ელზა პაპოშვილი
23.06.2019

 20-21 ივნისის ღამით რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის დაშლისას დაკავებული ადამიანების რიცხვი 305-მდეა და აქედან 72-ს თბილისის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულის ადვოკატები „რეზონანსთან“ აცხადებენ, რომ  ყველა დაკავებულის საქმის განხილვა ჯერ არ დასრულებულა. მათი თქმით, სანამ ისინი საქმეში ჩაერთვებოდნენ, მანამდე მოსამართლეები კანონის დარღვევით და ყველანაირი მტკიცებულებების გარეშე, მათ წინასწარ პატიმრობას უსჯიდნენ.

დაკავებულების უფლებების დაცვაზე უსასყიდლოდ დახმარება ხუთმა ადვოკატმა გამოთქვა. დავით გირგვლიანმა, მამუკა მახარაძემ, ირაკლი ჩომახაშვილმა, რაულ აგიკიანმა და ლაშა ცუცქირიძემ, პროცესში ჩართვის შემდეგ, ათობით ადამიანის გათავისუფლება შეძლეს. საქმეში ასევე „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ჩაერთო, რომელიც დაკავებულებების უფლებებს იცავს. სასამართლო პროცესებს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიაც ესწრებოდა. 

„სამწუხაროდ, საქმეთა განხილვა მიმდინარეობს დაჩქარებულად და დაკავებულებს არ ეძლევათ სამართლიანი სასამართლოს უფლებით და ისეთი მნიშვნელოვანი პროცედურული გარანტიებით სარგებლობა, როგორიცაა მტკიცებულებების წარდგენა, ეფექტური დაცვის უფლება, საქმის გონივრულ ვადებში განხილვა. სხდომების მიმდინარეობისას არის სმენადობის სერიოზული პრობლემა (უმეტეს შემთხვევაში გათიშულია დინამიკები), რითიც ირღვევა სხდომების საჯაროობის პრინციპი“, - ვკითხულობთ სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ძმები ირაკლი და დავით ხვადაგინები პოლიციამ 21 ივნსს, რუსთაველის გამზირზე დააკავა. დავით ხვადაგიანს სმენა აქვს დაქვეითებული ცალ ყურში. გარდა ამისა, უჭირს სიარული, რადგანაც ცალი ფეხი ხელკეტებითა და ფარის ცემისგან აქვს დაზიანებული. სახის არეში ექსკორიაციები აღენიშნება ირაკლი ხვადაგიანსაც.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი ხვადაგიანს 9-დღით პატიმრობა შეუფარდა, თუმცა, როგორც  ძმების ახლობლები ამბობენ,  მოსამართლეს გამამტყუნებელი გამოჩენის გამოსატანად არანაირი საფუძველი არ ჰქონდა, რადგანაც მოწმე პოლიციელმა ვერ გაიხსენა ირაკლი ხვადაგიანთან დაპირისპირების ფაქტი.

„ზუსტად ვერ გეტყვით, ეს იყო თუ არა. ბევრი იგინებოდა“, - განაცხადა პოლიციელმა სასამართლოზე. 

ირაკლი ხვადაგიანი 9-დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობას რუსთავის დროებითი დაკავების იზოლატორში მოიხდის.

სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ, რომ რეგიონულ იზოლატორებში დაკავებულთა გადანაწილება მიღებული პრაქტიკაა და უკავშირდება თბილისის იზოლატორის გადატვირთვას.

შს მინისტრის მოადგილის ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, შსს-მ 20-21 ივნისს რუსთაველის გამზირზე გამართული აქციისას 305 დემონსტრანტი დააკავა. მისი თქმით, თავდაპირველად აღნიშნული აქცია ატარებდა მშვიდობიან ხასიათს. მოგვიანებით კი აქციის მონაწილეთა ნაწილი ძალადობის გამოყენებით და პოლიციელებზე ჯგუფური თავდასხმით შეეცადა პარლამენტის შენობის შტურმით აღებას. შესაბამისად, აქცია გასცდა გამოხატვის თავისუფლების და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს და მიიღო აშკარად ძალადობრივი ხასიათი.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს. გამოძიება შეისწავლის თითოეულ ძალადობრივ ინციდენტს. ასევე, სამართლებრივი შეფასება მიეცემა იმ პირთა ქმედებას, რომელთა ორგანიზებით და აქტიური მონაწილეობით მშვიდობიანი აქცია ძალადობრივად გარდაიქმნა.

„ამასთანავე, იმ შემთხვევაში, თუ სამართალდამცავთა მხრიდან ადგილი ჰქონდა ცალკეულ კონკრეტულ გადაცდომებს, შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნულს შეისწავლის“, - განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ. 

ადვოკატი დავით გირგვლიანი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ის პროცესებში ჩაერთო, 16-მდე ადამიანის გათავისუფლება შეძლო. გარდა ამისა, 2 ადამიანი მოსამართლე ელენე ტოგონიძემ უკანონო პატირობაში დატოვა. გირგვლიანი აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც საქმეში ადვოკატები ჩაერთვნენ, სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილებების შეცვლა მოუწია. 

ადვოკატი ამბობს, რომ მოსამართლეები ყველა მითითებას პირნათლად ასრულებდნენ, რასაც ხელისუფლებიდან იღებდნენ. ყველა აქციაზე დაკავებულ პირს, მტკიცებულებების გარეშე პატიმრობას უსჯიდნენ, როდესაც ამ მუხლით დაკავებული ადამიანის ადმინისტრაციული ჯარიმით გათავისუფლებაც შეეძლოთ. 

„დაუსაბუთებულ პატიმრობაში უშვებდნენ ადამიანებს, რომელთა წინააღმდეგაც არანაირი მტკიცებულებები არ არსებობდა. საქმის მასალებში იდო ყალბი ოქმები და მოსამართლემ არცერთ ასეთ ადამიანზე არ დამიკმაყოფილა შუამდგომლობა, რომ დამატებით მტკიცებულებები მომეპოვებინა. 

„მჭირდებოდა დრო, რათა მედია საშუალებებიდან ამომეღო ვიდეო მტკიცებულებები, რომ დაკავებულები პოლიციას არც წინააღმდეგობას უწევდნენ და არც საზოგადოებრივ წესრიგს არ არღვევდნენ. არსებობს კადრები, სადაც პირდაპირ ამ ადამიანების დაკავების ფაქტები ჩანს, რისი საშუალებითაც შემიძლია დავამტკიცო, რომ ისინი პოლიციას არ ეწინააღმდეგებოდნენ. ასევე დაკავებულია ისეთი ადამაინები, რომლებიც უბრალოდ იმ ქუჩებზე ცხოვრობენ და სახლში მიდიოდნენ.

ერთი ისეთია კიდევ დაკავებული, რომელიც პირიქით, დაშავებულ პოლიციელებს და მოქალაქეებს ეხმარებოდა. როდესაც მოსამართლე ელენე ტოგონიძემ დაინახა, რომ ჩვენ მსგავსი ვიდეო მტკიცებულებების მოპოვება და ჩვენება შეგვეძლო, ამის შემდეგ კი იძულებეული გახდა, რომ ტაქტიკა შეეცვალა. 

„მე პირადად 16-ამდე ადამიანი პატიმრობას გადავარჩინე. დანარჩენმა ადვოკატებმაც ათობით ადამიანი ციხეს გადაარჩინა“, - აცხადებს დავით გირგვლიანი „რეზონანსთან“.  

მისივე თქმით, ზოგი პროცესი მოსამართლემ დაკავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე  გადადო, რადგანაც მათ დაზიანებები აქვთ მიღებული. მისი რამდენიმე დაცვის ქვეშ მყოფი ადამიანები საკმაოდ ნაცემები არიან და მათ სასამართლოზე დასწრებაც კი არ შეუძლიათ. 

ადვოკატი ამბობს, რომ მოწმეებად პოლიციელები გამოდიან, რომლებიც ბუნდოვან და ერთი და იმავე აბსურდულ ჩვენებებს აძლევენ. ასევე დაწერილ ოქმებში იდენტური ტექსტი წერია - რომ ყველა დაკავებული პოლიციას ერთი და იგივე სახის  შეურაცხყოფას აყენებდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრო ადმინისტრაციულ პატიმრობას ითხოვდა ყველაზე და ვერაფრით ასაბუთებდა ჯარიმა რატომ არ შეიძლებოდა. უწყება ცდილობდა, რომ ამ ადამიანების დაკავებით ისინი აქციაზე აღარ მისულიყვნენ და მათთვის თავისუფალი აზრის გამოხატვაში ხელი შეეშალათ. ასევე ზეგავლენა მოეხდინათ აქციის სხვა მონაწილეებზე. 

„ეს ადამიანები 161-ე და 173-ე მუხლებით არიან დაკავებულები, რომელიც ჯარიმასაც ითვალისწინებს - პოლიციის წინააღმდეგობის გაწევა, პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობა და საზოგადოების წესრიგის დარღვევა. ყველანაირად ვეცდებით, რაც ჩვენ ხელთ იქნება შესაძლებელი, რომ ეს ახალგაზრდები სწრაფად გათავისუფლდნენ“, - აცხადებს ადვოკატი „რეზონანსთან“. 

„ქართული ოცნების“ წევრი ნუკრი ქანთარია კი „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ ყველა ადამიანზე, ვინც დაკავებულია, კონკრეტული ვიდეო კადრები არსებობს და პოლიციას ისინი ტყუილუბრალოდ არ დაუკავებია. მისი აზრით, დაკავებულებს აქვთ ადვოკატის აყვანის უფლება და მათ დახმარებით შეუძლიათ, რომ სიმართლე დაამტკიცონ. 

ჩვენს კითხვაზე, რამდენად გამართლებულია მხოლოდ პოლიციელების ჩვენებებზე დარყრდნობით 72 ადამიანს წინასწარი პატიმრობა შეუფარდონ, ქანთარია მაინც აცხადებს, რომ ყველა ამ ადამიანის წინააღმდეგ დარწმუნებულია, რომ კონკრეტული მტკიცებულებები არსებობს.  

„ყველამ ძალიან კარგად ვიხილეთ, როგორ ხორციელდებოდა პოლიციაზე შტურმი. არ ვიცი კონკრეტული ფაქტები და შემთხვევები, თუმცა, რაც დავინახე, იქ კარგად ჩანდა, რომ პოლიციელებზე ფიზიკურად ძალადობდნენ. 

შტურმის სამი ტალღა ვიხილეთ და დაშავებული პოლიციელებიც კარგად ჩანდნენ. რა თქმა უნდა, მხოლოდ პოლიციელების ჩვენებებზე დაყრდნობით არ მისცემდნენ ამ ხალხს წაინასწარ პატიმრობას. კადრები იქნება და იქ ჩანს ვინ რას და როგორ აკეთებდა. სასმართლო სრულიად თავისუფალია და მოსამართლეები გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად იღებენ. ამიტომ იქ ტყუილად არავის ჩასვამენ“,-აცხადებს „რეზონანსთან“ ქანთარია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×