„კვირიკაშვილი ხდავს, რომ დღეს არსებული მდგომარეობით „ოცნების“ პოზიციები შესუსტა და ვიღაცის გასაგონად აკეთებს განცხადებებს, რომ „მეც მაქვს ჩემი ადგილი“. ასე წავიკითხე მისი განცხადებები“, - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის მიერ ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით გაკეთებულ მკვეთრ განცხადებებს, სადაც მან შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა მოითხოვა.
„კვირიკაშვილი ხედავს, რომ „ოცნების“ პოზიციები შესუსტდა და მიიჩნევს, რომ შექმნილ სიტუაციაში აქვს შანსი მხარი დაუჭიროს და გააძლიეროს თავისი ხალხის პოზიციები, რომლებიც ხელისუფლებაში და პარალმენტში დატოვა და ახლა გაფანტულები არიან, არ იციან საით წავიდნენ. მისი განცხადებები არის ვიღაცის გასაგონად გაკეთებული, რომ „მეც მაქვს ჩემი ადგილიო“, - ასე წავიკითხე მისი განცხადებები.
„რაც შეეხება გახარიას მისამართით გაკეთებულ მკვეთრ განცხადებებს, მასში არ ჩანს განსაკუთრებული მიუღებლობა გახარიასი. კვირიკაშვილი თავის პოზიციების გაძლიერებას ცდილობს ამ ამღვრეულ წყალში. პირადად ჩემი, პაატა ზაქარეიშვილის პოზიცია გახარიას მიმართ არის ის, რომ იგი „ქართული ოცნებისთვის“ სერიოზული მონაპოვარია და საჭიროა მისი დაცვა და არა გარიყვა, მაგრამ თუ მისი წასვლით სიტუაცია დაბალანსდება, რადგან საზოგადოება ძალიან აჭრილია, მათი მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.
„თუმცა, იმასაც ვიტყვი, რომ გახარიას გადაგომის მოთხოვნასთან დაკავშირებით ძალიან დიდი დრო და ენერგია იკარგება, ხალხი იღლება. ჩემთვის მთავარია არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით და ეს მოთხოვნა იყოს დაკმაყოფილებული“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.