიც უამრავი ვიდეო კადრი არსებობს.
თუკი მხოლოდ რიტორიკით შემოფარგლა, ბუნდოვან მოკვლევებზე გვესაუბრა ამ მხრივ და ნაბიჯები არ გადადგა, ბუნებრივა, მას მოუწევს პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება.
მან უნდა იმოქმედოს ძალიან სწრაფად. თუ არ გააკეთებს ამას, მაშინ, ბუნებრივია, მასვე შეექმნება ძალიან დიდი პრობლემა.
„რ": როგორ ფიქრობთ, უნდა აღიძრას თუ არა საქმე ოპოზიციის იმ ლიდერებზე, ვინც 20 ივნისს ხალხს პარლამენტში შევსლისკენ მოუწოდებდა?
გ.ხ.: საქმე შეიძლება აღიძრას, თუმცა ეს ყველაფერი არის პოლიტიკური პროცესის ნაწილი. თუ ჩვენ მართლმსაჯულებაზე ვლაპარაკობთ, ორივე მხრიდან უნდა მოხდეს ეს - ვინც დანაშაული ჩაიდინა და არა ის, რომ ჩემიანს არ ვსჯი და მხოლოდ სხვისას დავსჯი, - ეს სამართლიონობის გაცდის ფორმირებას ქვეყანაში არ უწყობს ხელს.
თუ ვინმემ რამე დანაშაული ჩაიდინა, უნდა დაისაჯოს. რა მნიშვნელობა აქვს ის ოპოზიციაშია თუ ხელისუფლებაში? თუ არსებობს შესაბამისი კვალიფიკაცია, ეს უნდა მოხდეს. ყველა უნდა დაისაჯოს შესაბამისად.