„მხოლოდ ახალგაზრდების პროტესტი შეიძლება არ აღმოჩნდეს საკმარისი მიზნის მისაღწევად. საჭიროა მთელი საზოგადოების, მათ შორის პოლიტიკური პარტიების მონაწილეობაც ამ პოცესში", - ასე ეხმაურება კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე „რეზონანსთან" საუბრისას თბილისში პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას.
შეგახსენებთ, რომ 20 ივნისის სისხლიანი ღამის შემდეგ, საპროტესტო აქციის ახალგაზღდა მონაწილეებმა გადაწყვიტეს გამოსვლებში პოლიტიკოსები აღარ ჩაერთოთ, რადგან სიტუაცია ისევ არ დაძაბულიყო.უკვე 21 ივნისის აქციაზე მათ სიტყვით გამოსვლის უფლება არ მისცეს „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერ გრიგოლ ვაშაძეს, ხოლო აქციაზე მყოფ „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერ გიგი უგულავას ბოთლები ესროლეს.
ვახტანგ ხმალაძისვე თქმით, საპროტესტო აქციაზე ახალგაზრდების მოქმედება სპონტანურად დაიწყო, ისინი არ წარმოადგენენ რაიმე ორგანიზაციულ სტრუქტურას და ასეთ შემთხვევაში პროცესის მართვა რთულია.
„ჩვენი დღევანდელი ხელისუფლებისაგან სწორი გადაწყვეტილებების მიღების იმედი მე პირადად ნაკლებად მაქვს, გამომდინარე მისი წარსული მოქმედებებიდან. რასაკვირველია, ამას დასჭირდება დიდი ძალისხმევა და არა მხოლოდ ახალგაზრდების მოქმედება და მათი ეს მოთხოვნები, არამედ მთელი საზოგადოების მოთხოვნა, მათ შორის რასაკვირველია პოლიტიკური პარტიებისაც, რადგან განსხვავებით ახალგაზრდებისაგან, რომელთა მოქმედება დაიწყო, ასე ვთქვათ, სპონტანურად, ეს შეკრებილი ხალხი არ წარმოადგენს რაიმე ორგანიზაციულ სტრუქტურას, ამიტომ პროცესის მართვა არის რთული და არ არის გამორიცხული არასწორი მოქმედებებიც იყოს.
„რასაკვირველია, ასეთ შემთხვევებში პოლიტიკურ პარტიებს აქვთ პროცესის მართვის მეტი შესაძლებლობა, როგორც საკმაოდ ორგანიზებულ სტრუქტურებს. ოღონდ ეს მოქმედებები, როგორც პროტესტანტი ახალგაზრდებისა, ასევე პოლიტიკური პარტიებისა, უნდა იყოს შეთანხმებული და უნდა ემსახურებოდეს ერთ მიზანს. მაშინ შედეგის მიღწევის ალბათობა იქნება უფრო მაღალი", - აცხადებს ხმალაძე.
მისივე აზრით, შს მინისტრის პასუხისმგებლობა აშკარად იკვეთება, რადგან აქციაზე არაპროპორციული ძალა იყო გამოყენებული.
„ძნელი სათქმელია ამ შემთხვევაში ახალგაზრდები მიაღწევენ ამითი მიზანს თუ ვერა, იმიტომ, რომ საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებულია ხელისუფლებაზე. დღეს ხელისუფლება ხელში აქვს „ქართულ ოცნებას". ანუ, ეს დამოკიდებულია მათ გადაწყვეტილებაზე.
„მოთხოვნა სავსებით საფუძვლიანია, რადგან, ჩემი აზრით, აშკარად იკვეთება შს მინისტრის პასუხისმგებლობა. ნებისმიერ შემთხვევაში, იყო თუ არა მის მიერ გაცემული ბრძანება რეზინის ტყვიების გამოყენების თაობაზე, ამას მნიშვნელობა არ აქვს გამომდინარე იქიდან, რომ აშკარად არაპროპორციული ძალა იყო გამოყენებული და არანაირი აუცილებლობა არ არსებობდა ამ მძიმე სპეციალური საშუალებების გამოყენებისა, ისეთი მძიმე, როგორიც არის რეზინის ტყვიები; და შემდგომ გამართლება იმისა, რომ ეს იყო კანონის ფარგლებში, ეს მხოლოდ იწვევს მინიმუმ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას და პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეს გახლავთ მისი თანამდებობიდან გადადგომა, ან გადაყენება", - ამბობს ხმალაძე „რეზონასთან" საუბარში.