ტატა შოშიაშვილი
22.06.2019

 რუს ტურისტებს საქართველოდან დროზე ადრე წასვლა არ უნდათ, ხოლო მათ კი, ვინც რუსეთდან საქართველოში საცხოვრებლადაა ჩამოსული, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განკარგულება საქართველოს მიმართულებით ფრენების აკრძალვის შესახებ სისულელედ მიანჩნიათ.

მათი აზრით, ეს არის პოლიტიკური საკითხი, რომელიც ხალხს უზღუდავს არჩევანის თავისუფლებას და რეალურად, მოსაბეზრებელი გახდა ყველაფერ ამის თმენა, რადგან საქართველოში რუსი ერის მიმართ არანარი აგრესია არ იგრძნობა, ხოლო საქართველოს კურორტულ ზონებზე კი დასვენების საშუალებას არავინ უზღუდავს რუსებს. ამის შესახებ რუსული გამოცემა „ერ-ბე-კა" იუწყება საქართველოს ტერიტორიაზე დასასვენებლად ან საცხოვრებლად ჩამოსული რუსების გამოკითხვის საფუძველზე.

ჟურნალისტი-ფრილანსერი მარიამ, რომელსაც „ერ-ბე-კა" დაუკავშირდა და რომელიც საქართველოში ცხოვრობს, აცხადებს, რომ რუსეთში დაბრუნება არ უნდა:

„გააზრებულად ჩამოვედი თბილისში საცხოვრებლად. აქ მაქვს პირადი ცხოვრება, ბინა, მეგობართა წრე და ჩემი კატაც აქ მყავს. მოსკოვში საცხოვრებლად დაბრუნება არ მინდა. 2 ივლისს საქმეზე უნდა ჩავფრენილიყავი მოსკოვში ერთი კვირით, რის შემდეგაც უნდა დავბრუნებულიყავი. ახლა როგორ გავაკეთებ ამას, არ ვიცი. გამომიშვებენ თუ არა რუსეთიდან საქართველოში, არ მაქვს ამ კითხვაზე პასუხი", -ამბობს მარია.

კიდევ ერთი რუსი ჟურნალისტი მარია, „ერ-ბე-კა"-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ საქართველოში საზოგადოება რუსული პოლიტიკის წინააღმდეგ გამოდის, ხოლო ხალხს არავინ ერჩის:

„არცერთხელ არ შევხვედრილვარ რუსოფობიას პირადად ჩემს მიმართ. პლაკატები ცნობილი ფორმულირებებით - დიახ, მაგრამ ეს არის პოლიტიკის მიმართ პრეტენზია და არა ერის მიმართ. ის, რაც ახლა თბილისში ხდება, აბსურდულ სიზმარს ჰგავს, რომელიც უკვე ნანახი გვაქვს. პროტესტი სამართლიანია, ხოლო ორივე ხელისუფლების რეაქცია კი კითხვებს აჩენს", - ამბობს მარია.

ლინგვისტი ვერა აცხადებს, რომ თითქმის ყველა საქართველოში რუსების მიმართ კეთილგანწყობასა და სტუმართმოყვარეობას იჩენს:

„მიუხედავად მათი რადიკალური შეხედულებებისა, ისინი (საქართველოს მოქალაქეები) გაგებითა და სტუმართმოყვარეობით გვხვდებიან და არ ახდენენ ჩვენს ასოცირებას რუსეთის ხელისუფლებასთან. მე არ მინდა წასვლა და არანაირი „ევაკუაცია" არ მჭირდება, რადგან ამ ქვეყანაში არაფერი არ მემუქრება", - ამბობს „ერ-ბე-კა"-სთან საუბრისას ვერა

ტურისტი მარია მინჩევა განმარტავს, რომ რუსი ტურისტები აგრძელებენ საქართველოში ჩამოსვლას, რადგან კურორტულ ზონებში არანაირი დემონსტრაციები და აქციები არ იმართება და სიმშვიდეა:

„მე ბათუმში ვარ და აქ ბევრი რუსი ტურისტია. ყველაფერი მშვიდადაა. რუსებს აქ არაფერი ემუქრებათ. ის, რომ ფრენებს კრძალავენ, ჩემი აზრით, სისულელეა, რადგან რუსეთში არ არის ადგილი, სადაც დასვენებაა შესაძლებელი, ხოლო საშუალო სტატისტიკური რუსისთვის საქართველოში დასვენება კარგი ვარიანტია. ჩვენები მაინც ჩამოვლენ, მაგრამ ბელარუსიდან, თურქეთიდან და სხვა ტერიოტორიებიდან მოუწევთ ჩამოსვლა", - თქვა მინჩევმა.

ტურისტი ოლგა რიაზანცევა ამბობს, რომ ყველა კეთილგანწყობილია რუსი ტურისტების მიმართ და ეროვნული ნიშნით მათ არავინ ავიწროვებს:

„ახლა ურეკში ვარ. რუსების მიმართ ყველა სუპერ-კეთილგანწყობილია, არანაირი პრობლემა არ არსებობს, ნაციონალური ნიშნით არანარი პრობლემა არ წარმოქმნილა. ზეგ თბილისში მივდივარ, ძლაიან მიყვარს ეს ქალაქი. როგორც მივხვდი, აქ რუსებისმიმართ არანაირი პრეტენზია არ არსებობს. ეს მათი შიდა პრობლემაა, მთავრობის გადაყენება უნდათ", - აღნიშნა ოლგამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×