ელზა პაპოშვილი
22.06.2019

 „თბილისი პრაიდი“ დროებით გადაიდო. ამის შესახებ ინფორმაცია მისმა ორგანიზატორებმა გაავრცელეს. როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, „თბილისი პრაიდის“ გადადების მიზეზი რუსთაველის გამზირზე განვითარებული პროცესები გახდა. ორგანიზატორები აცხადებენ, რომ მარში, რომლის დრო და მარშრუტი მედიისთვისაც კი გასაიდუმლოებული იქნება, შესაძლოა საერთოდ შსს-სთან შეთანხმების გარეშე ჩაატარონ.

„თბილისი პრაიდის“ პრესსამსახურის წარმომადგენელი გოჩა გაბიძე „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ შსს-თან 18 ივნისის შემდეგ მათ კომუნიკაცია აღარ ჰქონით. თუმცა, რა თქმა უნდა, გადადების ერთ-ერთი მიზეზი უსაფრთხოების საკითხიც არის. გაბიძე  ამბობს, რომ „ღირსების მარშის“ საერთოდ გაუქმება არ მოხდება და ისინი ამ ღონისძიებას რამდენიმე დღეში გამართავენ. 

თუმცა, სად და როდის გაიმართება ეს აქცია, „თბილისი პრაიდის“ წევრები კვლავ არ ახმაურებენ. მათი თქმით, ეს იქნება ისევ გასაიდუმლოებული ღონისძიება, რომლის შესახებაც ინფორმაცია მხოლოდ იმ ადამაინებს მიეწოდებათ, ვინც ამ ღონისძიებაზე უნდა დასწრებოდა. ასევე უცნობია, მოხდება თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ღონისძიების დღესთან დაკავშირებით შეთანხმება. „თბილისი პრაიდის“ წვერებმა არ იციან შეხვდებიან თუ არა უწყების წარმომადგენლებს. თუმცა არ გამორიცხავნ, რომ მათთნ შეხვედრის გარეშეც „ღირსების მარში“ ჩატარდეს. 

„თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, რომ ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების გამო, „ღირსების მარში“ გადადებულიყო. ეს არის მხოლოდ რამდენიმე დღით გადადება. კონკრეტულად ვერ გეტყვით, სამი თუ ოთხი. ამაზე მოხდება შიგნით დალაპარაკება და თავად გადავწყვეტთ.

„კონკრეტული რიცხვის და ადგილის შესახებ იმ ადამიანებს ეცნობებათ, ვინც დარეგისტრირებულები იყვნენ და კვლავ დარეგისტრირდებიან. მედიისთვის გასაიდუმლოებული იქნება და „ღირსების მარშის“ შესახებ ვიდეოს და ფოტოებს თავად დავდებთ. რაც შეეხება შსს-სთან შეხვედრას ან რაიმე უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებულ საუბარს, 18 ივნისის შემდეგ აღარ ყოფილა. როგორც ვიცი, არც იგეგმება. ვნახოთ, ზუსტად ვერაფერს ვიტყვი. თუმცა მარშის გაუქმებას არ ვაპირებთ, მაგრამ უსაფრთხოების საკითხსაც გავითვალისწინებთ“, - აცხადებს გაბიძე „რეზონანსთან“.   

აქციის ორგანიზატორებმა ასევე განცხადება გაავრცელეს, სადაც ვკითხულობთ: 

„რუსთაველის გამზირზე განვითარებული პროცესებისა და არსებული დაძაბული პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, „თბილისი პრაიდის“ გუნდმა გადავწყვიტეთ, რამდენიმე დღით გადავდოთ კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი „ღირსების მარში“. მსვლელობაში მონაწილეთა რეგისტრაცია გრძელდება და ღონისძიების ახალ თარიღს რეგისტრირებულ ადამიანებს ვითარების განმუხტვის შემდეგ გავაცნობთ.

„შეგახსენებთ, რომ „თბილისი პრაიდის“ გუნდი გასული რვა თვის განმავლობაში ემზადებოდა კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების უსაფრთხოდ და პროფესიონალურად ორგანიზებისთვის. „თბილისი პრაიდი“ წარმატებით დაიწყო და კვირეულის ფარგლებში აქამდე დაგეგმილი ყველა ღონისძიება ექსცესების გარეშე დასრულდა. თუმცა, შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაში ვერ მივცემთ ჩვენ თავს უფლებას, ხელი შევუწყოთ ქვეყანაში დაძაბულობის კიდევ უფრო ესკალირებას. არ მივცემთ პრორუსულ, ნეოფაშისტურ ჯგუფებს შესაძლებლობას შეასუსტონ საქართველოს სახელმწიფოებრიობა. ჩვენ ვიჩენთ მაღალ სამოქალაქო პასუხისმგებლობას და ვმოქმედებთ მხოლოდ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე“, – ნათქვამია განცხადებაში.

რამდენიმე საელჩო და არასამთავრობო ორგანიზაცია „ღირსების მარშის“ გადადების თაობაზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ არსებული ვითარებისა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების გათვალისწინებით, ლგბტი+ თემის გადაწყვეტილება გამართლებული და დასაფასებელია.

„მივესალმებით „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორების გადაწყვეტილებას 2019 წლის 22 ივნისს დაგეგმილი „ღირსების მარშის“ გადადების თაობაზე. მიუხედავად იმისა, რომ ამ სახის მშვიდობიან დემონსტრაციებში მონაწილეობა გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების ფუნდამენტურ უფლებას წარმოადგენს, მიგვაჩნია, რომ არსებული ვითარებისა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების გათვალისწინებით, ლგბტი+ თემის გადაწყვეტილება გამართლებული და დასაფასებელია.

„ამავდროულად კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მიერ 2019 წლის 17 მაისს გავრცელებულ განცხადებას, რომელმაც მოუწოდა პასუხისმგებელ მხარეებს შეთანხმებულად გამოეყენებინათ მათ ხელში არსებული ყველა ბერკეტი დისკრიმინაციისა და ძალადობის აღმოსაფხვრელად, რასაც ლგბტ+ თემი განიცდის. 

„მივესალმებით თემსა და მთავრობას შორის თემის პრიორიტეტული საჭიროებების გამოვლენისა და გადაწყვეტის მიზნით გასული კვირების მანძილზე გამართულ კონსულტაციებს. გვჯერა, რომ მრავალფეროვნების პატივისცემა ხელს უწყობს დემოკრატიის გაძლიერებასა და მდგრადი საზოგადოების ჩამოყალიბებას“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ: გაერო საქართველოში, ევროკავშირის წარმომადგენლობა, ავსტრიის საელჩო, აშშ საელჩო, გაერთიანებული სამეფოს საელჩო, გერმანიის საელჩო, ნიდერლანდების სამეფოს საელჩო, საფრანგეთის საელჩო და შვედეთის საელჩო საქართველოში. 

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე კი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორების გადაწყვეტილება სწორი და მისასალმებელია. მისი თქმით, რა თქმა უნდა, იმ ფონზე, რაც ახლა რუსთაველის გამზირზე ხდება, მათი უსაფრთხოების საკითხი კიდევ უფრო გართულებულია. ჩიტაძე ამბობს, რომ არსებობს რისკები და საფრთხე, რომლის გათვალისწინებაც აუცილებელი იყო. თუმცა ანალიტიკოსი იმასაც ფიქრობს, რომ „თბილისი პრაიდმა“ გასაიდუმლოებულად რომც ჩაატაროს ეს აღლუმი, ეს საზოგადოებისთვის უკვე მეორეხარისხოვანი საკითხია. ამიტომაც ორგანიზატორებს ყურდაღების მიქცევა სჭირდებათ და ეს ფაქტორიც გაითვალისწინეს. 

„ვფიქრობ, ამ „ღირსების მარშის“ გადადების რეალური ორი მიზეზი არსებობს. ერთი ის, რომ ახლა შსს-ს მათთვის არ სცალია და ლოგიკურიც არის - უფრო სერიოზული პრობლემა აქვს. მათი უსაფრთხოების დაცვის საკითხი კიდევ უფრო გართულებულია. შესაძლოა უფრო ცუდი რამ მოხდეს და ამ აურზაურში ამ ადამიანებს ვიღაცამ რამე დაუშავოს. ამიტომაც მათ გადაწყვეტილებას სრულიად ვაფასებ და გონივრულიც არის. 

„თუმცა, მეორე მიზეზად ასევე ყურადღების ფაქტორი მგონია. მათ სჭირდებათ საზოგადოების და მედიის მაქსიმალური ყურადღება, რასაც ამ მოვლენების ფონზე ვერ მიიღებენ. ამიტომაც მისი გადადება საჭირო გახდა. თანაც, როგორც ცნობილია, ამ აღლუმს თუ მარშს უცხოელი სტუმრები და დიპლომატიური კორპუსისი წარმომადგენლებიც უნდა დაესწრონ. ამიტომ უსაფრთხოების ზომები ნამდვილად გასათვალისწინებელია. პოლიციას ახლა უფრო დიდი თავისტკივილი აქვს და სანამ ეს სიტუაცია არ დალაგდება, ალბათ ჯობია, რომ მათ თავი შეიკავონ“, - აცხადებს ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან“.  

„რეზონანსი“ შეეცადა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გაერკვია, იყო თუ არა მათი რეკომენდაცია, რომ „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებს  „ღირსების მარში“ გადაედო და თუ მისი გამართვა რამდენიმე დღეში მოხდება, პოლიცია არის თუ არა მზად, რომ მათი უსაფრთხოება დაიცვას. უწყებიდან ამაზე დამატებითი ინფორმაციის მიღება ვერ მოხერხდა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×